ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმფრინავი, რომელსაც პრიგოჟინს უკავშირებენ, დღეს მინსკში ჩაფრინდა


ევგენი პრიგოჟინი "ვაგნერის" დაჯგუფების წევრებთან ერთად. 20 მაისი, 2023 წ. ბახმუტი, უკრაინა.
ევგენი პრიგოჟინი "ვაგნერის" დაჯგუფების წევრებთან ერთად. 20 მაისი, 2023 წ. ბახმუტი, უკრაინა.

კერძო თვითმფრინავი, რომელსაც ევგენი პრიგოჟინს უკავშირებენ, დღეს, 27 ივნისს, რუსეთიდან ბელარუსში ჩაფრინდა. ფრენების მაკონტროლებელი რადარებით დაფიქსირდა, რომ შედარებით მცირე ზომის თვითმფრინავმა Embraer Legacy 600 როსტოვის რეგიონი 02:32-ზე დატოვა და 04:20-ზე უკვე მინსკში იყო.

აღნიშნული თვითმფრინავის საიდენტიფიკაციო კოდები ემთხვევა იმ კომპანიის Autolex Transport მონაცემებს, რომელსაც პრიგოჟინი იყენებდა ხოლმე. სიგნალი 747 მეტრის სიმაღლეზე, მინსკის მახლობლად, ბელარუსის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე, მაჩულიშჩის ავიაბაზასთან შეწყდა. ტრანსპონდერების გამორთვის ტაქტიკას ხშირად მიმართავენ, როცა არ სურთ თვითმფრინავის დაშვების ზუსტი ადგილმდებარეობის დაფიქსირება.

ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავზე ევგენი პრიგოჟინი იყო, რუსი მილიარდერი და დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერი" მეთაური, რომელმაც ამბოხის მცდელობით, გასულ უქმეებზე ვლადიმირ პუტინის 23-წლიანი მმართველობა შეარყია. რუსეთის პრეზიდენტი თავიდან დაიმუქრა, რომ ამბოხს მკაცრად ჩაახშობდა და მომხდარი 1917 წლის რევოლუციას და სამოქალაქო ომს შეადარა.

მოგვიანებით კი, მათ შორის გარიგება შედგა, რომლის მიხედვითაც, პრიგოჟინს, რომელიც კვირას შეიარაღებული დაჯგუფებებით მოსკოვზე მიდიოდა, მის წინააღმდეგ აღძრული საქმის დახურვის სანაცვლოდ, ქვეყანა უნდა დაეტოვებინა და ბელარუსში გადასულიყო. გარიგება მისი დაჯგუფების მებრძოლების ნაწილზეც ვრცელდება.

საჯაროდ 62 წლის პრიგოჟინი ბოლოს რუსეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ დონის როსტოვის მანქანით დატოვებისას ნახეს. კეთილგანწყობილი შეძახილების ფონზე, ის შეკრებილებს ემშვიდობებოდა და ხელს ართმევდა.

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია პრიგოჟინის ადგილმდებარეობის შესახებ. თუმცა, მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები დაიცავენ შეთანხმებით დათქმულ პირობებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG