ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის პრეზიდენტი: "კაირო არ დაუშვებს საკითხის სხვების ხარჯზე გადაწყვეტას"


კვამლი, ღაზას რაფაჰის სასაზღვრო პუნქტზე, 10 ოქტომბერი, 2023
კვამლი, ღაზას რაფაჰის სასაზღვრო პუნქტზე, 10 ოქტომბერი, 2023

ეგვიპტე ცდილობს თავიდან აიცილოს ღაზის სექტორიდან სინაის ნახევარკუნძულზე ლტოლვილთა მასობრივი შედინება. ისრაელის დაბომბვის შემდეგ, სამშაბათს ჩაიკეტა გადასასვლელები პალესტინელთა ანკლავიდან ეგვიპტის საზღვარზეც. ამის შესახებ ღაზის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და ეგვიპტის უსაფრთხოების უწყებებში "როიტერის" ჟურნალისტთა წყაროებმა განაცხადეს.

ღაზაზე ისრაელის თავდასხმამ ეგვიპტეში შეშფოთება გამოიწვია. კაირომ ისრაელს მოუწოდა, უზრუნველყოს უსაფრთხო გადასასვლელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ანკლავიდან და არ წაახალისოს მათი გაქცევა სამხრეთ-დასავლეთით სინაისკენ. ეს ინფორმაცია ეგვიპტის უშიშროების უწყებების ორმა წყარომ, ახალი ამბების სააგენტო „როიტერთან“ საუბარში დაადასტურა. ეს სტატია სწორედ ამ მასალას ეყრდნობა.

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდულ ფატაჰ ალ-სისიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ღაზაში ესკალაცია "უაღრესად სახიფათოა" და რომ ეგვიპტე ცდილობს რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ძალადობის მოლაპარაკებებით დასრულებას შეუწყოს ხელი.

"ეგვიპტე არ დაუშვებს საკითხის გადაწყვეტას სხვების ხარჯზე", - თქვა სისიმ კომენტარებში, რომელიც გავრცელდა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MENA-ს მიერ.

ჯერჯერობით, რაფაჰის გადასაკვეთად პალესტინელების მასობრივი შეკრება არ დაფიქსირებულა.

სამხედროებმა საზღვართან ახალი პოზიციები დაიკავეს და პატრულირებაც გახშირდა.

რაფაჰი ერთადერთი შესაძლო გადასასვლელი პუნქტია სინაიში ღაზის 2,3 მილიონი მოსახლისთვის. მჭიდროდ დასახლებული სექტორის დანარჩენი ნაწილი გარშემორტყმულია ზღვითა და ისრაელით, რომელმაც ღაზის სრული ბლოკადა გამოაცხადა.

ეგვიპტე, პირველი არაბული ქვეყანა, რომელმაც ისრაელთან მშვიდობა დაამყარა, შუამავალი იყო ისრაელსა და პალესტინელღა ფრაქციებს შორის ღაზაში წინა კონფლიქტების დროს და ცდილობს ზეწოლას ამჟამინდელი ბრძოლების შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლადაც.

რაფაჰის მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოება კაიროს განსაკუთრებით აშფოთებს, რადგან სინაი იყო იმ ისლამისტური ამბოხების კერა, რომელიც ათი წლის წინ გაჩაღდა. "ჰამასი", რომელიც 2007 წლიდან მართავს ღაზის სექტორს, იზიარებს "მუსლიმთა ძმების" ისლამისტურ იდეოლოგიას, მოძრაობის, რომელიც ეგვიპტეში კანონით აკრძალულია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG