ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფულადი ჯილდო ტანკების გასანადგურებლად - კერძო კომპანია რუს სამხედროებს "წახალისებას" სთავაზობს


იმ რუს სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში დასავლური წარმოების "აბრამსების" და "ლეოპარდების" ტიპის ტანკებს გაანადგურებენ, რუსული კერძო კომპანია "ფორსი" ფულად ჯილდოს ჰპირდება. ჯილდო 5 მილიონი რუბლი, ანუ 72 000 ამერიკული დოლარია.

ამ შეთავაზებას კრემლი გამოეხმაურა და კერძო კომპანიის გადაწყვეტილება სამხედროების დაჯილდოების შესახებ, მოიწონა. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსი სამხედროები დასავლურ ტანკებს უკრაინაში "დაწვავენ" . მისივე თქმით, ფულადი ჯილდო სამხედროებისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

"ეს ყველას ერთიანობასა და სურვილს ადასტურებს, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევაში წვლილი ისე შეიტანონ, როგორც მათ შეუძლიათ, სხვადასხვა გზით, იქნება ეს პირდაპირი, თუ - ირიბი ჩართვით",- თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან.

"რაც შეეხება ტანკებს, უკვე ვთქვით, რომ ისინი დაიწვებიან. ასეთი სტიმულის შემდეგ, ვფიქრობ მეტი ენთუზიასტი გამოჩნდება", - დასძენს კრემლის პრეს-სპიკერი.

დასავლური წარმოების ტანკები, რომელსაც უკრაინას ამერიკა, გერმანია და სხვა მოკავშირეები დაჰპირდნენ, ქვეყანაში, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში ჩავა.

XS
SM
MD
LG