ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მნიშვნელოვანი პოლიტიკური უპირატესობა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს“ - თეონა აქუბარდია


საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი, თბილისი.
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი, თბილისი.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულის საქმეს იძიებდა, მოკვლევა დაასრულა. გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, საქართველოს მხრიდან არც ერთი მებრძოლის მიმართ ბრალეულობა არ გამოკვეთილა. დამნაშავეებად, საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ფედერაციისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები დაასახელა.

16 დეკემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე გამოძიება დასრულდა. საქმეს ამ ეტაპზე ოთხი ბრალდებული ჰყავს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან დამაშავედაა მიჩნეული გენერალი ბორისოვი, რომელიც ამჟამად ცოცხალი აღარაა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მხრიდან დამნაშავეებად აღიარებული არიან მიხაილ მინძაევი, ჰამლეტ გუჩმაზოვი და დავით სანაკოევი. ამ უკანასკნელთა შესახებ უკვე იყო ცნობილი 30 ივნისის წინასასამართლო პალატის დასკვნიდან და 10 მარტს გაცემული დაპატიმრების ორდერებიდან გამომდინარე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ იგეგმება თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება. ასევე, წინაა რეპარაციების ეტაპი.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ საიტებზე ჰააგის სასამართლოში ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატების შესახებ არანაირი განცხადება არ დევს. „ამერიკის ხმა“ რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა პრემიერის, როგორც გამარჯვებული მხარის წარმომადგენლის კომენტარის მოპოვებას, რაც ვერ მოხერხდა. მივიღეთ პასუხი, რომლის მიხედვით, უკვე არსებობს რამდენიმე მინისტრის კომენტარი ამ საკითხზე, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ოფიციალურ განმარტებად.

რატი ბრეგაძის, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „ჰააგის გადაწყვეტილებით, ნათლად დადასტურდა, რომ სიმართლე, თავიდან ბოლომდე არის საქართველოს მხარეს. ამისთვის, იუსტიციის სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებასთან ერთად, გასწია ძალიან დიდი შრომა და მინდა მივულოცო ყველას. კიდევ ერთხელ, ნათლად დადასტურდა, რომ ჩვენი გმირები, ვინც იბრძოდა 2008 წლის ომში, მათ არ დაუსვიათ არც ერთი შეცდომა და ზედმიწევნით დაიცვეს ყველა ის ნორმა, რომელიც მოქმედებს ომის პერიოდში. დიდება მათ ხსოვნას, ჰააგამ წერტილი დაუსვა და თქვა ერთხელ და სამუდამოდ, რომ ამ ომში სიმართლე იყო ქართველი ხალხის და ქართველი გმირების მხარეს. აი, ეს თქვა,“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვიცე პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა, ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 19 დეკემბერს გაიმართა, კითხვაზე ჰააგის სასამართლოს შესახებ სიტყვა-სიტყვით განაცხადა: „ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, არ ვარ საქმის კურსში, შესაბამისად, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას“.

მამუკა ყურაშვილი, გენერალი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:58 0:00

„ამერიკის ხმა“ ესაუბრა გენერალ მამუკა ყურაშვილს, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ქართული სამშვიდობო ძალების მეთაურის პოზიციას იკავებდა. მისი ჩვენება ერთ-ერთია, რაც ჰააგის სასამართლოს მასალებში ფიგურირებს.

„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველას გამარჯვებაა, მხოლოდ ჩვენი დამსახურება არაა. საქართველოსთვის დაღუპულ მებრძოლებს უდიდესი წვლილი აქვთ ამ გამარჯვებაში. ველოდით ამ შედეგს წლების განმავლობაში, 90-იანი წლებიდან. მთელი საქართველო ელოდა, რომ ქართული სიმართლე გამოაშკარავებულიყო. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა,“- გვეუბნება გენერალი. ის აღნიშნავს ეგრეთ წოდებული „ისკანდერის“ საკითხს, რომელზეც კულტრის მინისტრიმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ იმ დროინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო ექსპერტებს დაუმალა საქართველოს სასარგებლოდ არსებული მტკიცებულებები. თეა წულუკიანის აზრით, ასეთია „გადამალული ისკანდერის“ შემთხვევა, რომელიც, როგორც ნივთიერი მტკიცებულება აკრძალული რუსული იარაღისა საქართველოს ტერიტორიაზე, ქვეყანაში აღარ იყო. მამუკა ყურაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ გორში ჩამოვარდნილი ისკანდერი, რომლის ნაწილი ცენტრალურ მოედანზე ეგდო, ნაწილი კი ერთ-ერთი მოქალაქის სახლში, სტრატეგიულ პარტნიორებს გადაეცა, რაც არ ნიშნავდა „მტკიცებულების გაქრობას“. მისივე აზრით, რუსეთის ფერედაციიდან დამნაშავეთა სია გაგძელდება.

„ტრაგედია და დანაშაული რუსეთის ფაშისტური ძალების მხრიდან ახლაც გრძელდება უკრაინაში. ვფიქრობ, რუსეთის მხრიდან დამნაშავეების სია გაიზრდება. ეს ქართულ მხარესთან მიმართებით მოიხსნა კითხვები. ჩვენ ვმოქმედებდით ჩვენ ტერიტორიაზე. ჩვენ არ დაგვირღვევია საზღვარი. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არც ერთ ქართველ ჯარისკაცს ფეხი არ დაუდგამს. ჩვენ არ ჩაგვიდენია დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ჩვენ არ მოგვიწყვია გენოციდი. სწორედ ამ კითხვებზე გასცა პასუხი ჰააგის გამოძიებამ. დამნაშავეთა სია ჯერ მწირი ჩანს, ის აუცილებლად გაიზრდება. ვიცი, უკრაინაშიც მუშაობს ჰააგის ტრიბუნალი და ენით აღუწერელი დანაშაულია ჩადენილი“,- გვეუბნება მამუკა ყურაშვილი.

„ამერიკის ხმასთან“ პარლამენტარმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამაც ისაუბრა, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თამჯდომარის მოადგილეა.

„2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთი ცდილობდა დაედანაშაულებინა საქართველო, რომელმაც თითქოს წამოიწყო ეს ომი. მათ შორის ჩვენ გვახსოვს რუსული პროპაგანდა, ტალიავინის დასკვნა, რომელიც ასევე იყო რუსული პროპაგანდის მიერ გამოყენებული. ამ, 2008 წლიდან დაწყებულ პროპაგანდას, საბოლოო ჯამში, წერტილი დაუსვა ჰააგის სასამართლომ ახლა, მანამდე სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც რუსეთი აღიარა ერთადერთ ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებლად ოკუპირებულ რეგიონებში. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამარჯვება იყო. ახლა კი ჰააგაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართველ სამხედროებს არ მიუძღვით არანაირი ბრალი. დამნაშავეები არიან ის პირები, მათ შორის სამხედრო პირები, ვისაც ბრალი ჰქონდა წარდგენილი ჰააგის მიერ,“- გვეუბნება თეონა აქუბარდია.

დეპუტატი საუბრობს იმის შესახებაც, რომ რამდენიმე თვის წინ გამოცხადებული ომის დამნაშავეების რიცხვს დაემატა რუსი გენერალი, რომელიც უკვე აღარაა ცოცხალი. აქუბარდია ელის სიის გაგრძელებას. „აქ არაა საუბარი მხოლოდ ოთხ ადამიანზე, რომელსაც ბრალი წარედგინა. სამართლებრივი ბრძოლის დასრულებას ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. ესაა მნიშვნელოვანი პოლიტიკური უპირატესობა, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის ხსენებას ერიდება საქართველოს ხელისუფლება, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ეს ბრძოლა არის გასაგრძელებელი, სამართლებრივ ჭრილში, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნებით, ვიდრე ეს დღეს გვაქვს,“ - აცხადებს თეონა აქუბარდია.

„ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა ნინო იობაშვილმა, პარლამენტის დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. მისი განცხადებით, საქართველომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე.

„ესაა მორიგი გამარჯვება მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება 2021 წლის იანვარში, სტრასბურგში. როდესაც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ ეფექტურ კონტროლს ახორციელებდა რუსეთის ფედერაცია. ახლა ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წელს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ ჰუმანიტარული სამართლის სრული დაცვით და მათ სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენიათ. ჰააგამ თქვა ისიც, რომ დამნაშავეები, ვინც მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს, არიან რუსეთის ფედერაციის და მაშინდელი სეპარატისტების, ახლა უკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები.“

ნინო იობაშვილი, პარლამენტარი, "ქართული ოცნება"
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:59 0:00

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე იმის შესახებ, თუ რამდენად რელევანტურია საქართველოს ხელისუფლების რეაქცია ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაზე, ნინო იობაშვილი გვეუბნება, რომ „ჩვენი საპარლამენტო წარმომადგენლების მხრიდან, ისევე როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა შესაბამისი განცხადებები. ვერ ვიტყვი, რომ ამას ჰქვია სიჩუმე. პირიქით, ჩვენ ამას ძალიან დიდ გამარჯვებად მივიჩნევთ ამას და რომ არა ჩვენი ხელისუფლების, იუსტიციის სამინისტროს ძალიან აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, ისევე როგორც გენერალური პროკურატურისა და სხვა შესაბამისი უწყებებისა, არ ვიცი, ეს შედეგი რამდენად დადგებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს და უშუალოდ, ხელისუფლების როლი. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ და მივიღეთ დამსახურებული გამარჯვება.“

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ ჰააგის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას. ამ გამოხმაურების თანახმად, საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განხილულია, როგორც რუსეთზე ზეწოლა, უკრაინის კონტექსტიდან გამომდინარე.

რუსეთის ფედერაციას არ უთანამშრომლია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. მათ უფლება არ მიუციათ საერთაშორისო ექსპერტებისთვის დამოუკიდებელი მოკვლევა ჩაეტარებინათ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. დამკვირვებლები, უბრალოდ, არ შეუშეს. 2016 წელს კი რუსეთის ფედერაცია საერთოდ გაეთიშა რომის სტატუტის ხელშემკვრელ ქვეყნებს, უკან გაიწვია რა 2003 წელს გაკეთებული თავისი ხელმოწერა ჰააგის სასამართლოს წესდებაზე (რომლის რატიფიცირება არასდროს მოუხდენია). ამდენად, რუსეთის ფედერაციას ოფიციალურად აღებული ვალდებულება არ გააჩინია საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, გადასცეს დამნაშავეები ტრიბუნალს. მიუხედავად ამისა, რუსეთის ფედერაციას არ დაზარებია ჰააგაში წარედგინა „მტკიცებულებები“ ქართელი სამხედროების წინააღმდეგ.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იკვლევდა საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ომის დანაშაულს 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის პერიოდში. 2008 წლის 7 აგვისტომდე - ეს ის დროა, როდესაც მკვეთრად გამწვავდა ვითარება შიდა ქართლში, ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ. 10 ოქტომბერი კი გახლავთ თარიღი, როდესაც რუსმა ჯარებმა დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის სოფლები და განლაგდნენ იმ ტერიტორიაზე, რასაც ამ დრომდე აკონტროლებენ, 2008 წლის 13 აგვისტოს შეთანხმების მიუხედავად. შიდა ქართლისა და აფხაზეთის მიმართულებით ბორდერიზაციის (რუსი სამხედროების მიერ საქართველოს ტერიტორიის მიტაცების) პროცესი დღემდე აქტიურია.

XS
SM
MD
LG