ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის პრეზიდენტი: მომავალი პალესტინის სახელმწიფო შესაძლოა დემილიტარიზებული იყოს


მომავალი პალესტინის სახელმწიფო შეიძლება დემილიტარიზებული იყოს და ჰქონდეს დროებითი საერთაშორისო უსაფრთხოების წარმომადგენლობა, რათა გარანტიები ჰქონდეს როგორც მას, ასევე ისრაელს, განაცხადა ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ.

„ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ ამ სახელმწიფოს დემილიტარიზაციისთვის და ასევე შეიძლება არსებობდეს გარანტიები, იქნება ეს ნატოს ძალები, გაეროს ძალები, არაბული თუ ამერიკული ძალები, სანამ არ მივაღწევთ უსაფრთხოებას ორივე სახელმწიფოსთვის, ახალშობილი პალესტინის სახელმწიფოსა და ისრაელის სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ალ-სისიმ კაიროში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ დე კროოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პოლიტიკური გადაწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას 1967 წლის 4 ივნისის საზღვრებში, აღმოსავლეთ იერუსალიმით დედაქალაქად, მიუწვდომელია, დასძინა ალ-სისიმ.

არაბულმა ქვეყნებმა უარყვეს მოსაზრება, რომ არაბულმა ძალებმა უზრუნველყონ უსაფრთხოება ღაზის სექტორში, „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ამჟამინდელი სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ. "ჰამასი", რომელიც ათობით ქვეყნის მიერ, მათ შორის 1997 წლიდან აშშ-ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებადაა გამოცხადებული, ღაზას 2007 წლიდან აკონტროლებს.

იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აიმან საფადიმ ამ კვირაში ლონდონში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არაბულ ქვეყნებს არ სურთ ღაზის სექტორში შესვლა, "რომელიც შესაძლოა უდაბნოდ იქცეს, ისრაელის სამხედრო თავდასხმის შედეგად."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG