შეერთებული შტატების სენატმა 7 დეკემბერს ვერ შეძლო გადაუდებელი ხარჯებისთვის გათვალისწინებული ახალი კანონპროექტის დამტკიცება. ის უკრაინის და ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მილიარდობით დოლარის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებდა.
დემოკრატი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ კანონპროექტს რესპუბლიკელების ნაწილი აფერხებდა. ისინი წინაპირობად ითხოვდნენ უფრო მკაცრი ზომების მიღებას შეერთებული შტატების საზღვრების უკეთ დასაცავად და მექსიკის საზღვარზე სამხრეთ ამერიკიდან მიგრაციის გასაკონტროლებლად.
კენჭისყრაზე ყველა რესპუბლიკელმა ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა. 49 სენატორი მისი მომხრე იყო, 51 კი - წინააღმდეგი. 110.5 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის დამტკიცებას 100-წევრიან სენატში 60 მომხრე ესაჭიროება. დებატების გაჭიანურება კი საფრთხეს უქმნის უკრაინისთვის კრიტიკულად საჭირო დახმარების დროულად, წლის დასასრულამდე დამტკიცებას, ვინაიდან სენატის შემდეგ, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაინაცვლებს, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ.
უკრაინის დახმარებისთვის საჭირო თანხების ამოწურვის ფონზე, თეთრმა სახლმა იმავე დღეს განაცხდა, რომ მანამდე, უკრაინას რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად, ქვეყნისა და თავისუფლების დასაცავად, დამატებითი დახმარების სახით 175 მილიონ დოლარს მიაწვდის. პარალელურად, ამერიკის პრეზიდენტმა კონგრესის წევრ რესპუბლიკელებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინას სამხედრო დახმარების პაკეტი დროულად დაუმტკიცოს.
ჯო ბაიდენმა კანონმდებლები გააფრთხილა, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმის პოზიციაში იქნება. „თუ პუტინი უკრაინას დაიპყრობს, ის იქ არ გაჩერდება“, - თქვა მან. ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის შემდეგ თავს დაესხმება ნატოს მოკავშირე სახელმწიფოს, რის შემდეგაც ამერიკული ჯარი რუსეთის ჯარის პირისპირ ბრძოლაში აღმოჩნდება. "ჩვენ პუტინს გამარჯვების უფლებას ვერ მივცემთ", - თქვა პრეზიდენტმა.
Facebook Forum