F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის მართვისთვის, უკრაინელი მფრინავების მომზადების საერთაშორისო პროგრამა, ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. დანიის განცხადებით, ამგვარი კურსის ხანგრძლივობა, შეიძლება განსხვავდებოდეს წინა პროგრამების ხანგრძლივობისგან, რაც პილოტების მომზადებისა და ენის ცოდნის დონეზეა დამოკიდებული.
გადამზადების პროგრამის საბოლოო მიზანი, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემაა. საერთაშორისო კოალიციის ამ ძალისხმევას, სათავეში ნატოს წევრი დანია და ნიდერლანდები უდგას.
„დიალოგი და დაგეგმარება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამიტომ, საბოლოო გეგმა ჯერ არ არსებობს“ - აცხადებს დანიის თავდაცვის სამინისტრო, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“.
კიევმა დასავლეთის ქვეყნებს არაერთხელ მოუწოდა, მიაწოდონ თვითმფრინავები, მანამდე კი მისი მფრინავები გადაამზადონ. უკრაინის მიზანი, რომელმაც რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევა უკვე დაიწყო, მოსკოვის საჰაერო დომინირებისთვის, წარმატებული წინააღმდეგობის გაწევაა.
უკრაინაში F-16-ების გაგზავნის ვალდებულება, ჯერჯერობით, არც ერთ ქვეყანას არ აუღია. თუმცა, პოლონეთმა და სლოვაკეთმა, უკრაინის საჰაერო ძალებს უკვე გადასცა 27 MIG-29.
დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყებას აქვს მოლოდინი, რომ ერთდროულად 6-მდე უკრაინელი მფრინავის გადამზადებას შეძლებს. ასევე, 40-მდე ჯარისკაცის მოამზადებს, წვრთნისა და ტექნიკური მომსახურებისთვის.
დანიის თავდაცვის უწყებაში ვერ ამბობენ, რა დრო დასჭირდება სწავლების საბოლოდ დარულებას. „ეს დამოკიდებულია მათ საბრძოლო გამოცდილებასა და ენობრივ უნარებზე“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.