ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი: უკრაინაში ჩვენი მიზნების მიღწევა მხოლოდ სამხედრო გზით შეიძლება


სამშაბათს, კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის მიზნების მიღწევა, ამ დროისთვის, მხოლოდ სამხედრო ძალით შეიძლება და სანამ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა გახდება შესაძლებელი, კიევმა ადგილზე შექმნილი „ახალი რეალობა“ უნდა მიიღოს.

„ჩვენ საკუთარ მიზნებს უნდა მივაღწიოთ. კიევის რეჟიმის ახლანდელი პოზიციის გამო, ამ დროისთვის ამის მიღწევა მხოლოდ სამხედრო საშუალებებით შეიძლება,“ ციტირებენ რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები კრემლის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვს.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინაში იბრძვის, რათა აღმოსავლეთ დონბასში რუსულენოვანი მოსახლეობა, როგორც თვითონ უწოდებს, კიევის ნეო-ნაცისტური რეჟიმისგან „გაათავისუფლოს“.

მოგვიანებით, პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინას შეეძლება მიიღოს „ახალი რეალობები“ , რომელიც მოსკოვის ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ წარმოიშვა.

„მოსკოვის ყველა მოთხოვნა კარგადაა ცნობილი. დე-ფაქტო ვითარება და ახალი რეალობებიც ასევე კარგადაა ცნობილი. ამ საკითხების მხედველობაში მიღების გარეშე, სამშვიდობო შეთანხმებაზე გადასვლა შეუძლებელია,“ თქვა პესკოვმა.

მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა რომ უკრაინამ უნდა მიიღოს რუსეთის მიერ უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ოთხი რეგიონის ანექსია, რაც, როგორც უკანონო აქტი, კიევმა, დასავლეთმა და გაეროს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ უარყო.

XS
SM
MD
LG