ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი: "გერმანია ოკუპირებული რჩება"


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამბობს, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენებზე მომხდარ თავდასხმაზე გერმანიის რეაგირება აჩვენებს, რომ ქვეყანა კვლავ "ოკუპირებულია". პუტინი ამტკიცებს, რომ ბერლინს დამოუკიდებლად მოქმედება მეორე მსოფლიო ომში დანებებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგაც კი არ შეუძლია.

რუსული ტელევიზია "რასია-1"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ევროპელი ლიდერები დაშინებულები არიან და იძულებულნი გახდნენ თავიანთი დამოუკიდბელობისა და სუვერენიტეტის შეგრძნება დაეკარგათ. მისი თქმით, დასავლური სახელმწიფოები, მათ შორის გერმანიაც ძალიან ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ იმ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც "ჩრდილოეთის ნაკადზე" მომხდარ აფეთქებებს უკავშირდებოდა. მილსადენი ბალტიის ზღვის გავლით რუსულ გაზს გერმანიას აწოდებს. მოსკოვს მიაჩნია, რომ ევროპელი ლიდერები განზრახ იკავებენ თავს იმისგან, რომ აფეთქებებში დამნაშავეები არ დაასახელონ.

"საქმე ისაა, რომ ევროპელმა პოლიტიკოსებმა საჯაროდაც განაცხადეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია არასდროს ყოფილა სრულად სუვერენული სახელმწიფო", - უთხრა პუტინმა სახელმწიფო ტელევიზიას.

"საბჭოთა კავშირმა გამოიყვანა ჯარები და დაასრულა ოკუპაცია, მაგრამ იგივე არ მომხდარა ამერიკელებთან დაკავშირებით. ისინი კვლავ განაგრძობენ გერმანიის ოკუპირებას", - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

პუტინი ამტკიცებს, რომ მილსადენზე იერიში უკრაინის ხელისუფლების დონეზე იყო დაგეგმილი და რომ "აბსოლუტური ნონსენსია" იმის შესაძლებლობა, რომ ეს დამოუკიდებელმა პრო-უკრაინულმა ჯგუფმა გააკეთა.

XS
SM
MD
LG