ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბასი: ჩვენი თანამშრომლის დაკავება ეჭვებს აღძრავს


ამერიკის ელჩი თურქეთში, ჯონ ბასი
ამერიკის ელჩი თურქეთში, ჯონ ბასი

თურქეთი ამერიკისგან მოითხოვს გააუქმოს ვიზების გაცემაზე შეზღუდვა, რომელიც ვაშინგტონმა თურქეთს საელჩოს ადგილობრივი თანამშრომლის დაკავების გამო დაუწესა. თურქეთმა სტამბოლში ამერიკის საკონსულოს თანამშრომელი დააკავა ფეთულა გულენთან კავშირის ბრალდებით. ამ უკანასკნელს თურქეთი გასული წლის გადატრიალების ორკესტრირებაში დებს ბრალს. ამერიკის საპასუხოდ თურქეთმა, ამერიკელებისთვის თურქეთის ვიზების გაცემა შეაჩერა.

ჯონ ბასი, ამერიკის ელჩი ანკარაში, აცხადებს, რომ მიუხედავად მცდელობისა, ამერიკის საელჩო ვერ ახერხეს ინფორმაციის მიღებას თუ რა სამხილი არსებობს მათი დაკავებული თანამშრომლის წინააღმდეგ.

„გასულ კვირას, მეორედ ამ წელს, ჩვენი დიპლომატიური მისიის თურქი თანამშრომელი დაკავებული იქნა თურქი სამართალდამცავების მიერ. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, რომ გაგვერკვია ამ დაკავების მიზეზები, ჩვენ ვერ დავადგინეთ, თუ რა სამხილი, თუ საერთოდ არსებობს რაიმე, არსებობს ჩვენი თანამშრომლის წინააღდეგ. საელჩოს თანამშრომელი მუშაობდა თურქ სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც ამერიკელი და თურქი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო“, - ამბობს ბასი ამერიკის ელჩი თურქეთში. „დამატებით, ჩვენს კოლეგას არ მიეცა საკმარისი წვდომა თავის ადვოკატთან. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ზოგიერთმა თურქმა ოფიციალურმა პირმა გაურკვეულ მედია გამოცემებს ინფორმაცია მიაწოდა ბრალდებებზე მის წინააღმდეგ, თუმცა მისთვის და მისი ადვოკატისთვის ეს ბრალდებები არ გაუცნიათ“, - აღნიშნა მან.

ბასის განმარტებით ამერიკის გადაწყვეტილება ვიზების არა აკრძალვას, არამედ ახალი აპლიკაციების მიღების დროებით შეჩერებას გულისხმობს სანამ არ გაირკვევა მოტივები თურქი სამართალდამცავების ქმედებების მიღმა. მისი თქმით, დაკავება ეჭვებს აღძრავს იმის თაობაზე, თუ ვინც ცდილობს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესებას და ამერიკის საელჩოს პერსონალს რისკის ქვეშ აქცევს.

დენვერის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორის, ჯონათან ადელმანის განცხადებით, ეს ორ ქვეყანას შორის გაუარესებული ურთიერთობების კიდევ ერთი მაგალითია, რომლის დაღმასვლაც, მისი თქმით, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიერ სეკულარული პრინციპების უგულვებელყოფას მოჰყვა.

„ერდოღანი რეჟიმსა და ქვეყანას სეკულარიზმის პრინციპებს აშორებს და ისლამისკენ, რადიკალური ისლამისკენ მიჰყავს, და მხარს უჭერს ახლო აღმოსავლეთში იმ ჯგუფებს, რომლებიც ამერიკის მიმართ მტრულად არიან განწყობილო. ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ ვეყრდნობოდით თურქეთს როგორც ნატოს სამხრეთ საზღვარზე მოკავშირეს. თუმცა თურქეთი შორდება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანისკენ და სხვა ქვეყნებისკენ იხრება“, - ამბობს ადელმანი. „ბევრი ადამიანი ეჭვის ქვეშ აყენებს იმას ნამდვილად იყო თუ არა გადატრიალების მცდელობა, [ფეტულა გულენი] პენსილვანიაშია. ჩვენ არ ვაკმაყოფილებთ თურქეთის მოთხოვნას მისი გადაცემის შესახებ, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს არანაირი სამხილი, რომ ის იყო გადატრიალების უკან“, - ამბობს ის.

ამასთან, მისი განცხადებით, უკმაყოფილების კიდევ ერთი ნაწილი ამერიკის მიერ ქურთების შეიარაღება და მხარდაჭერაა. „ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღიად არ ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ ქურთებს, თურქეთს სჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელთან ერთად ქურთებს იყენებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანის წინააღმდეგ თურქეთის შიგნით ძალების გაერთიანებისთვის.

ურთიერთობის გაუარესება ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილებამაც განაპირობა, რომელმაც პრეზიდენტ ერდოღანის დაცვის 15 წევრი დამნაშავედ ცნო, მაისში ვაშინგტონში თურქეთის საელჩოსთან გამართული დემონსტრაციისას მომხდარ შეტაკებაში, პრო-ქურთი გამომსვლელების წინააღმდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG