ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს, რომ ევროპის თავდაცვითი ინდუსტრიის სტრატეგიამ უკრაინის სამხედრო საჭიროებები უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ მან 30 ნოემბერს, ევროკავშირის თავდაცვის სააგენტოს კონფერენციაზე განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უკრაინა უნდა იყოს ინტეგრირებული ევროკავშირის თავდაცვის პროგრამებში. ფონ დერ ლეიენის თქმით, ეს კიევს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.
"ჩვენი სტრატეგია სრულყოფილი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს, თუ იგი გაითვალისწინებს უკრაინის საჭიროებებს და მის სამრეწველო პოტენციალს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
ამ იდეის განხორციელებისკენ გადადგმულ პირველი ნაბიჯებად, ევროკომისიის პრეზიდენტი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარების შესახებ კონსულტაციებში უკრაინის ჩართვას მიიჩნევს.
აგვისტოში ტოლედოში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, უკრაინისთვის 20 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ფონდის შექმნის შესახებ გამოცხადდა.
კიევი 2024 წლიდან 2027 წლამდე ყოველწლიურად მიიღებს 5 მილიარდ ევროს დაფინანსებას იარაღისა და სასწავლო პროგრამებისთვის. ამის შესახებ ზაფხულში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ევროკავშირი 2024-2027 წლებზე გათვლით, ასევე ამზადებს დაახლოებით 50 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების პაკეტს უკრაინისთვის. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა 14-15 დეკემბერს გამართულ სამიტზე ამ დახმარების პაკეტს კენჭს უყრის. ამავე დროს, ევროკავშირი აცხადებს, რომ მათ აქვთ სათადარიგო გეგმა იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთი ვეტოს გამოიყენებს და დახმარებას დაბლოკავს.
Facebook Forum