ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ ჩრდილოთ ღაზაში სურსათის მიწოდება შეაჩერა


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათის სააგენტომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, თანამშრომლების უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, სურსათის მიწოდება შეაჩერა. მიღებული გადაწყვეტილება ღაზაში არსებულ ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს, სადაც გაეროს ინფორმაციით, საკვებისა და სუფთა წყლის „წარმოუდგენლად მწირი მარაგია“.

„გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიწოდება შეჩერდება, არ მიგვიღია მარტივად, რადგან ჩვენ ვიცით რომ ეს ნიშნავს ადგილზე სიტუაციის გაუარესებას და უფრო მეტი ადამიანის შიმშილით გარდაცვალების რისკის ზრდას“, - განაცხადა სააგენტომ და დასძინა, რომ დახმარების მიწოდების შეჩერების მიზეზი ღაზაში სადისტრიბუციო მანქანებზე თავდასმების გახშირებაა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ღაზაში გაეროს ჰუმანიტარული დახმარების მანქანებზე თავდასხმები ხშირია, რის გამოც დახმარების მიწოდება გასული კვირების განმავლობაშიც დროებით იყო შეწყვეტილი.

ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება რეგიონში კვირას აღდგა, თუმცა სატვირთო ავტომობილების კოლონაზე შეიარაღებული თავდასხმა ისევ განხორციელდა.

ღაზის სექტორში, სადაც უკვე ოთხი თვეა ისრაელ-"ჰამასის" ომი მიმდინარეობს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, მწირი საკვებისა და წყლის გამო ვრცელდება დაავადებები ადამიანთა ნაწილი კი „არასრულფასოვნად იკვებება“.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები თავს დაესხნენ ისრაელს, გაარღვიეს უსაფრთხოების ბარიერები და სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ასობით ადამიანი გაიტაცეს და 1200 მოკლეს. მძევალთა ნაწილი ამ დრომდე „ჰამასის“ ტყვეობაში რჩება.

ისრაელის გაცხადებული მიზანია გაათავისუფლოს მძევლები „ჰამასის“ ტყვეობიდან და გაანადგუროს ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ბევრ ქვეყანას „ტერორისტულ“ ორგანიზაციდ ჰყავს გამოცხადებული.

ისრაელ-"ჰამასის" ომის მიმდინარეობის ფონზე მსოფლიოში იზრდება შეშფოთებები პალესტინელთა შესახებ. ღაზის სექტორში მიმდინარე ომის ფონზე, გაეროს შეფასებით ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია. ამასთან, ვრცელდება ცნობები, რომ ომის შედეგად დაღუპულია ათობით ათასი პალესტინელი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG