„რუსეთის თავდასხმისგან მოლდოვის დაცვის საუკეთესო გზა უკრაინის დაცვაა“- დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება. ჯეიმლ კლევერლი ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდა მოლდოველ კოლეგას.

პრესკონფერენციაზე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი ეკონომიკური, სამთავრობო რეფორმის გატარებისთვის და ენერგო სექტორის გაუმჯობესებისთვის 10 მილიონ ფუნტს (12 მილიონ ამერიკულ დოლარს) გამოყოფს.

ჟურნალისტების კითხვაზე, გეგმავს თუ არა ლონდონი სამხედრო მხარდაჭერა აღმოუჩინოს მოლდოვას, კლევერლიმ უპასუხა: „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოლდოვის ფიზიკური თავდასხმისგან დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უკრაინელების დახმარებაა, რუსეთისგან თავის დაცვაში“.

ამ განცხადებას კრემლი გამოეხმაურა. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ეს „რუსოფობიაა“.

ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინისკენ მიმართულმა რუსულმა რაკეტებმა მოლდოვის საჰაერო სივრცე რამდენჯერმე დაარღვია, პარალელურად კიშინაუ ამბობს, რომ კრემლი მოლდოვაში ანტისამთავრობო პროტესტს აღვივებს.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო მოლდოვის მთავრობა შიშობს, რომ შესაძლოა ომი მოლდოვის ტერიტორიაზეც გაგრძელდეს. მოლდოვის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ საუბრობენ ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებიც.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ არაერთხელ თქვა, რომ "აშკარაა", რომ უკრაინა არ იქნება რუსეთის ბოლო გაჩერება უკრაინაში შეჭრის შემდეგ და რომ კრემლი ფიქრობს მოლდოვის „ჩახშობის“ გზებზე.