ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ორი მძევალი დაიხსნა, ღაზის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ავიადარტყმებმა 67 პალესტინელი იმსხვერპლა


ორშაბათს, ისრაელმა მძევლების გადასარჩენი ოპერაციის შედეგად, რაფაში „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ორი ისრაელელ-არგენტინელი მძევალი დაიხსნა, მაგრამ ოპერაციის მხარდასაჭერმა ავიადარტყმებმა სამხრეთ ღაზის ამ ქალაქში თითქმის 70 პალესტინელი იმსხვერპლა. რაფას თავს თითქმის ერთი მილიონი ადგილნაცვალი სამოქალაქო პირი აფარებს, რომლებიც თვეების განმავლობაში მიმდინარე დაბომბვებს გაექცნენ.

ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, სამხედროების, უშიშროების სამსახურ „შინ ბეთის“ და საგანგებო პოლიციის ქვედანაყოფის მიერ შესრულებულმა მისიამ 60 წლის ფერნანდო საიმონ მარმანი და 70 წლის ლუის ჰარე გაათავისუფლა. ისინი იმ 250 მძევალს შორის იყვნენ, რომლებიც „ჰამასის“ მებრძოლებმა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დაატყვევეს.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის მესვეურების თანახმად, ოთხ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია ნანგრევებად იქცა, 28,340 პალესტინელი დაიღუპა და 67,984 დაიჭრა. სჯერათ რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ნანგრევებშია დამარხული.

ისრაელის სამხედრო უწყება ამბობს, რომ ბრძოლების დროს 31 მძევალი დაიღუპა, მაგრამ პრემიერ მინისტრმა ნეთანიაჰუმ ორშაბათს განაცხადა, ორშაბათს ჩატარებულმა ოპერაციამ აჩვენა, რომ სამხედრო წნეხი უნდა გაგრძელდეს.

ისრაელის არმიის პრესმდივანმა თქვა, რომ მძევლები ჰყავდათ მეორე სართულზე შენობაში, რომელშიც იერიშის დროს ასაფეთქებელი მასალის გამოყენებით შეაღწიეს. მეზობელი შენობებიდან კი ძლიერი ცეცხლი იყო გახსნილი და ორმხრივი სროლა მიმდინარეობდა.

სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმები თავდასხმასთან ერთად მოხდა, რათა ოპერაციაში ჩართული ძალები უკან გამოეყვანათ.

არგენტინის მთავრობამ ისრაელს მადლობა გადაუხადა ორი კაცის გათავისუფლებისთვის, რომლებზეც ითქვა, რომ ორმაგი მოქალაქეობა აქვთ.

XS
SM
MD
LG