თურქეთსა და არაღიარებულ „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკაში“ აფხაზი სეპარატისტების ე.წ „საგარეო მინისტრი“ ინალ არძინბას კერძო ვიზიტით იმყოფებოდა. ანკარაში არძინბა ოპოზიციური პარტია „დედა სამშობლოს“ („ვათან“) ლიდერმა დოღუ ფერინჩექმა მიიღო, რომელიც ღიად პრორუსული და პროაფხაზული პოზიციით გამოირჩევა.
ფერინჩექი თურქეთში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ერთ-ერთი მთავარი ლობისტია. მას არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების" შესახებ, ბოლოს ფერინჩექი დიდ დელეგაციასთან ერთად, ოკუპირებულ სოხუმში 2019 წელს იმყოფებოდა.
არძინბასთან შეხვედრის დროს ფერინჩექმა კვლავ გაიმეორა, რომ თურქეთმა უნდა აღიაროს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და „ეს უახლოეს მომავალში“ მოხდება. მან ასევე მნიშვნელოვანი უწოდა ურთიერთობების გაღრმავებას აფხაზეთსა და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფ, "ჩრდილოეთ კვიპროსს" შორის, რომელიც 1974 წლიდან თურქეთის ოკუპაციის ქვეშ არის.
ფერინჩექის გავლენა თურქეთის შიგნით მცირეა, ამ განცხადებას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, თურქეთის საგარეო პოლიტიკა იქმნება უშუალოდ, ერდოღანის დონეზესანდრო ბაკურაძე, თურქოლოგი
თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე გამორიცხავს რომ ახლო მომავალში, თურქეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს, რადგან, ასეთი საკითხები, „დოღუ ფერინჩექის და სხვა ლობისტების დონეზე არ წყდება“.
„თუ კი თურქეთი მართლაც გადაწყვეტს, რომ ოდესმე აფხაზეთი აღიაროს, ვფიქრობ, მოსამზადებელ ნაბიჯებს სწორედ, ჩრდილოეთ კვიპროსის ტიპის სატელიტების საშუალებით გადადგამს. მაგრამ, ამ ეტაპზე, ეს ძალიან ჰიპოთეტური სცენარია და ძალიან ადრეა ამაზე საუბარი.
იმის გათვალისწინებით, რომ დოღუ ფერინჩექის გავლენა თურქეთის შიგნით, საკმაოდ მცირეა, ამ განცხადებას გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ, თურქეთის საგარეო პოლიტიკა იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს და უშუალოდ, ერდოღანის დონეზე “ - უთხრა „ამერიკის ხმას“ სანდრო ბაკურაძემ.
დოღუ ფერინჩექის გარდა, არძინბა თურქეთში ვიზიტის დროს, ასევე შეხვდა, თურქეთის დიდი მეჯლისის ახალ დეპუტატს, აფხაზ თალიჰ ოზჯანს (ხვატიშს). საინტერესოა, რომ ოზჯანი 2007-2013 წლებში, ოკუპირებულ სოხუმში ცხოვრობდა და ე.წ „აფხაზური პარლამენტის“ „დეპუტატი“ იყო.
თურქეთის პარლამენტში ოზჯანი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან“ მოხვდა, მან 2023 წლის მაისის არჩევნები, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, დუზჯეს პრივინციაში მოიგო. ოზჯანი ახალ მეჯლისში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს და სწორედ ამ რანგში მიიღო აფხაზი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი.
„ძალიან მიხარია, რომ თურქეთში ვარ და ვხდები აფხაზურ დიასპორას. აქ ვართ, რადგან ხელი შევუწყოთ აფხაზეთში მცხოვრები აფხაზებისა და აქ მაცხოვრებელი აფხაზების ინტეგრაციას. ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალური გამოწვევების და საფრთხეების წინაშე, აფხაზეთმა, თურქეთმა და რუსეთმა მოახერხონ გაერთიანება და ძალისხმევის კოორდინირება“ - განაცხადა თურქეთში ყოფნისას, ერთ-ერთი ჩერქეზული ინტერნეტ არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ინალ არძინბამ.
გლობალური გამოწვევების და საფრთხეების წინაშე, აფხაზეთმა, თურქეთმა და რუსეთმა უნდა მოახერხონ გაერთიანებაინალ არძინბა, აფხაზი სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერი
თურქული წყაროების ცნობით, თურქეთის ახალ მეჯლისში თალიჰ ოზჯანის დაწინაურება, აფხაზეთის დამოუკიდებლობის კიდევ ერთი აქტიური მომხრის, აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლის ენგინ ოზქოჩის მხარდაჭერის შედეგია. ოზქოჩი ბოლო ოთხი მოწვევის მეჯლისის წევრი იყო 2011-2023 წლებში, საქარიის პროვინციიდან.
ბოლო წლებში და 2023 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც, ოზქოჩს მაღალი თანამდებობა ეჭირა ოპოზიციურ „სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში“, იყო პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეც.
პარტიის ლიდერის ქემალ ქილიჩდაროღლუს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ოზქოჩი თურქეთის შინაგან საქმეთა ან ინფრასტრუქტურის მინისტრი უნდა გამხდარიყო. სწორედ მინისტრის პორტფელის გამო თქვა, ოზქოჩმა პარლამენტის მანდატზე უარი და საბოლოოდ, ქილიჩდაროღლუს ერდოღანთან მარცხის შემდეგ, მეჯლისს მიღმა დარჩა. ამჟამად, ოზქოჩი პარტიაში ქილიჩდაროღლუს მთავარი მრჩეველია.
თალიჰ ოზჯანის და ენგინ ოზქოჩის გარდა, აფხაზურ ლობს თურქულ პოლიტიკაში ასევე წარმოადგენენ: დიდი მეჯლისის დეპუტატი, აფხაზი მუჰამედ ლევენთ ბულბულია „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიიდან“ და დეპუტატი უმით დიქბაირი „კარგი პარტიიდან“. მათ გარდა, ადიღურ-ჩერქეზული წარმოშობის დეპუტატებიც, რომლებიც დიდ მეჯლისში ჩრდილოეთკავკასიურ ლობს ქმნიან.
„თურქეთში ჩრდილოკავკასიური და აფხაზური ლობი, არა კონკრეტულად პარტიული, არამედ, უფრო მეტად დიასპორულ-ეთნიკური საკითხია. აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები ყველა პარტიაში არიან წარმოდგენილები, თუმცა მათი შესაძლებლობები მცირეა“ - ამბობს თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე.
თურქეთისა და აფხაზეთის კავშირები, წლებია უკვე საკმაოდ აქტიურია, როგორც ეკონომიკური, ისე სპეცსამსახურების დონეზე, უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს
მისი თქმით, „ერთადერთი, რამაც ეს სიტუაცია შეიძლება მკვეთრად შეცვალოს, სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური ძალთა ბალანსის მკვეთრი ჩამოშლაა, თურქეთის სასარგებლოდ. ამის ნიშნები, უკრაინის ომის დასრულებამდე გამოკვეთილი არ არის. რაც შეეხება, თურქეთისა და აფხაზეთის კავშირებს, ისინი წლებია უკვე საკმაოდ აქტიურია, როგორც ეკონომიკურ, ისე სპეცსამსახურების დონეზე, უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ეს არ შეიმჩნიოს“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთსა და „ჩრდილოეთ კვიპროსში“ აფხაზი სეპარატისტების ე.წ „საგარეო მინისტრის“ ვიზიტიც არ შეიმჩნია. ამასთან, ხელისუფლება აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა „ნომერ პირველ პრიორიტეტად“ რჩება.
„ჩვენი მტრებისთვისაც და მოყვარებიისთვისაც მინდა განვაცხადო, რომ დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ნომერ პირველი პრიორიტეტია არაღიარების პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ, ყველა პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას რომ დაგვეხმარონ არაღიარების პოლიტიკის განხორცილებაში“ - განაცხადა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის „საათის“ დროს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
თურქეთში, სადაც არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზი მუჰაჯირების 500 ათასი შთამომავალი ცხოვრობს, კერძო ვიზიტის ფარგლებში, ინალ არძინბამ მოინახულა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის მუსტაფა ქემალ ათათურქის მავზოლეუმი. ასევე, ოსმალეთის სულთნის მეჰმედ III-ის ხარჭისა და სულთან მუსტაფა I-ის დედის, აფხაზური წარმოშობის ჰალიმე სულთანის საფლავი, რომელიც აია-სოფიაში, მუსტაფა I-ის მავზოლეუმშია დაკრძალული.
ჩვენი მტრებისთვისაც და მოყვარებიისთვისაც მინდა განვაცხადო, რომ ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია არაღიარების პოლიტიკანიკოლოზ სამხარაძე, "ქართული ოცნება"
არძინბა ყვავილებით მივიდა, ანკარაში, რუსეთის საელჩოშიც, სადაც 2016 წელს მოკლული რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის ბიუსტი დგას. თურქეთსა და "ჩრდილოეთ კვიპროსში" ვიზიტისას არძინბას, რუსეთის სენატორი ალექსანდრე ნეკრასოვი ახლავს.
თურქული წყაროების ცნობით, სტამბულის აეროპორტში ინალ არძინბა დიდი ხნით შეაყოვნეს, ვინაიდან უკრაინა არძინბას 2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე, წითელი ცირკულარით ეძებს.
არძინბას ბრალი ედება უკრაინის სახელმწიფო საზღვრების ხელყოფის მცდელობაში, ე.წ „დონეცკის“ და „ბესარაბიის“ „რესპუბლიკების“ შექმნის გზით. იმ პერიოდში, არძინბა რუსეთის პრეზიდენტის პუტინის გუნდის წევრი იყო. საბოლოოდ, თურქეთში რუსეთის ელჩისა და თურქეთის მეჯლისის პროაფხაზი დეპუტატების ჩარევის შემდეგ, არძინბა თურქეთში მაინც შეუშვეს.