დაჯგუფება "ჰამასმა", ისრაელთან მიღწეული დროებითი ზავის ფარგლებში, 24 მძევალი გაათავისუფლა. რამდენიმე წუთის წინ კი, ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა.
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მაშინ, როდესაც მთელმა ამერიკამ 23 ნოემბერს მადლიერების დღე იზეიმა და როდესაც მათ ჰქონდათ საშუალება ოჯახის წევრებთან და საყვარელ ადამინებთან ერთად ყოფილიყვნენ, დღეს კიდევ უფრო მეტი მიზეზი არსებობს მადლიერებისთვის.
"მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ გათავისუფლებული ტყვეები თავიანთ საყვარელ ადამიანებთან დაბრუნდებიან",- ასე დაიწყო პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი.
"დღეს დილიდან, ამერიკის შეერთებული შტატების ინტენსიური დიპლომატიური ჩართულობის და იმ უამრავი ზარის წყალობით, რომელიც მე, ოვალური კაბინეტიდან, რეგიონის ლიდერებთან განვახორციელე, ღაზაში ბრძოლა 4 დღით შეწყდება. ამ პაუზით, შესაძლებელი იქნება გაგრძელდეს ტყვეთა გათავისუფლების პროცესიც, რომელთა რაოდენობა 50-ზე მეტია - ესაა ჩვენი მიზანი",- თქვა ბაიდენმა.
ისრაელის მედია იტყობინება, რომ "წითელმა ჯვარმა", ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ დანაყოფთან ერთად, ღაზიდან ისრაელის 13 მოქალაქე გამოიყვანა, ქალები და ბავშვები. თუმცა, "ჰამასის" ტყვეობაში, დაახლოებით, 200 ადამიანია. როგორც პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს, ეს დიდი მიღწევაა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია:
"დილიდან ჩართული ვარ ჩემს გუნდთან ერთად, ამ შეთანხმების განხორციელების პირველი რთული დღეები დავიწყეთ. ეს მხოლოდ დასაწყისია, თუმცა ამ დროისთვის ყველაფერი კარგად მიდის".
7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ, ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ამერიკა ისრაელს მხარს პირველი დღიდან უჭერს. ბაიდენმა თავის დღევანდელ სიტყვით გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმას, რომ ამერიკა მოლაპარაკებებშიც ინტენსიურად იყო ჩართული.
"დღევანდელი დღე მძიმე შრომისა და პირადი ჩართულობის შედეგია. მე და ჩემი გუნდი იმ მომენტიდან, როდესაც "ჰამასმა" ეს ხალხი გაიტაცა, ვმუშაობდით დღედაღამ, რომ მათი გათავისუფლება უზრუნველგვეყო. პირველი შედეგი მაშინ ვნახეთ, როდესაც ოქტომბრის დასაწყისში ორი ამერიკელი, შემდეგ კი ორი ისრაელელი ტყვე გაათავისუფლეს. მე მუდმივად ვამბობდი, რომ საჭირო იყო [საომარი მოქმედების] დროებით შეჩერება, ორი მიზეზით: პირველი - იმისთვის, რომ დაჩქარებულიყო და გაფართოებულიყო ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში და მეორე, - მოვლაპარაკებულიყავით მძევლების გათავისუფლებაზე",- განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა
თავის სატელევიზიო სიტყვით გამოსვლაში, ბაიდენმა თქვა, რომ ის მუდმივ კავშირზეა რეგიონის ლიდერებთან, მათ შორის ისრაელის, ეგვიპტის, ყატარის პირველ პირებთან და მათთან ერთად მუშაობს მძევლების გათავისუფლებაზე. ჯო ბაიდენმა კიდევ უფრო მეტი მძევლის გათავისუფლებაზეც ისაუბრა:
"როგორც უკვე ვთქვი, ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. ველით, რომ ხვალ მეტი და ზეგ კიდევ უფრო მეტი ტყვე გათავისუფლებდა და ასე გაგრძელდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. ვფიქრობთ, რომ ათობით ტყვე დაუბრუნდება თავის ოჯახს. ასევე გვახსოვს ისინიც, ვინც ტყვეობაში რჩებიან და განვაახლებთ ჩვენს ძალისხმევას, მათი გათავისუფლებისთვისაც",- ამბობს ბაიდენი.
ზავის მიხედვით, ოთხი დღის განმავლობაში, 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ, 50 მძევალი უნდა გათავისუფლდეს. პარასკევს ისრაელმა 39 დაკავებული უნდა გადასცეს ღაზას, მათგან 24 ქალი და 15 მოზარდი.
დღესვე, ტაილანდის პრემიერმა თქვა, რომ სხვა ტყვეებთან ერთად, გათავისუფლებულია მათი 12 მოქალაქეც, რომლებიც ისრაელში მუშაობდნენ. ჟურნალისტები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ტაილანდელი მუშების გათავისუფლება ისრაელ-"ჰამასის" ზავის ნაწილი არ ყოფილა და ის ცალკე მოლაპარაკებების საგანი იყო, რაც ეგვიპტისა და ყატარის შუამავლობით გახდა შესაძლებელი.
პრესკონფერენციაზე ბაიდენმა ღაზაში არსებულ კრიტიკულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დღეს, ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე, დამატებით, ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული 200 სატვირთო მანქანა ჩავიდა.
"ამ მანქანებში საკვები, წამლები და საწვავია, ასევე საკვების მოსამზადებლად საჭირო საწვავიც. საწვავი გამოყენებული იქნება, როგორც სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთების ჩასატანად გამზადებული მანქანებისთვის, ასევე წყლის გასაფილტრად, ჭებისთვის, საავადმყოფოებისა და საცხობებისთვის. ასევე, ღაზაში შესასვლელდა მზადაა ასობით დამატებითი მანქანა, რათა დაეხმაროს უდანაშაულო პალესტინელებს, რომლებიც იტანჯებიან, რადგან "ჰამასმა" ეს ომი წამოიწყო. "ჰამასს" ისინი არ ადარდებს",- განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თავის სიტყვით გამოსვლის ბოლოს, პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას და თქვა, რომ პალესტინელებს და ისრაელელებს ორი, მეზობელი და მშვიდობიანი სახელმწიფოს არსებობა ახლა ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს.