ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ და რუსეთი დრონთან დაკავშირებით ერთმანეთს ადანაშაულებენ


რუსეთი აცხადებს, რომ შავი ზღვის თავზე ამერიკული დრონის ჩამოვარდნასთან დაკავშირებული ინციდენტი ამერიკის მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია იყო.

რუსეთის ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვი ამის შესახებ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბრობს: "ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი გამიზნულად და პროვოკაციულად, გამორთული ტრანსპონდერებით მოძრაობდა რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით", - ამბობს ანტონოვი საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში და დასძენს: "ჩვენ ამ ინციდენტს პროვოკაციად მივიჩნევთ".

რუსეთის ელჩი ამერიკაში სამშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტშიც დაიბარეს. რუსული მხარე უარყოფს სახიფათო მანევრებსაც და დრონთან მისი საბრძოლო თვითმფრინავების რაიმე შეხებასაც, თუმცა იქვე დასძენს: "რუსული მოიერიშე დრონი რომ ნიუ-იორკის ან სან-ფრანცისკოს მახლობლად აღმოჩენილიყო, როგორ მოიქცეოდა ამერიკის საჰაერო ან საზღვაო ძალები?"

რუსეთის ელჩი ამერიკაში ამბობს, რომ მოსკოვში ძალიან კარგად ესმით ამგვარი მისიების რეალური მიზანი და შედეგები. დიპლომატი ამბობს, ამერიკის შეიარაღებული ძალების დრონის "მიუღებელი აქტივობა რუსეთის საზღვრებთან ასე ახლოს" მათი შეშფოთების მიზეზია. ამერიკული მხარე კი აგროვებს დაზვერვის ცნობებს, რომლებიც შემდეგ "კიევის რეჟიმის მიერ ჩვენი შეიარაღებული ძალებისა და ტერიტორიის წინააღმდეგ თავდასხმისთვის გამოიყენება".

სამშაბათს, 14 მარტს ამერიკის შეირაღებული ძალების ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შავი ზღვის თავზე მფრინავ ამერიკულ სადაზვერვო “MQ-9” უპილოტო საფრენ აპარატს რუსული მოიერიშე “სუ-27” შეეჯახა. ამერიკული მხარის ცნობით, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა დრონის საფრენი გზა რამდენჯერმე გადაკვეთეს, სახიფათო და არაპროფესიულ მანევრებს ახორციელებდნენ, საწვავს ასხამდნენ. ერთ-ერთი ასეთი მანევრისას კი რუსული ავიამოიერიშე დრონის პროპელერს შეეხო. ამერიკული მხარე იძულებული გახდა, დრონი, რომელიც შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში რუტინულ სადაზვერვო ფრენას ახორციელებდა, საერთაშორისო წყლებში ჩაეშვა. ეს ამერიკულ და რუსულ შეიარაღებულ ძალებს შორის პირდაპირი კონფრონტაციის პირევლი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

"რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს არ გამოუყენებიათ მათ ბორტზე არსებული იარაღი, არ ჰქონიათ კონტაქტი უპილოტო საფრენ აპარატთან და უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ თავიანთ ავიაბაზას", - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ გუშინვე.

კრემლმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა "სამწუხარო მდგომარეობაშია" და ის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კრემლის პრეს-სპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ვაშინგტონთან მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის ამ ინციდენტთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ ყოფილა. მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობები მართალია ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ რუსეთს არასდროს უთქვამს უარი კონტრუქციულ დიალოგზე, და ის არც ახლაა უარზე.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების პრეს-სპიკერმა ჯონ კირბიმ "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს ფუნქციონირებას იმგვარად, როგორც ეს საჭიროდ მიიჩნევა.

"თუ მესიჯი [რუსებისგან] არის ის, რომ მათ სურთ შეაფერხონ, ან გადაგვარწმუნონ შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენისა და ოპერირებისგან, მაშინ ეს შეტყობინება წარუმატებელი იქნება, რადგან ეს არ მოხდება", - უთხრა "ამერიკის ხმას" ჯონ კირბიმ.

XS
SM
MD
LG