ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი ღაზაში - ნეთანიაჰუ ამბობს, რომ „მცირე პაუზებისთვის“ მზად არის 


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი „მცირე ტაქტიკური პაუზების“ შესაძლებლობას განიხილავს. მისი თქმით, მზად არის ხელი შეუწყოს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას.

ნეთანიაჰუ აქვე მკაფიოდ ამბობს, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება მანამ სანამ ყველა გატაცებული, რომელიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს აიყვანა, გათავისუფლებული არ იქნება. თავის მხრივ „ჰამასი“ რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული, ამბობს, რომ მძევლების გათავისუფლება არ მოხდება მანამ სანამ ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს.

ამერიკულ ტელეკომპანია „ეი ბი სისთან“ საუბრისას ბენიამინ ნეთანიაჰუს ჰკითხეს რა მოხდება ღაზის სექტორში ომის დასრულების შემდეგ და ვინ აიღებს პასუხისმგებლობას სექტორში უსაფრთხოებაზე.

„ვფიქრობ, ისრაელს განუსაზღვრელი ვადით ექნება მთლიანი სექტორის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა, რადგან ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა იმ შემთხვევაში როდესაც ჩვენ არ გვქონდა ეს პასუხისმგებლობა“,- თქვა ნეთანიაჰუმ ამერიკულ არხთან საუბრის დროს.

თეთრი სახლის ინფორმაციით „ტაქტიკური პაუზის“ შესაძლებლობაზე და მნიშვნელობაზე ამერიკისა და ისრაელის პირველ პირებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი მას შემდეგ გამოუცხადა რაც, 7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე გატაცებულად ითვლება. ისრაელი მძევლების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს და უკვე თითქმის ერთი თვის განმავლობაში ღაზის სექტორში საჰარო და სახმელეთო ოპერაციებს ატარებს. ამ დროისთვის ქალაქი ღაზა ისრაელის ჯარს სრულად აქვს ალყაში მოქცეული.

„ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზაში ამბობენ, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებებს 10 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა მათი თითქმის ნახევარი ბავშვია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG