ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩაბუქის საქმე: საქართველო ანკარასა და ბრიუსელს შორის "ბალანსის ძიებაში"


მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
მუსტაფა ემრე ჩაბუქი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს

ფიზიკის მასწავლებელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც ოფიციალურმა თბილისმა 2017 წლის 24 მაისს თურქეთის მოთხოვნით დააკავა, წინასაექტრადაციო 9 თვიანი პატიმრობის ვადის ამოწურვამდე, ხუთი დღით ადრე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ჩაბუქის დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლე იძულებული გახდა ანგარიში გაეწია სახალხო დამცველის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენებისთვის, რომლებიც ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემას დაუშვებლად მიიჩნევენ. უფლებადამცველთა ნაწილი სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომას დასწრებოდა, მათ შორის იყო კანადის ყოფილი მინისტრი დევიდ კილგური.

თუ როგორი იქნება, თბილისის საქალაქო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება თურქი პროფესორის თურქეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ეს მომდევნო სხდომაზე უნდა გაირკვეს, რომლის გამართვის თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე, ახლა უკვე თავისუფალი ჩაბუქი ქართული და საერთაშორისო მედიისთვის სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც კიდევ ერთხელ დაასაბუთებს, რომ „პოლიტიკური პატიმარია და ტერორიზმთან საერთო არაფერი აქვს“. დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებულმა მუსტაფა ჩაბუქმა მის მხარდამჭერებს მადლობა ქართულ ენაზე გადაუხადა:

უბრალო მასწავლებელი ვარ, განათლება და მოსწავლეების აღზრდა ჩემი სტიქიაა, ტერორიზმთან არავითარი კავშირი არ მქონია. ფეთულა გულენს პირადად არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრივარ, არ ვუარყოფ რომ მის მოსაზრებებს ვიზიარებ. მაგრამ ეს შეუძლებელია ჩემი თურქეთში ექსტრადირების საფუძველი გახდეს"
მუსტაფა ემრე ჩაბუქი, ფიზიკის მასწავლებელი

„მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ჩემს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ახლდანდელ და წინა ომბუდსმენებს ნინო ლომჯარიასა და უჩა ნანუაშვილს, ევროპარლამენტარებს, რებეკა ჰარმს, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვისაც ჩემი სიმართლის სჯერა და გვერდით მიდგას.

უბრალო მასწავლებელი ვარ, განათლება და მოსწავლეების აღზრდა ჩემი სტიქიაა, ტერორიზმთან არავითარი კავშირი არ მქონია. ფეთულა გულენს პირადად არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრივარ. არ ვუარყოფ რომ მის მოსაზრებებს ვიზიარებ. მაგრამ ეს შეუძლებელია ჩემი დაკავებისა და თურქეთში ექსტრადირების საფუძველი გახდეს.

მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პატიმარი ვარ, საქართველოს ხელისუფლებამ უბრალოდ უარი ვერ უთხრა თურქეთს. ყველამ იცის, თურქეთში ანალოგიური ბრალდებით ათი ათასობით ადამიანია დაპატიმრებული“.

ოფიციალური ანკარა ფიზიკის მასწავლებელს, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ცხოვრობს, „ტერორიზმთან კავშირში“ ადანაშაულებს და მის გადაცემას ითხოვს. ეს ბრალდება 2016 წლის ივლისში, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ გაჩნდა, რომელზეც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მთავრობამ მთელი პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მწერალსა და მქადაგებელს ფეთულა გულენს დააკისრა.

სწორედ გულენის მოძრაობა „ჰიზმეთს“ უკავშირებენ „ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელს“, რომელიც საქართველოში ერთ უნივერსიტეტსა და რამდენი ეკერძო სკოლას ფლობს. მუსტაფა ჩაბუქი დაპატიმრებამდე ამ ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და მასწავლებელი იყო.

თურქეთის დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ 2017 წელს, აკრედიტაცია შეუჩერა რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლას ბათუმში, ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლასა და სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯს თბილისში. ამ წარმატებული სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები იძულებულნი გახდნენ სხვა სკოლები ეძებნათ.

მოსწავლეების პროტესტი ბათუმში შაჰინის სკოლის დახურვის გამო
მოსწავლეების პროტესტი ბათუმში შაჰინის სკოლის დახურვის გამო

პარალელურ რეჟიმში, ანკარა საქართველოში „ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის“ მთელი უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაციას (როგორც ეს რამდენიმე აფრიკულ და აზიურ ქვეყანაში გააკეთა) და სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ თურქეთის განათლების სამინისტროს „მაარიფის სახელმწიფო ფონდისთვის“ (Maarif Foundation) გადაცემას ცდილობს.

მუსტაფა ჩაბუქი იმ დროს დააპატიმრეს, როცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დემირელის სახელობის სკოლის დამფუძნებლებმა: გერმანიაში მცხოვრებმა თურქეთის მოქალაქეებმა ჯიჰან აქინმა, იუსუფ ალთაშმა, აიჰან არსლანმა და რესულ დიქმენმა საქართველოში ბიზნესის გადარჩენის მიზნით, საკუთარი წილების ამერიკულ კომპანია „მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისზე“ გადაფორმება დაიწყეს. ყველა მათგანის მინდობილი პირი და პარტნიორთა კრების თავმჯდომარე სწორედ მუსტაფა ემრე ჩაბუქი იყო.

საექსტარადაციო პატიმრობის შეფარდების შემდეგ, ჩაბუქმა დაცვა საქართველოს სთხოვა და ლტოლვილის სტატუსი მოითხოვნა, თუმცა იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ სტატუსის მინიჭებზე უარი განაცხადა.

ბრალდებულმა ეს გადაწყვეტილება ჯერ თბილისის საქალაქო, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ორჯერვე დამარცხდა. ეს იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების შეფასებით, ექსტრადირების შემთხვევაში, ჩაბუქს თურქეთის ციხეში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელის.

ევროპარლამენტარი ქლერ მუდი თბილისში მუსტაფა ჩაბუქის შვილებთან ერთად
ევროპარლამენტარი ქლერ მუდი თბილისში მუსტაფა ჩაბუქის შვილებთან ერთად

როგორ მოიქცევა თურქი პროფესორის დაცვის მხარე, თუ თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქი ისეც ციხეში შეაბრუნა და შემდეგ თურქეთს გადასცა? ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი ამბობს:

„იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ექსტრადირებას დასაშვებად მიიჩნევს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, პარალელურად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მივმართავთ ექსტრადირების შეჩერების მიზნით“
იოსებ ბარათაშვილი, მუსტაფა ჩაბუქის ადვოკატი

„იმ შემთხვევაში თუ თბილისის სამოქალაქო სასამართლო ჩემი კლიენტის ექსტრადირებას დასაშვებად მიიჩნევს, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ, პარალელურად კი უფლება გვაქვს მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში - დროებითი ღონისძიების ანუ ექსტრადირების შეჩერების გამოყენების მიზნით.“

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სპეციალურად მუსტაფა ჩაბუქის მხარდასაჭერად თბილისში იმყოფებოდნენ ევროპარლამენტარები ქლერ მუდი და რებეკა ჰარმსი, რომელმაც ბრძანა, რომ ჩაბუქისთვის წაყენებულ არცერთ ბრალდებას არ ენდობა და მისი თურქეთისთვის გადაცემა საქართველოს სირცხილი იქნება.

"ჩაბუქის მსხვერპლშეწირვა არაა აუცილებელი პირობა თურქეთთან კარგი ურთიერთობებისთვის“ - ხაზი გაუსვა გერმანელმა პოლიტიკოსმა, რომელიც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეც არის.

ჰარმსმა ჩაბუქი გლდანის ციხეში მოინახულა და სხვა უფლებადამცველებთან ერთად, უდიდესი როლი ითამაშა იმაში, რომ საქართველოს პროკურატურამ თავად მოითხოვა თურქი პროფესორისთვის წინასაექსტრადიციო პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდება და სასამართლომ ეს მოთხოვნა გაიზიარა. დღეს რებეკა ჰარმსი მუსტაფა ჩაბუქს გათავისუფლებისთანავე ტელეფონით ესაუბრა.

ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მუსტაფა ჩაბუქის მეუღლესთან ერთად თბილისში
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მუსტაფა ჩაბუქის მეუღლესთან ერთად თბილისში

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარაია მიიჩნევს, რომ „ჩაბუქის საქმეში თურქეთის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დიპლომატიური გარანტიები არ უნდა იქნას გაზიარებული. რადგან, ისინი არ პასუხობს საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დადგენილ სამართლებრივ მოთხოვნებს". შესაბამისად, "ჩაბუქის ექსტრადიცია ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ეროვნულ კანონმდებლობას“.

ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელი საქართველოში
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი
სკოლა-ლიცეუმი სხივი, თბილისი
ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისი
შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავი
დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, მარნეული

აკრედიტაცია შეუჩერდათ (2016-17)
ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი
რაფაედინ შაჰინის-ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ბათუმი
სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, თბილისი

Facebook Forum

XS
SM
MD
LG