ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტე ამბობს, რომ ღაზაში დახმარების შეტანის დაჩქარებას ცდილობს


ხუთშაბათს ეგვიპტის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ 1 დეკემბერს ისრაელ-ჰამასის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასრულების კვალდაკვალ ღაზის სექტორში დახმარების მიწოდების შემცირების შემდეგ, ეგვიპტე ცდილობს ანკლავში დახმარების შესვლა დააჩქაროს.

ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსმა დიაა რაშვანმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც ისრაელის სამხედრო კამპანია ღაზელებს სამხრეთისკენ, ეგვიპტის სინაის ნახევარკუნძულის საზღვრისკენ გადაადგილებას აიძულებს, ეგვიპტე ღაზის სექტორის მოსახლეობისგან დაცლას არასდროს დაუშვებს.

რაშვანიმ დაამატა, რომ ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ოპერაციების მიზანი, პალესტინელების იორდანიისკენ იძულებითი გადაადგილებაა.

7 ოქტომბერს ღაზაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რაფაში ეგვიპტესთან სასაზღვრო პუნქტი ერთადერთი წერტილი იყო, საიდანაც დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანებით, ღაზაში უკიდურესად საჭირო საკვები, წამლები, წყალი და საწვავი შედიოდა.

გაეროს თანახმად, ბოლო დღეებში, საზღვარს დღეში 100-ზე ნაკლები სატვირთო მანქანა კვეთდა. ცეცხლის შეწყვეტის ერთი კვირის განმავლობაში მოქმედების დროს, ეს რიცხვი თითქმის 200 იყო. ოთხშაბათს, ეგვიპტიდან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებით და 69,000 ლიტრი საწვავით დატვირთული 80 სატვირთო მანქანა შევიდა.

ეგვიპტე, გაეროსთან ერთად ცდილობდა ისრაელის დარწმუნებას, დაეჩქარებინა დახმარებით დატვირთული მანქანების შემოწმების პროცესი, რომელიც რაფაში საზღვრის გადაკვეთამდე, ავტომანქანების ეგვიპტე-ისრაელის საზღვართან მისვლას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG