ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„თეთრი წამება“ თურქეთში


ფილმი „F-ტიპი“ თურქეთის დახურულ ციხეებში არსებულ ვითარებას ასახავს

თურქეთში გამოსულმა ახალმა ფილმმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ფილმი სპეციალურ ციხეებში არსებულ ვითარებას ასახავს. ასეთ საპატიმროებში პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულები და ტერორიზმში ბრალდებულები იხდიან სასჯელს. დეტალებს ფილმის და საზოგადოების რეაქციის შესახებ სტამბოლიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.

ფილმის სახელწოდებაა „F-ტიპი“. ის ათი მოკლე ფილმისგან შედგება. მკაცრი რეჟიმის საპატიმროებს თურქეთში „F-ტიპის“ დაწესებულებებად მოიხსენიებენ. ფილმში ასახულია პატიმრების ყოფნა ხანგრძლივ მარტოობაში, დამოკიდებულებები მათ მიმართ, ამბობს ფილმის რეჟისორი ჰუსეინ ქარაბეი.

„პატიმრები საკნებში 23 საათი არიან. მათ არ აქვთ სხვა პატიმრებთან ურთიერთობის უფლება. სხვა პატიმრებთან შეხვედრისთვის კვირაში ერთი საათი ეძლევათ. ასეთი დასჯა ანგრევს მთლიანად ადამიანის პიროვნებას. თუკი, ადამიანი ძლიერია, ის ღრმა დეპრესიაში ვარდება, თუ სუსტი, თავის მოკვლას ცდილობს,“ - ამბობს ქარაბეი.

თურქეთის „F-ტიპის“ ციხეებში ძირითადად ტერორიზმით და პოლიტიკური ნიშნით გასამართლებულები იხდიან სასჯელს. მათ შორის არიან ის ადამიანები, ვისაც ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში ედებათ ბრალი. აქ მყოფ პატიმრებს ათობით წელი აქვთ მისჯილი, რომელიც სიმარტოვეში უნდა გაატარონ. ჟურნალისტი გამომძიებელი ნედიმ სენერი შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით გაასამართლეს და აღნიშნულ საპატიმროში 13 თვე გაატარა.

„მე შემიძლია ეს ადგილი შევადარო ცემენტის საფლავს. ადგილი სადაც ადამიანები ცოცხლად იხრწნებიან. გიზიანდებათ მხედველობა, კარგავთ გემოს და შეხების შეგრძნებას. ვეღარ აღიქვამთ ფერებს. მათ შექმნეს სისტემა, რომელიც კლავს თქვენს სულს. ამ ადგილის დატოვების შემდეგაც კი, თქვენ ვეღარ იბრუნებთ სიცოცხლეს,“ - ამბობს სენერი.

„F-ტიპის“ საპატიმროებმა ძველი ყაიდის ციხეები შეცვალა, რომელიც ცნობილი იყო სიბინძურით და პატიმრების გადაჭარბებული რაოდენობით, სადაც დაშინება და მუქარა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ძველი სტილის ციხეები ევროკავშირის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. „F-ტიპის“ ციხეებში კი ჰიიენური ნორმები დაცულია, რასაც ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები მიესალმებიან. თუმცა, „ჰუმან რაითს ვოჩის“ თანამშრომელი ემა სინკლერი ამბობს, რომ შეშფოთებას სხვა ფაქტები იწვევს.

„აქ არ დგას ფიზიკური გარემოს ან შენობის შეცვლის საკითხი. ეს არის ციხის რეჟიმი, რომელიც უნდა შეიცვალოს. რეჟიმი, სადაც პატიმრები სამარტოვო საკნებში არიან მოთავსებული ხანგრძლივი დროით. მათი ფსიქიკური ჯანმრთელობა უარესდება, არ იღებენ შესაბამის მკურნალობას,“ - ამბობს სინკლერი.

ფილმი „F-ტიპი“ სულისშემძვრელ და ემოციურ სცენებზეა აგებული. მისი მიზანი ევროპაში ინფორმაციის გატანაა. თუმცა, რეჟისორი ამბობს, რომ ამის შესახებ თურქეთშიც უნდა გაიგონ.

„თურქეთის საზოგადოებამ დღემდე იცის საერთო საცხოვრებელის ტიპის საპატიმროების შესახებ, სადაც ყველა ერთად ცხოვრობდა. ბევრს დღემდე არაფერი სმენია ახალი, ჰიგიენური ციხეების შესახებ. ფილმში ჩანს, რომ საკანი სუფთაა და ჩვეულებრივ ოთახს გავს. ფილმის ბოლოს რწმუნდებით, რომ ეს უფრო საშინელებაა. ეს არის თეთრი წამება,“ - ამბობს ქარაბეი.

ფილმის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მათი ნამუშევარი თურქეთში უფლებადამცველ ჯგუფებს საქმეს გაუადვილებს. თურქეთის მთავრობა კი აცხადებს, რომ მსგავსი სამარტოვე საკნები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებშიც არსებობს. დამკვირვებლები შიშობენ, რომ მცირე საერთაშორისო ზეწოლა საკითხს ვერ მოაგვარებს და სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმაც ვერ განხორციელდება.
XS
SM
MD
LG