ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მესამე დღეა აგრძელებს კიევზე დრონებით და რაკეტებით მასშტაბურ იერიშს


რუსეთი აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებს და დრონებით შეტევების მიტანას. გასულ დღეში, დაბომბვის შედეგად, მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა რამდენიმე და დაზიანდა შენობები. საჰაერო თავდაცვამ თითქმის ყველა ჭურვი გაანადგურა, აცხადებენ ოფიციალური პირები და სამხედროები.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა უკრაინის დედაქალაქზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

კლიჩკომ Telegram-ზე თქვა, რომ ორი დაჭრილი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერხი პოპკომ განაცხადა, რომ ღამით, დედაქალაქის თავზე, ათობით ირანული წარმოების დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ნამსხვრევები კიევის ოთხ უბანში ჩამოვარდა.

ცალკე, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ განაცხადა, რომ ჩამოაგდო 20-ვე უპილოტო თვითმფრინავი, რომელთა სამიზნე კიევი და უკრაინის სხვა ნაწილები იყო. თავდაცვამ ასევე გაანადგურა შავი ზღვიდან გასროლილი ორი ფრთოსანი რაკეტა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმიდან გაშვებული ერთი ფრთოსანი რაკეტა, „ისკანდერი“. "რადიო თავისუფლებამ", რომლის მასალაც ამ სტატიაშია გამოყენებული, დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა, აღნიშნული ინფორმაცია.

”ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ საჰაერო თავდაცვის ოპერაცია,” - განუცხადა ეროვნულ ტელევიზიას საჰაერო თავდაცვის სპიკერმა იური იჰნატმა.

"ოცი შაჰედი განადგურდა - ყველა დრონი ჩამოაგდეს."

ეს იყო რუსეთის ზედიზედ მესამე ფართომასშტაბიანი იერიშის ღამე უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო კიევისთვის გადამწყვეტი ნატოს ორდღიანი სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე. ნატოს სამიტი ვილნიუსში, ლიეტუვაში გაიმართა.

რაც შეეხება ფრონტის ხაზს, გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ჯარები, დონეცკის აღმოსავლეთ რეგიონშ, ბახმუტის გარშემო აგრძელებენ ბრძოლას. უკრაინის სამხედროების სპიკერმა სერხი ჩერევატიიმ 12 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინული ძალები „ზომიერი ტემპით“ მიიწევენ წინ ბახმუტის რეგიონში და ინიციატივა მათ მხარეზეა.

ხოლო, რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსმა გენერალ-მაიორმა ივან პოპოვმა, 58-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის მეთაურმა, რომელიც ამჟამად ჩართულია ბრძოლებში უკრაინის ზაპორიჟიის რეგიონში, 12 ივლისს განაცხადა, რომ ის გაათავისუფლეს სამსახურიდან გენერალური შტაბის უფროსისთვის გაგზავნილი მოხსენების შემდეგ, სადაც მან აღწერა ფრონტზე რუსული ჯარების აბსურდული მდგომარეობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG