ბაიდენი ამბობს, რომ ამერიკის ერთგულება ნატოსადმი ურყევია

ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც ვილნიუსის სამიტის შემდეგ ფინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა, ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება ალიანსის მიმართ ურყევია. პრეზიდენტის თქმით, ის „ ამის აბსოლუტურ გარანტიას იძლევა“. კითხვა ჯო ბაიდენს ამის შესახებ ფინელმა ჟურნალისტმა დაუსვა.

შეერთებული შტატების ლიდერი მკაფიოდ აცხადებს, რომ ნატოს ამერიკელი ხალხის, კონგრესის დემოკრატებისა და რესპუბლიკელების აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს, „მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ერთი პარტიის ექსტრემისტული ელემენტები“.

ასევე ნახეთ: F-16-ებზე წვრთნა აგვისტოში დაიწყება - უკრაინას 11 ქვეყანა დაეხმარება

ამ შემთხვევაში ჯო ბაიდენი რესპუბლიკური პარტიის „ექსტრემისტ წევრებს“ გულისხმობს, რომლებიც ნატოს ღიად აკრიტიკებენ და ალიანსის სისუსტეებზე საუბრობენ. ამ ფონზე ანალიტიკოსების აზრით, ევროპაში კვლავ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ გარკვეული უნდობლობა, რადგან ბაიდენის წინამორბედი დონალდ ტრამპი, პრეზიდენტობის დროს ხშირად აკრიტიკებდა ალიანსს, მისი დაფინანსების წესს და ნატოს "დრომოჭმულს" უწოდებდა. ტრამპი დაიმუქრა კიდეც, რომ გერმანიიდან ჯარებს გაიყვანდა, თუ ალიანსის წევრი ქვეყნები ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებდნენ. შიშებს შეიძლება ისიც ამძაფრებდეს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი მონაწილეობის მიღებისთვის იბრძვის და რესპუბლიკურ პარტიაში სხვა კანდიდატებს შორის ლიდერობს.

„მომავლის გარანტია არავის შეუძლია, მაგრამ ეს არის საუკეთესო ფსონი, რომელიც ვინმემ შეიძლება დადოს“,- ამბობს ჯო ბაიდენი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას დემოკრატიული პარტიიდან. „მე ვამბობ დარწმუნებით, რაც შეიძლება ითქვას ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე, ჩვენ დავრჩებით ნატოსთან დაკავშირებული“,- თქვა ბაიდენმა.

ამერიკის პრეზიდენტი ჰელსინკში ფინეთის, შვედეთის, დანიის, ისლანდიისა და ნორვეგიის ლიდერებთან ერთად, სპეციალურ სამიტში იღებდა მონაწილეობას. მანამდე ჯო ბაიდენმა მონაწილეობა მიიღო ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე. ალიანსის სამიტზე ვილნიუსში ყოფნისას, ჯო ბაიდენმა გარკვევით თქვა, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ალიანსი მხოლოდ გააძლიერა.

პრეზიდენტი ბაიდენი აცხადებს, რომ ნატომ უკრაინასთან ურთიერთობები გაამყარა და შეიქმნა გზა უკრაინის ალიანში წევრობისთვის. „რადგან ის [უკრაინა] აგრძელებს პროგრესის მიღწევას აუცილებელი დემოკრატიული და უსაფრთხოების რეფორმების კუთხით. რომელიც ნატოს ყველა წევრს სჭირდება“. თუმცა ჯო ბაიდენი მკაფიოდ ამბობს, რომ სანამ უკრაინაში ომია, ქვეყანა ალიანსის წევრი ვერ გახდება.

ასევე ნახეთ: ერდოღანი: შვედეთის წევრობის რატიფიცირება შემოდგომამდე ვერ მოხერხდება

„საკითხი არ არის, ის [უკრაინა] უნდა გაწევრიანდეს, თუ არ უნდა გაწევრიანდეს, ეს არის იმაზე, თუ როდის შეძლებს ის გაწევრიანებას და შეუერთდება ნატოს“, - ამბობს ჯო ბაიდენი. ამერიკის პრეზიდენტი აქვე ამბობს, რომ პუტინმა უკრაინაში ომი „უკვე წააგო“, რადგან რუსეთის გამარჯვების შესაძლებლობა არ არსებობს.

ახალი ერა

სწორედ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დასრულების შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა ნეიტრალიტეტის შესახებ მრავალწლიანი გადაწყვეტილება შეცვალა და ნატოში გაწევრიანების ინიციატივით გამოვიდა. ფინეთი უკვე ნატოს წევრია, უახლოეს პერიოდში კი ალიანსს შვედეთიც შეუერთდება, რაც ზრდის ნატოს საზღვარს რუსეთთან, უხეშად რომ ვთქვათ ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.

ამერიკის პრეზიდენტი ფინეთის, შვედეთის, დანიის, ისლანდიისა და ნორვეგიის ლიდერებთან ერთად მკაფიოდ ამბობს, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.