ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი უკრაინელი კოლეგა, ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს ვილნიუსში, ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა უკრაინას ამ ომში მხარს უჭერს და შეაქო ზელენსკი და უკრაინელი ხალხი გამძლეობისა და სიმამაცისთვის.
"ვფიქრობ, გამძლეობა და სიმტკიცე მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძი მაგალითია. იმედგაცურების მასშტაბი კი ვერც წამორმიდგენია. მესმის, რომ ხშირად ხართ იმედგაცრუებული იმაზე, თუ რა და რა სისწრაფით და როგორ მოდის თქვენამდე, მაგრამ გპირდებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენ მიიღოთ ის, რაც გჭირდებათ და რაც შეიძლება სწრაფად", - უთხრა პირისპირ შეხვედრისას ბაიდენმა ზელენსკის.
ზელენსკისთან შეხვედრის დროს, ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ძალიან ელოდება იმ დღეს, როდესაც ნატო ომისგან დაღლილი ქვეყნის ალინსში გაწევრიანებას შეძლებს.
გუშინ, ნატოს სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა ჩრდილო- ატლანტიკურ ალიანსში "წევრობის სამოქმედო გეგმის" გარეშე გაწევრიანდება. ალიანსში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კიევის მომავალი ალიანსშია, თუმცა უარი თქვეს, კიევის ოფიციალურად მიწვევაზე ან კონკრეტული თარიღის დასახელებაზე, თუ როდის გაწევრიანდება უკრაინა ბლოკში.
სამიტზე გამგზავრებამდე, ჯო ბაიდენმა ტელეკომპაია "სი-ენ-ენ"-ს უთხრა, რომ მისი აზრით, ჯერ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაადრევი იყო, რადგან ეს ნაბიჯი დაუყოვნებლივ ჩართავდა ალიანსს რუსეთთან ომში.
სამიტის დაწყებამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებას, არ მიიწვიონ უკრაინა ნატოში გასაწევრიანებლად და არც კონრკეტული თარიღი დაასახელონ ამისთვის, "აბსურდული" უწოდა. თუმცა, მიუხედავად იმედგაცრუებისა, უკრაინამ მიიღო დაპირება, რომ ის ნატოსგან განგრძობით ფინანსურ და სამხედრო დახმარებას მიიღებს. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს არაა იდეალური შედეგი, მაგრამ სამიტის მიღწევები დადებითია.
დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ამერიკა, კვირების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს კიევთან ტექსტზე, რომელმაც ფართო საერთაშორისო ჩარჩო უნდა შექმნას უკრაინის დასახმარებლად. ეს მოიცავს თანამედროვე მოწინავე სამხედრო აღჭურვილობას, როგორიცაა: საბრძოლო თვითმფრინავები, სამხედროების სწავლება, დაზვერვის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და კიბერთავდაცვა. სანაცვლოდ, უკრაინამ უნდა გააუმჯობესოს მმართველობის ფორმები, მათ შორის, გაატაროს მართლმსაჯულების და ეკონომიკური რეფორმები.
ბაიდენთან შეხვედრის დროს, ზელენსკიმ ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა შეიარაღებისთვის, კონკრეტულად კი კასეტური საბრძოლო შეიარაღებისთვის. რომელიც ამერიკამ უკრაინას გადასცა.
„დიდი მადლობა ამ დახმარებისთვის, არა მხოლოდ ამისთვის, ვგულისხმობ მთლიანად თქვენს დამხარებას და მხარდაჭერას, ჩვენ ნამდვილად გვქონდა თქვენი იმედი. მადლობა ყველა ამერიკელს, ვისაც ესმის, რომ 43 მილიარდ დოლარზე მეტი დიდი მხარდაჭერაა. მე მესმის, რომ ეს თქვენი ფულია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ამ ფულს ხარჯავთ არა მხოლოდ ბრძოლისთვის, არამედ ამ ფულს ხარჯავთ ჩვენი სიცოცხლისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ გადავარჩინეთ ეს უკანასკნელი ევროპისა და მთელი მსოფლიოსათვის“,- თქვა ზელენსკიმ ბაიდენთან შეხვედრისას.
ნატოს 31 წევრი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრა ვილნიუსში დღეს დასრულდება. სამიტის ორი მთავარი სიახლე ისაა, რომ ალიანსს 32-ე წევრი, შვედეთი შეემატება, ხოლო უკრაინა ნატოში მაპ-ის გარეშე გაწევრიანდება.