ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„რაკი არ გამოუვიდათ კანონით, დაიწყებენ კანონ-გარეშე“


9 მარტი, თბილისი
9 მარტი, თბილისი

მრავალრიცხოვანი და მოტივირებული საპროტესტო აქციების შემდეგ, სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური მოთამაშეები მიღებულ შედეგს წონიან და სამომავლო პერსპექტივებს აფასებენ. კანონპროექტი, რომელმაც საზოგადოების ფართო ნაწილი ქუჩებში გამოიყვანა, ხელისუფლებამ უკან „გაიწვია“ - ჩააგდო, თუმცა ისე, რომ ამ ქმედებაში პირადად, „ხელი არ გაუსვრია“.

კანონპროექტი პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დაფიქსირებული უარყოფითი პასუხების გამო ჩავარდა. „ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებს „უარის ღილაკისთვის“ თითი არ დაუჭერიათ. უფრო მეტიც, ერთმა დეპუტატმა (დიმიტრი სამხარაძემ) კანონპროექტის მიღების სასარგებლოდ კვლავ მისცა ხმა. ამის შემდეგ, მმართველმა გუნდმა, არაერთჯერადად, ისიც დდააფიქსირა, რომ კანონპროექტის სულისკვეთებას კვლავ სწორად მიიჩნევენ და გააგრძელებენ საზოგადოებაში მუშაობას იმისთვის, რომ მისი მიღების აუცილებლობასთან დაკავშირებით ხალხმა წინააღმდეგობა აღარ გამოავლინოს.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ინტერვიუში, რომელიც მან ტელეკომპანია „იმედს“ მისცა, განაცხადა, რომ იმდენად დესტრუქციული ქმედებებით გამოირჩევიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ თითქმის ტერორისტებს უტოლდებიან, რის გამოც ამ კანონის მიღების მოტივაცია ხელისუფლებას ლეგიტიმურად ჰქონდა. მან დაასახელა კიდეც ის ორგანიზაციები, რომლის აქტიურობაც არ მოსწონს.მათ შორისაა სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცავი ორგანიზაციაც.

„დესტრუქტციული ქმედებებითაა ცნობილი „სირცხვილიას“ ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია აქ ითხოვდა მთავრობის გადადგომას, ჩემს გადადგომას. პროვოკაციული მოძრაობაა „თბილისი პრაიდი“, რომელიც აპირებდა მეტად პროვოკაციული ღონისძიების ჩატარებას. ეგრეთ წოდებული ამ პარადების ჩატარებას. ამან ძალიან დიდი მღელვარება გამოიწვია. ეს ყველაფერი უკავშირდება მათ დესტრუქტციულ საქმიანობას. კარგად ვიცი, რა დესტრუქციულ სამუშაოებს აწარმოებს EMC . გამჭვირვალობა. ISFED. ჩვენი ამოცანაა ვიცოდეთ, რას ემსახურება მათი საქმიანობა,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან საზოგადოების „დაბნეულობაში“ დაადანაშაულა უცხოელი პარტნიორები, ელჩები და პოლიტიკური ოპონენტები.

„კრიტიკა მოვისმინე, თითქოს პოლიციამ გადაამეტა ძალას. ესაა სისულელე. ძალადობა დაიწყო ნაცმოძრაობამ, გირჩის პროვოკატორებმა და ფრანკლინის კლუბის ანარქისტებმა. რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოცებული დავრჩი. სატანისტების ფორმები ეცვათ ახალგაზრდებს. შემაშფოთებელი იყო რაც აქ ხდებოდა. ეს არის არა რადიკალური, არამედ ექსტრემისტული ორგანიზაციები. ცოტაღა უკლიათ ტერორისტულ ორგანიზაციებამდე“,- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

პრემიერისვე თქმით, გამოიკვლევენ ყველა დესტრუქციულ ქმედებას და დასჯიან მის ჩამდენს, „რადგან არავის არ აპატიებენ პოლიციელთა მიმართ ამგვარ ქმედებას“.

ელენე ხოშტარიამ, „დროას“ ლიდერმა ორშაბათს განაცხადა, რომ „ვრცელდება ინფორმაცია, შსს სამინისტროსა და სუს-ში დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკითხვაზე დაბარება. მინდა ხელისუფლება კატეგორიულად გავაფრთხილო, არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების შს სამინისტროში დაბარება, ვინც ამ დღეების განმავლობაში დაიცვა ევროპული მომავალი. მეორე, ძალადობაში დამნაშავეები ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, ის მოძალადე პოლიციელები და ბრძანების გამცემები არიან, ვინც მშვიდობიან მოსახლეობას ესხმოდა თავს.“ „დროა“ მზადყოფნას გამოთქვამს, იურიდიული დახმარება გაუწიონ აქციაზე ყოფნის გამო დაკავებულ მოქალაქეებს.

პრემიერის განცხადებას დაუკავშირეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ოფისის დარბევა გორში. ორშაბათს დილით მისულ პარტიის წევრებს ოფისში ყველაფერი დამსხვრეული დახვდათ. მათი თქმით, ეს მეათე შემთხვევაა, როდესაც ოფისი ირბევა, სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება კი ამ ქმედებას არ მოჰყვება.

სამართალდამცავების მხრიდან რეაგირებას ელის დავით ქაცარავაც, ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერიც, ვის ოჯახის წევრებსაც - მეუღლესა და არასრულწლოვან ქალიშვილს ავტომანქანაში თავს დაესხნენ ალტ-ინფოს წარმომადგენლები 9 მარტს. ავტომანქანა ბეისბოლის ბიტითაა დამტვრეული, ჩამსხვრეულია შუშებიც. ამ დრომდე პოლიცია დამნაშავის კვალზე ვერ გავიდა. დავით ქაცარავა ოჯახზე თავდასხმას მის სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ისინიც, რომელთაც პრემიერი საშიშ ორგანიზაციათა ნუსხაში წარმოიდგენს, „ამერიკის ხმასთან“ ამბობენ, რომ ელიან ზეწოლის გაგრძელებას ხელისუფლების მხრიდან.

პაატა ზაქარეიშვილი, პროფესორი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ზეწოლა გაგრძელდება, მხოლოდ ამჯერად კანონ-გარეშე, რადგან ხელისუფლებამ კანონის მიღება ვერ შეძლო „აგენტებზე ნადირობის“ გასამართლებლად.

„მიდიან რუსეთისკენ, მაგრამ რუსეთს პირდაპირ ვერ აქებენ, რადგან ეს საზოგადოებაში არაპოპულარულია და ამის გაკეთება შეუძლებელია. რუსეთის ქება არ გამოდის, მაგრამ იოლია გააკრიტიკონ დასავლეთი. ეს გაგრძელდება. რაკი არ გამოუვიდათ კანონით, გაგრძელდება კანონ-გარეშე. რათა შეიქმნას საზოგადოებაში განცდა, რომ ეს ადამიანები მდიდრდებიან. რაში სჭირდებათ? იმიტომ რომ იოლი იყოს რუსეთთან ინტეგრაცია. უნდა გვაქციონ ხელახალ საბჭოთა კავშირად. არადა ჩვენ გველოდებიან როგორც ნატოში, ისე ევროკავშირში. გაიღო კარები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ,“- გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი.

პრემიერის მიერ გაკრიტიკებული ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ მძიმე მოლოდინები აქვთ. „პროპაგანდის გამოყენებით, ხელისუფლება იგივეს გააკეთებს, რის გაკეთებაც კანონის მიღებით უნდოდა. მათ სურთ ორგანიზაციები დაასუსტონ, შეუქმნან პრობლემები და ისეთ წნეხში მოაქციონ, რომ მუშაობის გაგრძელება გაუჭირდეთ. ჩვენ გვაქვს ეჭვები, რომ ხელისუფლება საგარეო კურსს ცვლის და გვაშორებს ევროინტეგრაციის პროცესისგან. ამიტომ გეოპოლიტიკურ ცვლილებაზე მძიმედ რეაგირებს ჩვენი საზოგადოება, რომელმაც დიდი ხნის წინ გააკეთა დასავლური არჩევანი. ახალი თაობაც კი, რომელიც გვეგონა, რომ სხვა მუსიკას უსმენდა და სხვა სერიალებს უყურებდა , გამოვიდა და დასავლურობის იდეა ყველაზე აქტიურად დაიცვა“,“- ამბობს თამთა მიქელაძე.

სოფო ვერძეული, იურისტი, ვინც პლატფორმა „კომენტარს“ წარმოადგენს, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ამბობს, რომ კანონპროექტის ჩავარდნის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა მეტყველებს იმაზე, რომ მათ სურთ საზოგადოებაში მაინც მიაღწიონ იმას, რასაც ამ კანონით აპირებდნენ. ეს კიდევ უფრო სახიფათო შეიძლება იყოს, უსაფრთხოებისა და მშვიდობის თვალსაზრისით,“ - მიიჩნევს სოფო ვერძეული. „ისინი გვეუბნებიან, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტი არის შესრულებული, არადა ეს ასე ნამდვილად არაა. შემოდგომაზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი. დარჩენილია რამოდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ჩვენ არ შეგვისრულებია. ეს თუ ასე დარჩება, შემოდგომამე, შეიძლება ძალიან შეეშალოს ხელი კანდიდატის სტატუსის მიღებას“,- ასეთია სოფო ვერძეულის შეფასება.

სოფო ვერძეული, პლატფორმა "კომენტარი"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:37 0:00

არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიები, ვინც „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ერთ-ერთი მთავარი ადრესატი იყო, ახალი გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავების პროცესში არიან. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ჩავარდა, აქვთ მოლოდინი, რომ ისინი კვლავ პირველი რიგის სამიზნედ რჩებიან ხელისუფლებისთვის.

XS
SM
MD
LG