ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, ამერიკელ კოლეგასთან კომუნიკაციაზე საუბრობს


რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ ამერიკელ კოლეგასთან, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ხელმძღვანელ უილიამ ბერნსთან, გასულ თვეში უკრაინის საკითხი განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

მანამდე, 30 ივნისს, რამდენიმე ამერიკულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ ბერნსმა ნარიშკინთან სატელეფონო საუბარი, რუსეთში „ვაგნერის“ შეიარაღებული ამბოხის შემდეგ გამართა. მედიის ცნობით, სატელეფონო ზარის მიზანი იყო, მოსკოვისთვის ეთქვა, რომ მომხდარში შეერთებულ შტატებს არანაირი როლი არ ჰქონია.

ნარიშკინმა დაადასტურა, რომ ბერნსმა საუბრისას „24 ივნისის მოვლენების“ საკითხი წამოაყენა. მისი თქმით, სატელეფონო ზარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა და დაამატა - „ვიმსჯელეთ და განვიხილეთ, რა უნდა გავაკეთოთ უკრაინასთან დაკავშირებით.“

ნარიშკინმა „ტასს“ უთხრა, რომ ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, რაღაც ეტაპზე შესაძლოა შესაძლებელი გახდეს. რუსულ საინფორმაციო სააგენტოს არ დაუდასტურებია იყო თუ არა ეს ნარიშკინისა და მისი ამერიკელი კოლეგის საუბრის ნაწილი.

„ბუნებრივია, რომ ადრე თუ გვიან, მოლაპარაკებები შესაძლებელი გახდება რადგან ნებისმიერი კონფლიქტი, მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტი, მოლაპარაკებებით სრულდება. მაგრამ, ამის პირობები ჯერ კიდევ უნდა მომწიფდეს“ - ციტირებს „ტასი“ ნარიშკინს.

ნარიშკინის განცხადებებთან დაკავშირებით, განცხადებები არ გაკეთებულა აშშ-ის დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოში.

შეერთებული შტატები გამუდმებით ადასტურებს თავის მიერ წარმოდგენილ პრინციპს - „არაფერი უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე“, რაც ნიშნავს, რომ სხვა ქვეყნებმა, უკრაინის სახელით, მისი მომავლის შესახებ არ უნდა მოილაპარაკონ.

XS
SM
MD
LG