ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ელის თურქულ ბიზნესს ოკუპირებულ აფხაზეთში?


"ტყვარჩელნახშირი" იგივე "ტამსაში" - ყველაზე დიდი თურქული კომპანია ოკუპირებულ აფხაზეთში
"ტყვარჩელნახშირი" იგივე "ტამსაში" - ყველაზე დიდი თურქული კომპანია ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ ტყვარჩელში, ჯერჯერობით ისევ მუშაობს თურქულ-აფხაზური კომპანია „ტყვარჩელნახშირი“, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 250 ათასს ტონა ქვანახშირს მოიპოვებს და შემდეგ, საზღვაო გზით, მთლიანად თურქეთში გააქვს. არ გაჩერებულა არც თურქულ-აფხაზური კომპანია „ხოჯალის ქვები“, რომელიც კოდორის ქედზე, მოპოვებულ ბაზალტს ასევე თურქეთში გზავნის. ორივე ეს მსხვილი კომპანია, "აფხაზთა პარლამენტის წევრის", თურქეთიდან რეპატრიანტი ბიზნესმენის ტაიფუნ არძინბას საკუთრებაა.

უკვე დაიწყო ქაფშიას სეზონი და ყველაზე მეტი თევზმჭერი გემი ოჩამჩირე-სოხუმის აკვატორიაში, კომპანია „ხამსას“ ჰყავს, რომელიც მთლიანად თურქული კომპანია Koptur Balikcilik-ის ინვესტიციებით არის დაფუძნებული. მოპოვებული ქაფშიას გადამუშავება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში ხდება და შემდეგ თევზის ფქვილისა და ქონის სახით, ასევე თურქეთში იგზავნება.

თურქეთი, რუსეთის შემდეგ, სოხუმის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. ოფიციალური მონაცემებით, ტვირთბრუნვა ანკარასა და სოხუმს შორის, 300 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. თუმცა, საერთაშორისო ექსპერტების ცნობით, აღურიცხავი ტვირთბრუნვის ჩათვლით, ეს ციფრი ორჯერ მეტია - ანუ 600 მილიონ დოლარამდე.

რუსეთ-თურქეთის ბოლოდროინდელმა კონფლიქტმა აფხაზური საზოგადოება ორად გახლიჩა. ნაწილი, მათ შორის სახელისუფლებო ელიტა იძულებულია რუსეთის თამაშის წესებს დათანხმდეს და მზადაა, მოსკოვის მოთხოვნის შემთხვევაში, თურქეთთან ვაჭრობა შეწყვიტოს. მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი რადიკალური ნაბიჯი აფხაზებს დიდ ფულს და ახლო მეგობარს დააკარგვინებს.

თურქეთის, საქარიის პროვინციაში დაბადებული მუჰაჯირების შთამომავალი სონერ გოგუა, "აფხაზთა პარლამენტის ყოფილი წევრი", დღეს, კი თურქული ბიზნესის მთავარი ლობისტი, ამბობს

„ჩვენ აფხაზეთის მოქალაქეები, დიასპორის წარმომადგენლები, მხარს ვუჭერთ თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგებას. რუსეთი აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორია, მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი აფხაზეთში და მთელ კავკასიაში. ჩვენი დიასპორა რუსეთშიც დიდია.

ამავე დროს, თურქეთი ჩვენი ახლო მეზობელია, სწორედ იქ ცხოვრობს აფხაზების ყველაზე მრავალრიცხოვანი დიასპორა. ის მეორე ეკონომიკური პარტნიორია, ხოლო პირდაპირი ინვესტიციებით აფხაზეთში, თურქეთის რესპუბლიკა პირველ ადგილს იკავებს.“

ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული კაპიტალი ასევე წარმოდგენილია მშენებლობის სექტორში, იქ მუშაობს ორი თურქული სამშენებლო ფირმა „ევრა“ და „ჯამტუ ინშათი“. ასევე, თურქული ფული ტრიალებს სასტუმროების, ხე-ტყისა და ჯართის ბიზნესში. ანკლავში გახსნილია რამდენიმე ათეული თურქული რესტორანი, კაფე და მაღაზია. თურქეთიდან აფხაზეთში კი საზღვაო გზით, ძირითადად შედის: სურსათი, სოფლის მეურნეობის ტექნიკა, სამშენებლო მასალები და საწვავი.

ამ დრომდე, თურქეთის მოქალაქეები, მათ შორის, მუჰაჯირების შთამომავლები, ვისაც ე.წ "აფხაზური პასპორტი" აქვთ, უვიზოდ ჩადიოდნენ, თურქეთიდან რუსეთის ქალაქ სოჭში და შემდეგ, უპრობლემოდ კვეთდნენ, მდინარე ფსოუზე არსებულ, საკონტროლო-გამშვებ პუნქტს.

თურქეთის მიერ, რუსული სუ-24-ის ჩამოგდების საპასუხოდ, მოსკოვის მიერ შემოღებული სანქციების შემდეგ, თურქეთის მოქალაქეების გადაადგილება უკიდურესად გაძნელებულია.

როგორც, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, ისე კრასნოდარის მხარეში და ქალაქ სოჭში ხდება თურქეთის მოქალაქეების მასობრივი დაკავება, შემდგომი დეპორტაციის მიზნით. 2016 წლის 1 იანვრიდან კი რუსეთი თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აბრუნებს და ასევე კრძალავს თურქეთიდან მთელი რიგი პროდუქტების შემოტანას.

რუსული პოლიტიკური წრეების წაქეზებით, აფხაზეთში, ანტითურქული განწყობების გაღვივებაც ხდება. ასე მაგალითად, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში მდებარე აფხაზურ-თურქული კომპანია „ედელის“ ოფისიდან, "აფხაზეთის სახალხო პარტიამ" თურქეთის დროშის ჩამოხსნა მოითხოვა.

თურქეთის მოქალაქე ჰაირი კუტარბა, სოხუმში მცხოვრები რეპატრიანტი ამბობს, რომსიტუციის კიდევ უფრო გართულების, განსაკუთრებით კი საზღვრის ჩაკეტვის ეშინია

„ჩემი შვილი ჟურნალისტია, სტამბულში ცხოვრობს, აქ ხშირად ჩამოდის, რეპორტაჟებს ამზადებს და იქ, ტელევიზიაში გზავნის. ახლა უნდა ჩამოსვლა, მაგრამ ეშინია, რომ საზღვრებს დაკეტავენ და ვეღარ წავა. მუჰაჯირების შთამომავლებს ახლა ყველას გვეშინია, რომ ჩვენს გზას სამშობლოსკენ დაკეტავენ.“

თურქეთის მოქალაქე, მუჰაჯირების შთამომავლებისგან და პროთურქულად განწყობილი საზოგადოების ნაწილისგან განსხვავებით, აფხაზური ელიტა, რუსეთს ერთგულებას ღიად უდასტურებს. თურქეთ-რუსეთის დაპირისპირებაში, ცალსახად მოსკოვის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აფხაზთა პრეზიდენტმა ხაჯიმბამ და საგარეო მინისტრმა ჩირიკბამ.

ეს უკანასკნელი, 4 დეკემბერს, ქალაქ ბანია ლუკაში, ბოსნია ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ, სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტ მილორად დოდიკს შეხვდა. ამ ვიზიტის დროს ითქვა, რომ „რუსული ავიაგამანადგურებელის ჩამოგდებით თურქეთი ღიად დადგა ისლამისტი ტერორისტების გვერდით.“

თურქეთში მცხოვრები, ჩერქეზებისა და სხვა ჩრდილო კავკასიელი ხალხების შთამომავლების ორგანიზაცია „კავკასიური ასოციაციების ფედერაციისგან - Kaffed” განსხვავებით, ამ დრომდე, თურქეთ-რუსეთის კონფლიქტს და სოხუმის ოფიციალურ პოზიციას არ გამოხმაურებია თურქეთში, „აფხაზთა კულტურული ცენტრების ფედერაცია - Abhazfederasyonu“, რომელიც იქ მცხოვრები, აფხაზი მუჰაჯირების მილიონამდე შთამომავალს აერთიანებს; ეს ორგანიზაცია ბოლო დრომდე აქტიურად ეხმარებოდა სეპარატისტულ სოხუმს, ოფიციალურ ანკარასთან არაოფიციალური კონტაქტების დამყარებაში.

რაც შეეხება რუსეთში მცხოვრებ აფხაზურ დიასპორას, მათ ღიად მოუწოდეს სოხუმს მხარში დაუდგეს „მოძმე რუსეთს და დაუჭიროს პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკას მხარი.“

XS
SM
MD
LG