ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული ავიამოიერიშე შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონს შეეჯახა


რუსული მოიერიშე “სუ-27” ამერიკულ სადაზვერვო “MQ-9” უპილოტო საფრენ აპარატს შეეჯახა. ინციდენტი შავი ზღვის თავზე მოხდა. ამერიკის ევროპული სარდლობის ინფორმაციით, ორი რუსული საჰაერო ხომალდიდან ერთ-ერთმა „არა უსაფრთხო და არაპროფესიონალური“ მანევრით ჩაუჭრა გზა ამერიკულ დრონს და სწორედ ამ დროს MQ-9 უპილოტო აპარატის პროპელერს გამოედო. ამის შედეგად კი ამერიკის შეიარაღებული ძალები იძულებული გახდა, დრონი საერთაშორისო წყლებში ჩაეშვა.

ასევე ევროპული სარდლობის თანახმად, ამერიკული დრონი რუტინულ ოპერაციას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ახორციელებდა და მას რუსულმა ავიამოიერიშემ გზა სწორედ ამ დროს ჩაუჭრა და შეეჯახა. შეჯახებამდე რამდენჯერმე რუსულმა მოიერიშემ ამერიკულ დრონს საწვავი დაასხა და გზა გადაუკვეთა. ეს „უგუნურად, გარემოსდაცვითი კუთხით სახიფათოდ და არაპროფესიონალურად“ ხდებოდა, - აცხადებს ამერიკის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობა. მისი განმარტებით, ეს ინციდენტი, რომელიც ცენტრალური ევროპის დროით, დილის 7 საათზე მოხდა, სარისკოობასა და არაპროფესიონალიზმთან ერთად, კომპეტენციის ნაკლებობასაც აჩვენებს.

ამერიკის საჰაერო ძალების ევროპისა და აფრიკის მეთაურმა, გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა დაადასტურა, რომ ამეიკამ შეჯახების შედეგად MQ-9 დრონი დაკარგა და „რუსების მხრიდან განხორციელებულმა ამ სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქმედებამ ლამის ორივე საჰაერო ხომალდის შეჯახება გამოიწვია“, - ამბობს გენერალი.

„ამერიკა და მოკავშირეთა საჰაერო ძალები განაგრძობს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ოპერირებას და ჩვენ მოვუწოდებთ რუსებს, მოიქცნენ პროფესიონალურად და უსაფრთხოდ“, - განმარტავს გენერალი ჰეკერი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე რუსული საჰაერო ხომალდების მიერ მსგავსი მანევრები - გზის გადაჭრა უჩვეულო არაა და ეს გასულ კვირებშიც მოხდა, მაგრამ "ეს უკანასკნელი ინცინდენტი ნამდვილად აღსანიშნავია იმის გამო, თუ რამდენად სახიფათო და არაპროფესიონალური იყო ის და შედეგად ერთ-ერთი ჩვენი საჰაერო აპარატის ჩამოვარდნა გამოიწვია. ეს ამ კუთხით ნამდვილად უნიკალური ინციდენტი იყო", - ამბობს კირბი. ის ასევე ადასტურებს, რომ პრეზიდენტ ბაიდენს მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. კირბის თქმითვე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ მხარეს თავისი უკმაყოფილების შესახებ ოფიციალურადაც აცნობებს.

ნატოში აცხადებენ, რომ ალიანსის მთავარსარდლებმა მოკავშირეებს ინციდენტის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდეს. ნატოს წევრებს ცნობები გენერალმა ქრისტოფერ კავოლიმ შეატყობინა.

მოსკოვს ამ დროისთვის მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG