ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვითარება ღაზის სექტორში - შეტაკებები ისრაელის ჯარებსა და "ჰამასს" შორის


ღაზის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისრაელის ძალები სულ უფრო უახლოვდება ორ ჰოსპიტალს, მათ შორის, ალ შიფას ჰოსპიტალს, სადაც, როგორც ისრაელს მიაჩნია, „ჰამასს“ სამეთაურო ცენტრი აქვს განთავსებული. სექტორის ტერიტორიაზე დღეს ისრაელის სახმელეთო ძალებს და „ჰამასის“ მებრძოლებს შორის შეტაკებები გაგრძელდა.

ამ ფონზე, დამატებით, ათასობით პალესტინელმა, სექტორის ჩრდილოეთიდან, სამხრეთისკენ გადაადგილება დაიწყო. ეს მას შემდეგ, რაც მათ ევაკუაციისკენ ისრაელმა მოუწოდა.


ადგილობრივების განცხადებით, ალ შიფას და ალ-კუდსის ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ რჩება მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლებიც მიმდინარე სახმელეთო ბრძოლების გამო, ევაკუაციას ვერ ახერხებენ. ისრაელი აცხადებს, რომ „ჰამასი“ ორივე ფესტივალს, მართვის ცენტრებისთვის იყენებს.

ამ ფონზე, პარიზში ჰუმანიტარული ორგანიზაციების კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. სააგენტოები, ჰუმანიტარული მიზნებისთვის, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვენ.

„ერთი წუთით დაყოვნებაც კი აღარ შეგვიძლია“, თქვა ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ჟან იეგლენდმა და ისრაელის ქმედებებს „კოლექტიური დასჯა“ უწოდა.

მისი თქმით, „ცეცხლის შეწყვეტის, ალყის მოხსნის, განურჩეველი დაბომბვისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის გარეშე, ადამიანთა სიკვდილი გაგრძელდება“ - თქვა მან.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი რვა ოქტომბერს, მას შემდეგ გამოუცხადა, რაც დაჯგუფების წევრები 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელში შეიჭრნენ და მშვიდობიანი მოქალაქეები განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს. შედეგად, დაიღუპა 1400 ადამიანი, მეტწილად მშვიდობიანი მოქალაქეები. ამასთან, „ჰამასმა“, რომელიც ათობით ქვეყანას, მათ შორის 1997 წლიდან შეერთებულ შტატებს, ტერორისტულ ორგანიზაციად აქვს გამოცხადებული, 240 მშვიდობიანი მოქალაქე დაატყვევა და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანა.

XS
SM
MD
LG