64 წლის რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, რომელიც მეზობელ თურქეთს 2003 წლიდან მართავს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლება გარანტირებულად 2023 წლამდე გაიხანგრძლივა და ძალაუფლება კიდევ უფრო გაიფართოვა.
თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა 81 პროვინციიდან 63-ში გაიმარჯვა, ჯამში 26 მილიონზე მეტი ხმა მიიღო (52,59%) და მთავარ კონკურენტს მუჰამერ ინჯეს (30,64%) თითქის 12%-ით გადაასწრო.
საპარლამენტო არჩევნებში ასევე დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა სახელისუფლებო “სამართლიანობისა და განვითარების“ და „ნაციონალისტური მოძრაობის“ პარტიების ალიანსმა (53,66%), წინასწარი ინფორმაციით, მათ დიდ კრებაში უმრავლესობა ექნებათ. ოპოზიციური ეროვნული ალიანსი („რესპუბლიკური პარტია“, „კარგი პარტია“, „ბედნიერების პარტია“ და „დემოკრატიული პარტია“) - 33,94 %-ს დასჯერდა.
„თურქმა ხალხმა ხმა მისცა ქვეყნის შემდგომ განვითარებას, მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, რათა უზრუნველყონ სამომავლო კეთილდღეობა და წარმატება“ – ასეთი სიტყვებით მიულოცა თურქ კოლეგას გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტ მარგველაშვილის შეფასებას არ ეთანხმება თურქოლოგი სანდრო ბაკურაძე, ჰეთთეფეს უნივერსიტეტის თანამედროვე თურქოლოგიის დეპარტამენტის მაგისტრს, რომელსაც „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ზაზა წულაძე ანკარაში დაუკავშირდა, მიაჩნია, რომ ამ არჩევნების შემდეგ თურქეთი ევროპას კიდევ უფრო დაშორდა.
ელოდით თუ არა ასეთ შედეგს და როგორი თურქეთი მივიღეთ კვირას გამართული არჩევნების შემდეგ?
ერდორანის გამარჯვება არ გამკვირვებია, თუმცა მაინც მქონდა მოლოდინი რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის ბრძოლას შეძლებდა, ერდოღანმა ყველა ღონე იხმარა და მეორე ტური აირიდა. რაც შეეხება კითხვას, როგორი თურქეთი მივიღეთ? ჩემი აზრით, მივიღეთ იმაზე უფრო აღმოსავლური და ევროპისგან იმაზე მეტად მოწყვეტილი თურქეთი, ვიდრე ოდესმე იყო.
ამ არჩევნების შედეგებით დადასტურდა, რომ თურქეთი მიუხედავად ათათურქის რეფორმებისა მაინც ახლო აღმოსავლური სახელმწიფოა. მართალია, თანამედროვე თურქეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობით ცხოვრობს მოსახლეობის ვესტერნიზებული ნაწილი, მაგრამ, მათი რიცხვი არ არის საკმარისი რომ თურქეთი ევროპულ ქვეყნად იქცეს.
რატომ იყო მოლოდინი რომ თურქული ოპოზიცია მეტის გაკეთებას შეძლებდა და რა არ ეყო ოპოზიციას?
ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა. პირველ რიგში, ოპოზიციის ლიდერი მუჰარემ ინჯე, რომელმაც აქამდე პასიურ და არაკომპეტენტურ "სახალხო რესპუბლიკურ პარტიას" ახალი სული შთაბერა, რაზეც წინასაარჩევნოდ ენჯეს ეფექტური გამოსვლები და ამ პარტიის ხალხმრავალი მიტინგებიც მეტყველებდა.
იმაზე ბევრად ეფექტური ლიდერი გამოდგა, ვიდრე ბევრს ეგონა, „კარგი პარტიის“ ლიდერი მერალ აქშენერიც. არჩევნების შედეგებმაც აჩვენა, რომ აქშენერმა სახელისუფლებო ალიანსში, მმართველი პარტიის პარტნიორის - "ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის" ტრადიციული ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობა (თითქმის 10%-ის) მოახერხა.
თუმცა, აქშენერის დიდი მცდელობის მიუხედავად, მმართველმა “სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ" და "ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ" ძირითადად ახალგაზრდა რელიგიური ნაციონალისტების ხმების (11,1%) ხარჯზე, ამ დაკარგული სხვაობის შევსება შეძლეს. აქშენერი მოგეხსენებათ 2017 წლამდე სწორედ "ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის" სახე იყო და ახალი პარტია სულ ერთი წლის წინ დაარსა.
ვფიქრობ, პროგნოზირებადი 50%-იანი მხარდაჭერის ფონზე, 1-2%-ზე მეტი ერდოღანმა და მისმა პარტიამ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითა და მედია გარემოს მონოპოლიზებით მიიღო, რასაც ოპოზიციამ ვერაფერი დაუპირისპირა.
ამ არჩევნებამდე, მიმომხილველები, თურქეთის ხელისუფლებას ახასიათებდნენ, როგორც ავტორიტარულს, ტოტალიტარიზმის ელემენტებით, სადაც რაღაც დონეზე პრულარისტული ტენდენციებიც იყო შენარჩუნებული, 24 ივნისი მერე საით გადაიხარა თურქეთი?
თურქეთი განსაკუთრებით გეზის პარკის მოვლენების შემდეგ დემოკრატიულ ქვეყნად ნამდვილად ვეღარ ჩაითვლება. აქაური პრულარიზმიც, ერთი შეხედვით პუტინის რუსეთის ვიზუალურ პრულარიზმს ჰგავს, თუმცა პუტინისგან განსხვავებით, ერდოღანს გარკვეულ თემებზე მაინც თვალის დახუჭვა უწევს.
მაგალითად, ერდოღანისთვის ქურთული მოძრაობის ან ქემალისტების ბოლომდე განადგურება ამ მომენტში ძალიან სარისკოა, ვინაიდან პუტინის ოპოზიციისგან განსხვავებით, ისინი ბევრად უფრო დიდი რესურსების პატრონები არიან.
აქ არის მეორე ფაქტორიც. დღევანდელ თურქეთში მთავარი ოპოზიციური "სახალხო რესპუბლიკური პარტია", არის ძალა, რომელიც ძირითადად საშუალო კლასის და განათლებული წრეების პარტიად მიიჩნევა. შესაბამისად, ამ რესურსის დაკარგა, თურქეთისთვის ძალიან მგძნობიარე იქნება და სახელმწიფო ამას ვერ გაუძლებს, თან იმის გათვალისწინებით, რომ ერდოღანის პარტიის ამომრჩეველი ძირითადად სოფლად მცხოვრები, შედარებით დაბალ განვითარებული ფენაა.
თუ ასეთი რამ მოხდა, ეს ნიშნავს რომ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური კაპიტალი ან საზღვარგარეთ გაიქცევა ან ციხეებში აღმოჩნდება. ეს არა მგონია ვინმეს უნდოდეს, ერდოღანი არ არის ისეთი არაკომპეტენტური ლიდერი რომ ასეთი რაღაცა გაბედოს.
თურქეთი და NATO. შავი ზღვის აუზში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი წამყვანი წევრია ქვეყანა, სადაც ციხეში ამწყვდევენ პოლიტიკურ ოპონენტებს, ჟურნალისტებს, მოსამართლეებს, მასწავლებლებს, დიპლომატებს.. თურქეთიდან გარბის და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს ინტელექტუალური და სამხედრო ელიტის ნაწილი..შესაძლებელია თუ არა რომ NATO თურქეთის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბოს?
არა მგონია, რადგან ევროპელი პოლიტიკოსები თურქეთთან მიმართებაში კვლავ სტერეოტიპულად აზროვნებენ და ჯერ ისევ თვლიან, რომ „ქემალისტურმა რეფორმებმა 100%-იან წარმატებას მიაღწია“, „თურქეთი მიუხედავად ერდოღანისა არის დასავლეთზე ორიეტირებული სახელმწიფო“ და „რაც არ უნდა მოხდეს თურქეთი NATO-ს ორბიტიდან არ გადაიხრება“. მიუხედავად იმისა, რომ ასე კარგად ვითარება დიდი ხანია არ არის, ჩანს, რომ ევროპელები ამ სტერეოტიპული აზროვნებიდან ჯერჯერობით ვერ გამოდიან.
ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ რეგიონში მივიღეთ, ერდოღანის 20 წლიანი მმართველობა თურქეთში, გვაქვს პუტინის 25 წლიანი ხელისუფლება რუსეთში, ალიევების 25 წლიანი - აზერბაიჯანში, სარქისიანის 11 წლიანი მმართველობა სომხეთში, რომელიც ახლახანს შეწყდა. რეგიონში საქართველოც არის, სადაც 2012 წლამდეც და ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი ცვლილების შემდეგაც, დემოკრატია სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დგას.. ხო არ არის საფრთხე რომ ე.წ „მართვადი დემოკრატია“ ავტორიტარიზმის ნიშნებით, ჩვენი ელიტების და მთლიანად რეგიონის „ტრენდად“ იქცეს?
ვფიქრობ, რომ უკვე დიდი ხანია ასეა და იმაზე საუბარი, რომ საფრთხე მომავალში ხომ არ გვემუქრება არასწორია. „მართვადი დემოკრატიის“ ნათელი მაგალითია საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მმართველობაც; თურქეთიც უკვე დიდი ხანია ამ მდგომარეობაში იმყოფება. აზერბაიჯანში და რუსეთში „მართვადი დემოკრატიაც“ არ არის, ოპოზიცია იქ მხოლოდ ვიზუალურად არსებობს.
მიმაჩნია, რომ ეს ვითარება უფრო ჩვენი ქვეყნების ისტორიული განვითარების შედეგია. თუ დასავლეთის ქვეყნებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ იქ დემოკრატია მრავალსაუკუნოვანი ევოლუციური განვითარების პროდუქტია. არც თურქეთს, არც საქართველოს და რეგიონის არცერთ სხვა ქვეყანას ეს ევოლუციური, ნაბიჯ-ნაბიჯ დემოკრატიზაციის პროცესი არ გაუვლია. ამიტომ ეს რაც ხდება სავსებით ბუნებრივია.
გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ჩვენი ქვეყნების ნელ-ნელა დემოკრატიზების საფუძველი შეიძლება გახდეს, მაგრამ საკმაოდ გრძელი და სისხლიანი დემოკრატიზაციის პროცესი იქნება. ისეთი სოციალური რევოლუცია, როგორიც დემოკრატიზებაა, ასე სწრაფად არ ხდება და როგორც წესი წლების განმავლობაში გრძელდება.
ერდოღანისა და მისი ალიანსის გამარჯვების შემდეგ, თურქული ლირა, რომელიც ბოლო თვეების მანძილზე 20%-ით გაუფასურდა, მცირედით გამყარდა. თუმცა ანალიტიკოსების მხრიდან, თურქეთის ეკონომიკაზე ისევ სკეპტიკური პროგნოზები კეთდება, რაც საქართველოს ეკონომიკისთვისაც, რომელიც მიბმულია თურქულზე, პრობლემური საკითხია. როგორია მოლოდინი ანკარაში, კრიზისი გაგრძელდება?
მიმდინარე პროცესები სწორედ ამაზე მიუთითებს, ერთის მხრივ სახელმწიფო ყიდის, მის ბალასზე შემორჩენილ ქონებას, იგივე შაქრის ქარხნებს. ხმები დადის, რომ შეიძლება ქვეყნის ფლაგმანი ავიაკომპანია „თურქული ავიახაზებიც“ გაიყიდოს. ძალიან ბევრი სახელმწიფო ობიექტი, იგივე ფოსტა-ტელეგრაფი საგანგებო მართვის ფონდს გადაეცა.
ინფლაცია ფასების მატებაზე ძალიან მტკივნეულად აისახება, წარმოიდგინეთ ხახვი უკვე 7 ლირა, თითქმის 4 ლარი ღირს. დღემდე განხილვის თემაა საზოგადოებაში, არჩევნებამდე 23 მილიარდამდე ახალი ბანკნოტის დაბეჭდვა, გარკვეულ ფენებში არის არცთუ უსაფუძვლო ეჭვი, რომ ხაზინაში ფული აღარ დარჩა და სავალუტო კრიზისის მოკლე ვადით გადაფარვა მთავრობამ ახალი ფულის მოჭრით სცადა.
იქედან გამომდინარე, რომ ერდოღანი პროგნოზირებად ლიდერი არ არის, უცხოური ინვესტიციების მატება ახლო მომავალში მოსალოდნელი ვერ იქნება. კიდევ უფრო პრობლემურია, რომ ერდოღანს უკვე შეუძლია ქვეყნის ეროვნული ბანკის მუშაობაში ჩარევა. მაისის ბოლოს ლონდონში ვიზიტისას, ერდოღანის განცხადებას რომ ცენტრალური ბანკი თურქეთის პრეზიდენტის ნებართვის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, ინვესტორებში ნამდვილი შოკის ეფექტი ჰქონდა.
მთავრობამ შემდეგ საგანგებო დელეგაციაც კი გაუშვა დიდ ბრიტანეთში, რომ ერდოღანის ამ განცხადებით გამოწვეული რეაქცია როგორმე გადაეფარათ და დამფრთხალი ინვესტორები დაემშვიდებინათ. თუმცა ნდობა ინვესტორებში დაკარგულია, უმრავლესობას არ სჯერა რომ თურქეთის ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად მოქმედებს და მის მუშაობაში ქვეყნის პრეზიდენტი და მისი მრჩევლები უხეშად არ ერევიან.
Facebook Forum