ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამერიკულ დრონთან შეხებას უარყოფს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მის საბრძოლო თვითმფრინავებს ამერიკულ დრონთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ. სამინისტროს მტკიცებით, ინციდენტი, რომელიც სამშაბათ დილით შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა, თავად ამერიკული დრონის მკვეთრი მანევრირების შედეგი იყო.

"რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს არ გამოუყენებიათ მათ ბორტზე არსებული იარაღი, არ ჰქონიათ კონტაქტი უპილოტო საფრენ აპარატთან და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ თავიანთ ავიაბაზას", - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. ეს მოსკოვის მხრიდან ინციდენტზე პირველი ოფიციალური კომენტარია.

დღეს, შავის ზღვის თავზე რუსული მოიერიშე “სუ-27” ამერიკულ სადაზვერვო “MQ-9” უპილოტო საფრენ აპარატს შეეჯახა. ამერიკის ევროპული სარდლობის ინფორმაციით, ორი რუსული საჰაერო ხომალდიდან ერთ-ერთმა „არა უსაფრთხო და არაპროფესიონალური“ მანევრით ჩაუჭრა გზა ამერიკულ დრონს და სწორედ ამ დროს MQ-9 უპილოტო აპარატის პროპელერს გამოედო. ამის შედეგად კი ამერიკის შეიარაღებული ძალები იძულებული გახდა, დრონი საერთაშორისო წყლებში ჩაეშვა. შეჯახებამდე რამდენჯერმე რუსულმა მოიერიშემ ამერიკულ დრონს საწვავი დაასხა და გზა გადაუკვეთა.

მომხდართან დაკავშირებით, "ამერიკის ხმასთან" კომენტარი გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, "თუ მესიჯი [რუსებისგან] არის ის, რომ მათ სურთ შეაფერხონ, ან გადაგვარწმუნონ შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენისა და ოპერირებისგან, მაშინ ეს შეტყობინება წარუმატებელი იქნება, რადგან ეს არ მოხდება", - უთხრა "ამერიკის ხმას" ჯონ კირბიმ.

კირბი ამბობს, რომ ამერიკა განაგრძობს "ფრენასა და ოპერირებას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში საერთაშორისო წყლების თავზე." კირბის განმარტებითვე, შავი ზღვის თავზე ოპერირება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და ქვეყანას არ აქვს არანაირი გეგმა, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები.

ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე რუსული საჰაერო ხომალდების მიერ მსგავსი მანევრები - გზის გადაჭრა უჩვეულო არაა და ეს გასულ კვირებშიც მოხდა, მაგრამ "ეს უკანასკნელი ინცინდენტი ნამდვილად აღსანიშნავია იმის გამო, თუ რამდენად სახიფათო და არაპროფესიონალური იყო ის და შედეგად ერთ-ერთი ჩვენი საჰაერო აპარატის ჩამოვარდნა გამოიწვია. ეს ამ კუთხით ნამდვილად უნიკალური ინციდენტი იყო", - ამბობს კირბი. ის ასევე ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. კირბის თქმითვე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ მხარეს თავისი უკმაყოფილების შესახებ ოფიციალურადაც აცნობებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ნედ პრაისის თქმით, ამერიკა რუსეთის ელჩს იბარებს სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც მას ამ მესიჯს გადასცემენ. "პარალელურად, მოსკოვში ელჩი ტრეისი ამ გზავნილს გადასცემს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს",- უთხრა ჟურნალისტებს ნედ პრაისმა რამდენიმე წუთის წინ. პრაისმა მომხდარს "საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა" უწოდა.

XS
SM
MD
LG