ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ - ვითარება ღაზაში


75-წლიანი კონფლიქტის განმავლობაში, ყველაზე სისხლიანი თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზაზე ყველაზე ძლიერი საჰაერო დარტყმები განახორციელა. „ჰამასი“ თელ-ავივს აფრთხილებდა, რომ ღაზის სექტორში, თითოეულ სახლზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელიდან გატაცებულ ტყვეებს სიკვდილით დასჯიდა. ისრაელის თავდასხმების შედეგად, განადგურებულია ღაზის მთელი რიგი რაიონები.

ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში ყველაზე სასტიკი თავდასხმის შემდეგ, როცა ისლამისტმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ქვეყნის ქალაქები დაარბია, ქუჩებსა და სახლებში დახოცა ისრაელელი მოსახლეობა, ნაწილი კი ტყვედ აიყვანა, თელ-ავივმა „ძლიერი შურისძიების“ პირობა დადო. გამოიძახა ასობით ათასი რეზერვისტი და ღაზის სექტორი, სადაც 2,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრული ალყის ქვეშ მოაქცია.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს მიაღწია. მათ შორის უმეტესობა სამოქალაქო პირია, რომელებიც საკუთარ სახლებში, ქუჩებში, წვეულებებსა და ფესტივალებზე მოკლეს. მიმომხილველთა შეფასებით, „ჰამასის“ ეს თავდასხმა, ისლამისტი ტერორისტების მიერ 9/11-ის ტერაქტის შემდეგ განხორციელებულ ყველა თავდასხმას აჭარბებს.

„ჰამასმა“ ათობით ისრაელელი და უცხოეთის მოქალაქეები, ღაზაში მძევლად წაიყვანა და ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ქუჩაში, ბრბოში ჩამოატარა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის საპასუხო დარტყმებმა, სულ მცირე, 770 ადამიანი იმსხვერპლა, 4000-ზე მეტი კი დაიჭრა.

გაერომ განაცხადა, რომ ღაზაში 180 000-ზე მეტი მოქალაქე დარჩა უსახლკაროდ, ბევრი მათგანი ქუჩაშია დარჩენილი ან სკოლებს აფარებს თავს.

ღაზის ხან იუნისის საავადმყოფოს მორგში ცხედრები იატაკზე დაასვენეს. მედიკოსებმა დაღუპულთა ახლობლებს მოუწოდეს, რომ ცხედრები სწრაფად წაეღოთ, რადგან გარდაცვლილებისთვის ადგილი აღარ იყო.

„ღაზაში, არც ერთი ადგილი არ არის უსაფრთხო, როგორც ხედავთ, ყველაგან დარტყმები ხორციელდება“ - თქვა 35 წლის აბასან ალ-ქაბირამ, რომელიც ოჯახთან ერთად თავშესაფარს ეძებდა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა, რომელმაც "ჰამასის" შეტევა დაგმო, განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ზარალდებიან საცხოვრებელ კორპუსებზე, სკოლებსა და გაეროს შენობებზე თავდასხმის შედეგად.

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ნათელია: მშვიდობიან მოსახლეობაზე მუდმივი ზრუნვის ვალდებულება და თავდასხმების დროს, სამოქალაქო ობიექტების დაზოგვა“ - თქვა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.

სისხლის კვალი

ისრაელში,“ჰამასის“ მიერ შაბათის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა სრული ოფიციალური რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. სამხრეთ ქალაქ ბეერიში, სადაც 100-ზე მეტი ცხედარი იქნა ნაპოვნი, მოხალისეებმა ყვითელ ჟილეტებსა და პირბადეებში, მიცვალებულები სახლებიდან საკაცით გაიყვანეს. ცხედრებს პოულობდნენ სამზარეულოებში, მისაღებ ოთახებში, მათი გამოსვენებისას კი იატაკზე სისხლის ფართო კვალი რჩებოდა.

"რაც ყველაზე მეტად მინდა, ამ კოშმარიდან გაღვიძებაა", - თქვა ელად ჰაკიმმა, მუსიკალურ ფესტივალზე თავდასმისას გადარჩენილმა. ფესტივალზე, „ჰამასმა“, წვეულებაზე მყოფი 260 ადამიანი მოკლა. "ყველაფერი ისეთი საოცარი იყო, საუკეთესო წვეულება, რომელზეც ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში, მანამ სანამ... სამოთხიდან ჯოჯოხეთში, ერთ წამში."

ისრაელის შემდეგი ნაბიჯი, შესაძლოა, ღაზის სექტორზე სახმელეთო შეტევა იყოს, ტერიტორიაზე, რომელიც მან 2005 წელს დატოვა. 2007 წლიდან კი, მას შემდეგ, რაც ღაზაში ძალაუფლება „ჰამასმა“ აიღო, სექტორი ბლოკადაშია მოქცეულ. ორშაბათს, ისრაელი მიერ გამოცხადებული სრული ალყა, საწვავისა და საკვების მიწოდების გზებს დაბლოკავს.

„ჰამასის“ წევრები, „ღაზაში ვერსად დაიმალებიან, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით“ - თქვა ისრაელის სამხედრო სპიკერმა, ადმირალმა დანიელ ჰაგარიმ. სამშაბათს გამთენიისას მან განაცხადა, რომ წინა დღის შემდეგ, ღაზადან ისრაელში შეღწევა არ დაფიქსირებულა.

საერთაშორისო რეაქციები და პოლიტიკური შედეგები

შაბათის „ჰამასის“ თავდასხმებმა და ისრაელის საპასუხო რეაქციამ, ახლო აღმოსავლეთში გადამწყვეტ მომენტში, როცა ისრაელი საუდისს არაბეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ შეთანხმების მიღწევის ზღვარზე იყო, დიპლომატების გეგმები და მოლოდინები გააცამტვერა.

დასავლეთის ქვეყნებმა, ისრაელის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს. არაბულ ქალაქებში კი, პალესტინელების მხარდამჭერი საპროტესტო გამოსვლები იმართება.

ირანმა, ჰამასის მფარველმა, ისრაელზე თავდასხმები იზეიმა, მაგრამ უარყო მათში უშუალო როლი.

„ჩვენ ვკოცნით მათ ხელებს, ვინც სიონისტურ რეჟიმზე თავდასხმა დაგეგმა“, - თქვა უზენაესმა ლიდერმა ალი ხამენეიმ სატელევიზიო გამოსვლაში პალესტინის ყელსახვევით, თუმცა მან დასძინა, რომ არასწორია ბრალდებები, რომ მის უკან თეირანი დგას.

ორშაბათს ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე მომაკვდინებელმა შეტაკებამ გააჩინა ომის მეორე ფრონტის შიში, სადაც ირანის კიდევ ერთი წამყვანი მოკავშირე ამ მხარეში, ლიბანში დაფუძნებული "ჰეზბოლას" მოძრაობა ჩაერთო ბრძოლაში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG