პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვილნიუსში შეკრებილი მოქალაქეების წინაშე სიტყვით გამოვიდა. ამერიკის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი "მიწისა და ძალაუფლების მოპოვების წყურვილში" დაადანაშაულა და თქვა, რომ ამერიკის ლიდერობით ალიანსი უკრაინას რუსული აგრესიის პირისპირ არ მიატოვებს.
ორდღიანი სამიტის დასასრულს, ბაიდენმა ბალტიისპირეთის ქვეყნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა, შეაქო ლიეტუველი ხალხის მხნეობა და ფინეთ-შვედეთის გაწევრიანების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვლადიმირ პუტინმა არასათანადოდ შეაფასა დემოკრატი ლიდერების ერთობა და მონდომება.
ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში და ყველგან, სადაც ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის იმ იმედის შეხსენება, რომელსაც ლიეტუვა განასახიერებს",- ჯო ბაიდენი
"ნატო უფრო ძლიერია, უფრო ენერგიული და უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა მის ისტორიაში. და ნამდვილად უფრო არსებითი მნიშვნელობა აქვს მას ჩვენს საერთო მომავალში. ეს შემთხვევით არ მომხდარა. ეს გარდაუვალი იყო", - მიმართა პრეზიდენტმა ვილნიუსის უნივერსიტეტთან შეკრებილ მოქალაქეებს.
"როცა პუტინმა, მიწისა და ძალაუფლების წყურვილით უკრაინაში ეს სასტიკი ომი წამოიწყო, ის ფსონს დებდა იმაზე, რომ ნატო დაიღლებოდა. მან იფიქრა, რომ ნატო დაიყოფოდა, იფიქრა, რომ ერთობა დაიმსხვრეოდა პირველივე გამოცდისას. რომ დემოკრატი ლიდერები სუსტები იქნებოდნენ, ის შეცდა", - თქვა ჯო ბაიდენმა.
ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს, მოლდოვის, ბელარუსის მოქალაქეები კვლავ აგრძელებენ ბრძოლას იმისთვის, რომ მათი ხმა გაგონილი იყოს უკეთესი მომავლისთვის.
"პუტინმა ვერ გაიგო, რომ ჩვენი ერთგულება, ღირებულებები, თავისუფლება ისეთი რამაა, რაზეც არასდროს ვიტყვით უარს. ეს ვართ ჩვენ, ასეთები ვართ. ლიეტუველი ხალხი და მათი ბალტიისპირელი ძმები მოწინავენი არიან უკრაინის მხარდაჭერაში, რომ მან თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი. იმიტომ, რომ თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წართმეული გქონდათ თავისუფლება, ვერ წყვეტდით თქვენს მომავალს და იცით რა ძვირფასია ეს უფლება. ესაა ძვირფასი ხალხისთვის ყველგან, და არა მხოლოდ უკრაინაში. ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში და ყველგან, სადაც ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ჩემი გზავნილია, გააგრძელეთ, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის იმ იმედის შეხსენება, რომელსაც ლიეტუვა განასახიერებს... ჩვენ არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, არასდროს უნდა დავნებდეთ უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში. თავისუფლების დაცვა არაა ერთი დღის ან წლის საქმე, ეს არის ჩვენი ცხოვრების მოწოდება, ყოველთვის. ჩვენ კიდევ ბევრი სირთულე გვაქვს წინ, მაგრამ ჩვენი ერთიანობა არასდროს არ დაიმსხვრევა. მე ამას გპირდებით", - განაცხადა ბაიდენმა.
ვილნიუსში შეკრებილი ნატოს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ნატო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებიათ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაპირველად ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა პრეეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრისას მას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ სამიტის შედეგები იდეალური არაა, მაგრამ დადებითია.