თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხს პარლამენტი სავარაუდოდ ოქტომბრამდე არ უყრის კენჭს. ამის შესახებ რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ვილნიუსში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კანონმდებლები საზაფხულო შესვენებიდან უნდა დაბრუნდნენ.
"საპარლამენტო სესია მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჯერ არ იქნება. მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ დავასსრულოთ ეს პროცესი იმდენად სწრაფად, რამდენადაც შესაძლებელია", - თქვა მან.
თურქეთმა ორშაბათს განაცხადა, რომ აღარ შეეწინააღმდეგებოდა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ ეს ალიანსის ერთობის კიდევ ერთი დასტურია, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამ გადაწყვეტილებამდე თურქეთი შვედეთს "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" დაკავშირებული ჯგუფების მფარველობაში ადანაშაულებდა. ამ უკანასკნელს ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების ბოლოსაც, ერდოღანი ამბობდა, რომ შსვედეთის მხრიდან პროგრესი საკმარისი არ იყო, თუმცა სსამიტის წინა დღეს თქვა, რომ შეთანხმება მიღწეულია.
ვილნიუსის სამიტს უკვე ესწრება 31-ე წევრის სტატუსით ფინეთი, რომელმაც განაცხადი შვედეთთან ერთად გააკეთა. ორივე ქვეყანა ისტორიულად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და ალიანსთან შეერთება გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გადაწყვიტეს.