ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 9 ნოემბერს ტელეკომპანია "ფოქსთან" ინტერვიუში თქვა, რომ ისრაელი არ არის დაინტერესებული ღაზის დაპყრობით, არც მისი ოკუპაციით ან მართვით. თუმცა, კვირის დასაწყისში ისრაელის ლიდერმა განაცხადა, რომ ისრაელი გააკონტროლებს ღაზის უსაფრთხოებას. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახით მოხდება ეს.
"ფოქსთან" ინტერვიუში ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს დაპირისპირების განმავლობაში არც ცეცხლის შეწყვეტა არ აინტერესებს. "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება "ჰამასთან" დანებების ტოლფასია", - განაცხადა მან.
რაც შეეხება ღაზის უსაფრთხოების კონტროლს, ამერიკულ ტელევიზიას მან მხოლოდ ის უთხრა, რომ ეს "სანდო ძალის" მეშვეობით მოხდება. ნეთანიაჰუს თქმით, ამით შესაძლებელი გახდება იმის უზრუნველყოფა, რომ ისრაელის მიმართ "ჰამასის" იერიშების მსგავსი საფრთხეები განეიტრალდეს:
"ასე რომ, ჩვენ უნდა გვყავდეს სანდო ძალა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შევა ღაზაში და მოკლავს მკვლელებს. ეს არის ის, რაც ხელს შეუშლის "ჰამასის" მსგავსი სუბიექტების ხელახლა გამოჩენას", - თქვა ისრაელის პრემიერმა. ნეთანიაჰუს განცხადებით, აუცილებლად უნდა მოხდეს ტერიტორიის "დემილიტარიზაცია, დერადიკალიზაცია და ხელახლა აშენება".
იმავე დღეს, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ისრაელი 9 ნოემბრიდანვე იწყებს დღეში 4-საათიან ჰუმანიტარულ პაუზებს. ჯონ კირბიმ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა განმარტა, რომ ამ ინტერვალში მოხდება ჩრდილოეთ ღაზაში "ჰამასის" წინააღმდეგ მიმდინარე ისრაელის სამხედრო ოპერაციების შეჩერება, რაც ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ორი მოქმედი არხის საშუალებით, ტერიტორიის დატოვების საშუალებას მისცემს.
ისრაელმა "ჰამასს" ომი 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ გამოუცხადა. დაჯგუფების წარმომადგენლებმაა ისრაელის სამხრეთში შეჭრისას 1 400-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა. "ჰამასმა" ასევე მძევლად აიყვანა 240 ადამიანი. შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირსა და დასავლეთის სხვა ქვეყნებს "ჰამასი" ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.
ღაზის სექტორში მოქმედი ჯანდაცვის სამინისტრო, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს, ამბობს, რომ ისრაელის თავდასხმებმა სექტორში 10 800-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. დაღუპულთა 2/3 ქალები და ბავშვები არიან.
ამ მონაცემების დამოუკიდებლად გადამოწმების საშუალება მედიას არ აქვს, თუმცა გაეროს თქმით, სამინისტროს მონაცემები წარსულში სანდო იყო. 9 ნოემბერსვე, პარიზში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გაეროს იმ სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომელიც პალესტინელებს ეხმარება (UNRWA), თქვა, რომ ისრაელის პასუხმა "ჰამასის" მიერ ჩადენილ „საშინელ ხოცვაზე“ არ უნდა უგულებელყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი.