ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სად გადის ე.წ. საზღვარი უკრაინაში - კრემლი ვერ აკონკრეტებს


მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსირებას ხელი მოაწერა, კრემლში ვერ აკონკრეტებენ, თუ სად გადის ე.წ. საზღვარი უკრაინაში.

დაბნეულობა კრემლში ფრონტის ხაზზე რუსეთის წარუმატებლობას და უკრაინის წინსვლას უკავშირდება. ანექსირებული 4 რეგიონიდან უკრაინამ 3 რეგიონში სტრატეგიული ტერიტორიების ნაწილზე კონტროლი დაიბრუნა, მათ შორის - ლიმანში.

უკრაინელთა წარმატებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებიც კი აღიარებენ. ჟურნალისტების არაერთი კითხვის საპასუხოდ, კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვს დამაჯერებელი პასუხები არ ჰქონია. პესკოვმა თქვა, რომ ეს საკითხი ღიად რჩება.

კრემლის პრესსპიკერის განმარტებით, რუსეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს დონბასის მთელ რეგიონს. მაგრამ ფაქტია, რომ ამ დრომდე რუსულმა ჯარებმა ვერ შეძლეს უკრაინული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ოკუპაცია. პირიქით, უკრაინულმა ჯარებმა მოახერხეს ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება.

“ლუჰანსკის და დონეცკის (თვითგამოცხადებული) სახალხო რესპუბლიკის საზღვრები განსაზღვრულია 2014 წლის მონაცემების მიხედვით. ხერსონსა და ზაპორიჟიაში გავაგრძელებთ კონსულტაციებს მოსახლეობასთან საზღვრებთან დაკავშირებით,“- ამბობს პესკოვი.

კრემლის პრესსპიკერი ვერ აკონკრეტებს, თუ სად გადის ე.წ. საზღვარი ხერსონსა და ზაპოროჟიაში, რადგან ანექსირების მიუხედავად, არცეთ ამ უკრაინულ რეგიონს რუსეთი სრულად ვერ აკონტროლებს.

"ვერ ვუპასუხებ თქვენ მიერ დასმულ შეკითხვას" - თქვა პესკოვმა და აღნიშნა, რომ კრემლი ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციებს გამართავს.

უპასუხოდ დარჩენილი კითხვების ფონზე, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 3 ოქტომბერს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან შეერთების, ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას მისცა ხმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG