ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: უღრმესი პატივისცემითა და თანაგრძნობით ვიხსენებთ მათ, ვინც რუსულმა ძალებმა მოკლეს, დაჭრეს და გადაასახლეს


აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ სახელმწიფო საქართველოში და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. შეერთებული შტატები რჩება საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. რუსეთის ქმედებებმა სამუდამოდ შეცვალა იმ მოქალაქეეების ცხოვრება, ვისაც ეს კონფლიქტი შეეხო. უღრმესი პატივისცემითა და თანაგრძნობით ვიხსენებთ მათ, ვინც რუსულმა ძალებმა მოკლეს, დაჭრეს და გადაასახლეს", - ვკითხულობთ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, რუსეთის ქმედებები ამ ოკუპაციის დროს, მათ შორის კრემლის მავნებლური დეზინფორმაციული კამპანიები, ე.წ "ბორდერიზაცია" და მასობრივი გადააადგილება კვლავ იწვევს ენით აღუწერელ სიძნელეებს. დიპლომატიური უწყება განმარტავს, რომ როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ხალხი იტანჯება რუსეთის მიერ საერთაშორისო კანონმდებლობის უგულებელყოფის და მეზობლებზე დომინირების სურვილის შედეგად.

"შეერთებული შტატები კვლავ მოწადინებულია, რომ რუსეთი ანგარიშვალდებული იყოს 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების წინაშე, რომ დაუბრუნოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდელ პოზიციებს და არ შეაფერხოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის [ცხინვალის რეგიონის] ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ეს ქმედებები არის არსებითად მნიშვნელოვანი იმ ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული ადამიანისთვის, რომ ისინი საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ და ღირსეულად იცხოვრონ", - ამბობს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე 7 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ამერიკის მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და მისი დასავლური მისწრაფებების მიმართ ურყევია.

"15 წლის შემდეგაც, ამერიკა ურყევად უჭერს მხარს ქართველ ხალხს და მის უდიდეს სურვილს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, მაშინ როცა ისინი იცავენ საკუთარ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ეძებენ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს", - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG