ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟენევის დისკუსიების პოლიტიკური ფონი და ქვეტექსტები


მავთულხლართები ხურვალეთში
მავთულხლართები ხურვალეთში

ჟენევაში ქართულ-რუსული მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი იმავენაირად დასრულდა, როგორც ყველა წინამორბედი - მხარეებმა კვლავ დააფიქსირეს განსხვავებულ პოზიციებზე დარჩენის შესახებ. თუმცა, სიახლე შეხვედრისას მაინც იყო გამოხატული ქვეტექსტებში, პოლიტიკურ ფონზე, რაც შექმნილია რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომიდან გამომდინარე.

ჟენევაში, მოლაპარაკებების დროს რუსეთის მხარე, როგორც წესი, მოლაპარაკების მაგიდას ტოვებს, ტრადიციულად, მას შემდეგ, რაც ქართული მხარე აყენებს დევნილთა დაბრუნების საკითხს. ეს, ერთგვარად უკვე შეჩვეული და ბევრჯერ გადათამაშებული „წესია“. არც 59-ე რაუნდი ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი.

„ეს არაა მკვლელობა, რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როცა ვიცით, რომ მესაზღვრეები კანონის დაცვით მოქმედებდნენ? ამის შეფასება მკვლელობად არაა სწორი"
მიხეილ გალუზინი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ გინტურის მკვლელობაზე

რუსულმა დელეგაციამ უკმაყოფილება დააფიქსირა გაეროს რეზოლუციის გამოც დევნილთა დაბრუნების საკითხზე. ისინი მას უწოდებენ „სერიოზულ გამაღიზიანებელს“ ჟენევის დისკუსიებისთვის, რომელიც „ხელს უშლის ჰუმანიტარულ საკითხებზე მოლაპარაკებებს“. ამბობენ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია „პოლიტიზებულია“, საქართველოს მიერ მისი ყოველ წელს კენჭისყრაზე დაყენება რუსეთს ყელზე ადგას.

საქართველოს წარმომადგენლები, შეხვედრის შემდეგ, ამბობდნენ, რომ რა თქმა უნდა, დააყენეს დევნილთა დაბრუნების, ადამიანთა გატაცებებისა და ბორდერიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხები და მოსთხოვეს პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობის გამო რუსულ მხარეს.

რუსული მხარე გინტურის მკვლელობაზე კომენტირებისას „ტერმინოლოგიის გასწორებისკენ“ მიუთითებდა ჟურნალისტებს. მათ თქვეს, რომ ეს არაა მკვლელობა, რაც წინასწარ განზრახულ და დაგეგმილ დანაშაულს გულისხმობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები იქცეოდნენ „კანონის ფარგლებში“, რადგან მათ პირისპირ იმყოფებოდა„ცულით შეიარაღებული ადამიანი“. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რუსული მხარე გინტურის მკვლელობაზე პასუხისმგებლობას იხსნის.

„რისთვის უნდა დავსაჯოთ ვინმე, როცა ვიცით, რომ მესაზღვრეები კანონის დაცვით მოქმედებდნენ? ამის შეფასება მკვლელობად არაა სწორი,“- ამბობს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი.

თამაზ გინტურის (მარჯვნივ) სასტიკ მკვლელობაზე რუსეთი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის
თამაზ გინტურის (მარჯვნივ) სასტიკ მკვლელობაზე რუსეთი ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის

რუსული მხარისგან განსხვავებული პოზიცია გამოხატა შეხვედრიდან გამოსულმა ევროკავშირის წარმომადგენელმა ტოივო კლაარმა. მან თქვა, რომ ყველამ უნდა იზრუნოს, რათა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან შეიქმნას ისეთი ვითარება, რა დროსაც ადგილობრივად მცხოვრებ მოქალაქეებს არ შეეშინდებათ ეკლესიებში და ახლობელთა საფლავებზე მისვლა და არ ექნებათ საფრთხის განცდა, რომ ამ დროს შეიძლება ისინი დააკავონ, ან მოკლან.

რუსები ამბობენ, რომ ესაა სუვერენული ტერიტორიები. ისევ ცინიკური მიდგომაა. თავის თავს მედიატორებად მიიჩნევენ
ლაშა დარსალია, საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილე

მისივე თქმით, შეხვედრაზე განსაკუთრებულად დიდი დრო დაეთმო თამაზ გინტურის საკითხს. რუსული მხარე ღიად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ამბობს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოქალაქეებს უნდა აუხსნან და გააგებინონ, არ გადაკვეთონ „საზღვარი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია ჟენევიდან აცხადებდა, რომ დე-ფაქტო ტერიტორიებზე მილიტარიზაციის პროცესი გრძელდება. „ისინი [რუსები] ამბობენ, რომ ესაა სუვერენული ტერიტორიები. ისევ ცინიკური მიდგომაა. თავის თავს მედიატორებად მიიჩნევენ... თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ საერთაშორისო სამართლისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, ვალდებულებები გააჩნია რუსეთის ფედერაციას. მათ შორის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით, რომელიც ხელმოწერილია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიერ,“- ამბობს ლაშა დარსალია.

სოფელი ხურვალეთი, საოკუპაციო ხაზი
სოფელი ხურვალეთი, საოკუპაციო ხაზი

„ექვს პუნქტიანი“ შეთანხმება, რომელიც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მიერ, საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობითაა ხელმოწერილი, 2008 წლის 12 აგვისტოს დაიდო. სწორედ ეს შეთანხმებაა ჟენევის მოლაპარაკებებისთვის საბაზისო დოკუმენტი. რუსული მხარე ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში რამდენიმე, ერთმანეთისგან დაპირისპირებულ მიდგომას ავითარებს.

„სოხუმისა და ცხინვალის მომავალი უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა განპირობებულია ნატოს მზარდი გააქტიურებით შავი ზღვის რეგიონში. ალიანსთან საქართველოს სამხედრო თავსებადობის გეგმის რეალიზაციის გამო, აქ თავს იყრის სხვადასხვა ტიპის თანამედროვე იარაღი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ერთი მხრივ, რუსეთი შეთანხმებას აღიარებს, რადგან ამ შეთანხმების საფუძველზე უშვებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოლაპარაკებებზე, მეორე მხრივ კი არ აღიარებს შეთანხმებას, რადგან მიიჩნევს, რომ „განსხვავებული პოლიტიკური ვითარება შეიქმნა“. განსხვავებულობაში იგულისხმება ის, რომ 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებიდან ორიოდე კვირაში რუსეთის ფედერაციამ ეგრეთ წოდებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო.

უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურებულია საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა ეგრეთ წოდებული „საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციისა“ და ძალის გამოუყენებლობის თაობაზე შეთანხმებაზე ხელმოწერის მიმართულებით. საქართველოს ოფიციალური პოზიციაა, რომ ერთადერთი საზღვარი, რასაც ცნობს, ესაა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. მათ შორის, რუსეთის ფედერაციასთან - აფხაზეთის მიმართულებით ფსოუზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კი როკის გვირაბთან.

„საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის“ საკითხი ასევე მწვავედ ისმის ინციდენტების პრევენციის ფარგლებში მოლაპარაკებებზეც, რაც ერგნეთში იმართება ხოლმე. ეს უკანასკნელი არის ჟენევაში მიმდინარე შეხვედრების ერთგვარი „არაპოლიტიკური“ განყოფილება. ანალოგიური შეხვედრის ფორმატი არსებობდა გალის მიმართულებითაც 2018 წლამდე, თუმცა ის დე-ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების ინიციატივით ჩაიშალა.

ახლა, აფხაზური მხარე სულ უფრო ხშირად საუბრობს შეხვედრების აღდგენის საჭიროებაზე, მაგრამ თბილისი, რომელიც მანამდე შეხვედრების ჩაუტარებლობის გამო გამოხატავდა უკმაყოფილებას, ახლა სულაც არაა აღტაცებული აფხაზური ინიციატივის გამო.

რა შეიცვალა? შეიცვალა უსაფრთხოების საკითხი რუსეთისთვის, მიიჩნევს „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელი ნუკრი ნოდია. ეს რომ შესაძლოა, მართლაც, ასე იყოს, ადასტურებს რუსეთის ფედერაციისა და დე-ფაქტო ცხინვალის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც და აფხაზეთის მონდომებაც გალში მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე.

რუსული საოკუპაციო ზონა, მდინარე ენგურს გაღმა
რუსული საოკუპაციო ზონა, მდინარე ენგურს გაღმა

აფხაზეთი საქართველოს მოლაპარაკებების აღდგენას გალში კი სთავაზობს, მაგრამ თავისი პირობებით. პირობა რამდენიმეა, მათ შორის, ერთია ლოკაციის და მეორე - შეხვედრის წესის ცვლილება. 2018 წლამდე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს გალში, რომლის ფასილიტაციასაც ეუთო აკეთებდა, შეხვედრისთვის მიმავალი საქართველოს წარმომადგენლები ავტომანქანებით ენგურის ხიდს გადაივლიდნენ და დაახლოებით, 4 კილომეტრში შეხვედრის ადგილას ხვდებოდნენ. ხიდის გადაკვეთისას ისინი პირადობის მოწმობას აჩვენებდნენ საგუშაგოზე, ავტომანქანიდან გადასვლის გარეშე.

რუსეთს სჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურა და გალის მოლაპარაკებებისთვის თითქოსდა ახალი ლოკაციისა და მშენებლობების საკითხიც მასზეა მიბმული - ერთგვარი კამუფლაჟისთვის სამხედრო ინფრასტურქტურის გასამართად.
ნუკრი ნოდია, "მოძრაობა აფხაზეთისთვის"

ახლა, იმ საკითხზე აპელირებით, რომ აფხაზებისთვის აფხაზეთი დამოუკიდებელი რესპუბლიკაა, რომლის „საზღვარიც“ საქართველოს წარმომადგენლებმა უნდა გადაკვეთონ, ისინი მოითხოვენ არა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების წარმოდგენას საქართველოს დელეგაციის მხრიდან, არამედ პასპორტის, როგორც ეს შეესაბამება ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას ქმედებას. საქართველოსთვის აფხაზეთი განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად, არავინ დათანხმდება მსგავს დამამცირებელ პირობას. ამ „უხერხულობის“ თავიდან ასარიდებლად, აფხაზურმა მხარემ ერთ „გამოსავალს“ მიაგნო.

იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაციას ვითომდა, პასპორტების წარდგენა არ დასჭირდეს „საზღვარზე“, მათ შეხვედრისთვის შენობის მოწყობა ენგურის ხიდის სიახლოვეს დაიწყეს და ფართო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩაერთნენ. საქართველოში ფიქრობენ, რომ ეს მშენებლობა დაკავშირებულია არა აფხაზეთის, არამედ რუსეთის უსაფრთხოების საკითხთან.

უკრაინასთან წამოწყებული ომის გამო, რუსეთი სულ უფრო და უფრო ეხვევა თავისსავე ხაფანგში. ცოტა ხნის წინ განაახლეს სამუშაოები ოჩამჩირის პორტში, სადაც, შესაძლოა, რუსულ ხომალდებს თავშესაფარი დასჭირდეთ. თუმცა ცხადია, რომ ეს საკმარისი არაა და რუსეთს უფრო მეტი საზღვაო პერიმეტრი დასჭირდება, მასზე მიბმული ინფრასტრუქტურით იმისთვის, რომ შავ ზღვაში პოზიციები შეინარჩუნოს და გეგმა „ბ“ დააზღვიოს.

ნუკრი ნოდია „მოძრაობა აფხაზეთისთვის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ რუსეთს სჭირდება დამატებითი ინფრასტრუქტურა და გალის მოლაპარაკებებისთვის თითქოსდა ახალი ლოკაციისა და მშენებლობების საკითხიც მასზეა მიბმული - ერთგვარი კამუფლაჟისთვის სამხედრო ინფრასტურქტურის გასამართად.

ოკუპირებული აფხაზეთი, ოჩამჩირეს რკინიგზის მონაკვეთი
ოკუპირებული აფხაზეთი, ოჩამჩირეს რკინიგზის მონაკვეთი

საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ჟენევის მოლაპარაკებების საკითხზე მიბმულია შავი ზღვა და ნატო. თავის განცხადებაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამას პირდაპირ წერს. „სოხუმისა და ცხინვალის მომავალი უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა განპირობებულია ნატოს მზარდი გააქტიურებით შავი ზღვის რეგიონში. ალიანსთან საქართველოს სამხედრო თავსებადობის გეგმის რეალიზაციის გამო, აქ თავს იყრის სხვადასხვა ტიპის თანამედროვე იარაღი“,- ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ ჟენევის მოლაპარაკებების ანგარიშში.

ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა აშშ საელჩომ, სადაც ნათქვამია იმის თაობაზე, რომ შეხვედრაზე შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი ცალსახა ვალდებულება ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით - გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე.

„რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც რუსეთის მიმდინარე ბორდერიზაცია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული და საქართველოს განუყოფელი ნაწილებია.
აშშ-ის საელჩო საქართველოში

„რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც რუსეთის მიმდინარე ბორდერიზაცია. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული და საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს დიდი ხნის ვალდებულებას, არ გამოიყენოს ძალა კონფლიქტის მოსაგვარებლად,“- ნათქვამია განცხადებაში. აქვე, არის ნახსენები უკრაინაც.

„რუსეთის არაპროვოცირებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გვახსენებს, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში არ არის იზოლირებული. ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ქცევას, ისევე როგორც ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას,“- აღნიშნულია აშშ-ს წარმომადგენლის შეფასებაში.

ჟენევის ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შეიქმნა და ის ერთადერთია, სადაც საქართველოს დელეგაცია რუსეთის წარმომადგენლებს ხვდება, საერთაშორისო პარტნიორების - აშშ-ს, ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს თანხლებით. მოლაპარაკების მაგიდასთან იმყოფებიან დე-ფაქტო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგნლები.

შეხვედრები, როგორც წესი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ფორმატების ჭრილში. 5 და 6 დეკემბერს მოლაპარაკება 59-დ გაიმართა.

საოკუპაციო ზონა, გალი, საქართველო
საოკუპაციო ზონა, გალი, საქართველო

XS
SM
MD
LG