ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

F-16-ებზე წვრთნა აგვისტოში დაიწყება - უკრაინას 11 ქვეყანა დაეხმარება


უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უკრაინამ 11 ქვეეყანასთან ერთად ხელი მემორანდუმს მოაწერა, რომელიც F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების წვრთნას ისახავს მიზნად. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს ქვეყნებია: დანია, ბრიტანეთი, ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, შვედეთი და კანადა.

უკრაინელი პილოტები, ტექნიკოსები და თვითმფრინავების ფუნქციონირებისთვის საჭირო სხვა პერსონალი, მონაწილეობას მიიღებს საწვრთნელ პროგრამაში, რომელიც საინფორმაციო სააგენტო "როიტერის" თანახმად, აგვისტოში, დანიაში დაიწყება. პარალელურად, წვრთნები დაიწყება რუმინეთშიც, სადაც სპეციალური ცენტრი მოეწყობა. მოიერიშე თვითმფრინავების საწვრთნელი პროგრამის თაობაზე ძალისხმევას დანია და ნიდერლანდები ლიდერობდნენ.

"იმედი გვაქვს შევძლებთ, რომ შედეგები მომავალი წლის დასაწყისში დავინახოთ", - უთხრა ჟურნალისტებს დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ.

ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ განუცხადებია, რომ უკრაინას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მისცემს, თუმცა პოლონეთმა და სლოვაკეთმა კიევს საბჭოთა წარმოების 17 მიგ-29-ის ტიპის თვითმფრინავები მიაწოდეს.

უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან გამუდმებით ითხოვს თანამედროვე თვითმფრინავებს და ამბობს, რომ რუსეთს საჰაერო უპირატესობა აქვს. "ჩვენ ჩვენი სამოქალაქო მოსახლეობა, ჩვენი ინფრასტრუქტურა, კრიტიკული ობიექტები, სკოლები და უნივერსიტეტები უნდა დავიცვათ. სწორედ ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საბრძოლო თვითმფრინავების თაობაზე ამ კოალიციის ამოქმედება", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. "მე ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს, რომ 6 თვეში ჩვენ შედეეგებსაც დავინახავთ".

უკრაინა რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ კონტრიერიშს აგრძელებს. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ზომიერი, თუმცა სტაბილური წარმატება აქვთ. მოწინააღმდეგეს კი დიდი დრო ჰქონდა თავდაცვის პოზიციების გასაძლიერებლად, რომლის გადასალახადაც კიევი კიდევ უფრო მეტ შეიარაღებასა და ტექნიკას ითხოვს იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მოახერხოს.

XS
SM
MD
LG