ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ჰამასი“ ამბობს, რომ ისრაელის სპეცოპერაცია მძევლების გადასარჩენად ჩავარდა


„ჰამასი“ ირწმუნება, რომ ისრაელმა მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. მათივე ცნობით, „ჰამასის“ მებრძოლებმა იერიში მოიგერიეს, თუმცა დაიღუპა ერთი მძევალი, რომელიც „ჰამასის“ მებრძოლებმა 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის დროს აიყვანეს.

„ჰამასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაღუპულია 25 წლის საარ ბარუქი, ისრაელელი სამხედრო რომელიც მათ ტყვედ ყავდათ აყვანილი. ისრაელის მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნებულ სიაში საჰარ ბარუქი ნამდვილად იძებნება და აღნიშნულია რომ ის 24 წლის სტუდენტია, რომელიც ტერორისტებმა საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს.

სად იმყოფებიან „ჰამასის“ მიერ გატაცებული სხვა მძევლები ეს ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით ამ დრომდე ტყვეობაში რჩება 137 ადამიანი, მძევალთა ნაწილის გათავისუფლება შეთანხმების საფუძველზე გასული კვირების განმავლობაში მოხდა. უცნობია ისიც სად მოხდა შეტაკება. „ტელეგრამ“ არხში „ჰამასის“ მებრძოლები წერენ, რომ შეტაკების დროს დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე სამხედრო.

ისრაელი დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ „ჰამასი“ მის წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს.

„ჩვენ არ ვაპირებთ კომენტარის გაკეთებას ფსიქოლოგიურ ომზე, რომელსაც ჰამასი აგრძელებს ისრაელის წინააღმდეგ“,- ამბობს ისრაელის მთავრობის სპიკერი ეილონ ლევი. მისივე თქმით მძევლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი „ჰამასია“. ისრაელის მთავრობა ითხოვს, რომ გატაცებული მძევლები წითელი ჯვრის თანამშრომლებმა მოინახულონ, თუმცა ეს მოთხოვნა ამ დრომდე არ სრულდება.

ომი ღაზაში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე ტერორისტული თავდასხმა განახორციელეს. თავდასხმის დროს მოკლეს 1400-ზე მეტი ადამიანი, ხოლო გაიტაცეს 200-ზე მეტი, მათ შორის ქალები და ბავშვები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG