ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვის პრემიერი: "რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ხალხი აღიქვამს"


მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რუსეთში მომხდარმა ამბოხმა მოსკოვის სისუსტეები გამოავლინა და აჩვენა, რომ მთავრობის კონტროლი საკუთარ ქვეყანაშიც კი უფრო და უფრო სუსტდება.

მოლდოვამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა მის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაში. მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

"რაც ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ, არის რუსეთის მმართველებისა და ჯარის მართვის კუთხით სისუსტის მკაფიო ნიშანი", - თქვა პრემიერ მინისტრმა დორინ რეჩანმა "როიტერთან" ინტერვიუში.

"რუსეთი გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე ხალხს ეს წარმოუდგენია, ვიდრე ხალხი ამას აღიქვამს", - თქვა რეჩანმა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის წინ, რომელიც ლიხტენშტეინში გაიმართება და რომლის ფარგლებშიც მოლდოვა ამ შეთანხმების მხარე უნდა გახდეს.

კერძო დაქირავებული ჯგუფის ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ლიდერებთან დაპირისპირების შემდეგ შეიარაღებული ამბოხი წამოიწყო, თუმცა მოგვიანებით ის მოულოდნელად შეწყვიტა და თქვა, რომ სისხლისღვრის თავიდან არიდების მიზნით, პოზიციებს და რუსეთს დატოვებდა. მოლაპარაკებებში ბელარუსის პრეზიდენტი - ალექსანდრ ლუკაშენკო იყო ჩართული და გავრცელებული ცნობებით, პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა.

პრემიერ რეჩანის თქმით, მოლდოვა კვლავ რუსეთის სამიზნეა, თუმცა მისი კამპანიები უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტური ხდება.

"ჩვენ ვერ ვგრძნობთ, რომ რუსეთი თავს გვანებებს, ან ამცირებს ინტენსივობას. მთავარი ისაა, რომ ჩვენი ინსტიტუტები გაძლიერდა და გაიზარდა მათი შესაძლებლობა, რომ რუსეთის ჰიბრიდულ ომს ვებრძოლოთ", - ამბობს რეჩანი და დასძენს, რომ მოლდოვას დნესტრისპირეთის რეგიონის დემილიტარიზება სურს და იქ რუსული ჯარები უკანონოდაა განთავსებული. თუმცა რეგიონის საკითხი მხოლოდ მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს.

XS
SM
MD
LG