ისრაელის პრემიერმა ღაზის ომის შემდგომი პერიოდისთვის პირველი ოფიციალური გეგმა გამოაქვეყნა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის „შემდგომი დღის“ გეგმა წარმოადგინა. ეს მისი პირველი ოფიციალური შეთავაზებაა იმ დროისთვის, როდესაც „ჰამასის“ მიერ მართულ პალესტინურ ტერიტორიაზე ომი დასრულდება.

დოკუმენტი ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტს 22 თებერვალს წარედგინა. მის თანახმად, ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთით მთელ მიწაზე, მათ შორის ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე და ღაზაზე, სადაც პალესტინელ არაბებს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა სურთ, უსაფრთხოების კონტროლს შეინარჩუნებს.

ასევე ნახეთ: "როიტერი": ამერიკა გაეროს ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის თაობაზე რეზოლუციას სთავაზობს

ხანგრძლივი პერსპექტივის გეგმებში, ნეთანიაჰუ პალესტინური სახელმწიფოს „ერთპიროვნულ აღიარებას“ უარყოფს. ის ამბობს, რომ პალესტინელებთან შეთანხმება, მხოლოდ ორ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეშვეობით უნდა შედგეს, მაგრამ მას არ დაუსახელებია, თუ ვინ უნდა წარმოადგინოს პალესტინური მხარე.

რაც შეეხება ღაზის სექტორს, ნეთანიაჰუმ ამ ტერიტორიაზე დემილიტარიზაცია და დერადიკალიზაცია საშუალო პერსპექტივის მიზნად წარმოადგინა. მას არ დაუზუსტებია, თუ როდის შეიძლება დაიწყოს ეს შუალედური ეტაპი, ან რამდენ ხანს შეიძლება ის გაგრძელდეს. თუმცა, ღაზის სექტორის აღდგენის წინაპირობად, რომელიც ისრაელის იერიშის შემდეგ მიწასთან არის გასწორებული, ის სრულ დემილიტარიზაციას აცხადებს.

ნეთანიაჰუს წინადადებით, ისრაელს ანკლავის სამხრეთით, ღაზა-ეგვიპტის საზღვარზე წვდომა უნდა ჰქონდეს და იმ ტერიტორიაზე, მათ შორის რაფას სასაზღვრო პუნქტზე, ეგვიპტესთან და შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლოს, რათა კონტრაბანდის მცდელობები აღიკვეთოს.

ღაზაში „ჰამასის“ მმართველობის ჩასანაცვლებლად და იმავდროულად საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად, ნეთანიაჰუ გამოდის წინადადებით, ითანამშრომლონ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, „რომლებიც ტერორისტულ ქვეყნებთან ან ჯგუფებთან არ არიან დაკავშირებული და მათგან ფინანსურ მხარდაჭერას არ იღებენ“.

ნეთანიაჰუ მოუწოდებს გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო დაიხუროს და სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფებით ჩაანაცვლოს. პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „პრემიერ-მინისტრის პრინციპების დოკუმენტი ასახავს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს ომის მიზნებზე და ღაზაში „ჰამასის“ მმართველობის სამოქალაქო ალტერნატივით ჩანაცვლებას“.

Your browser doesn’t support HTML5

სკანდალი გაეროში - ამერიკის კონგრესში „ანრვას“ დაფინანსებაზე იმსჯელეს