"მსოფლიო სასურსათო პროგრამა" ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის მოწოდებით გამოდის და იქ მყოფი მოსახლეობის დახმარების საშუალების მიცემას ითხოვს. პროგრამის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაიწყო გადაუდებელი დახმარების ოპერაცია, რომელიც 800 000-მდე ადამიანისთვის სურსათის მიწოდებას ითვალისწინებს. ღაზის სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე მყოფებს საკვებზე, სასმელ წყალსა და არსებითი საჭიროების ნივთებზე ხელი არ მიუწვდებათ.
სურსათის სააგენტომ განაცხადა, რომ მათ უკვე დაურიგეს საკვები პროდუქტები 73 000-მდე ადამიანს, ვინც ღაზის სექტორში იძულებით გადააადგილებულ პირთა ბანაკებში იმყოფებოდა. სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ დიდი ალბათობით ადგილზე მარაგები მალე ამოიწურება. გასულ უქმეებზე მომხდარი თავდასხმების შემდეგ ღაზის სექტორსა და ისრაელს შორის ყველა გამშვები პუნქტი დაკეტილია. სურსათის სააგენტოს თქმით, ეს კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს და მათ სექტორში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევს. მაგრამ თუკი მათ მარაგების შევსების შესაძლებლობა ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით მიეცემათ, ისინი საკვებს 300 000 ადამიანს დაურიგებენ
ლინ ჰასტინგის, პალესტინელთა მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ჰუმანიტარული კოორდინატორის თქმით, ღაზის მოსახლეობის უმეტესობას ელექტროენერგია დღეში მხოლოდ სამიდან ოთხ საათამდე აქვს, რაც გავლენას ახდენს საავადმყოფოების ფუნქციონირებაზე. მისი თქმით, ღაზის საავადმყოფოები დაშავებულებითაა გადატვირთული და იწურება სამედიცინო მარაგიც. საწვავი უთავდება სასწრაფო დახმარების მანქანებსაც.
ჰასტინგსმა თქვა, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად ღაზის სექტორის 2,2 მილიონი მცხოვრებიდან სულ მცირე 200 000 იძულებით გადაადგილებულია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს როგორც ისრაელში, ასევე ღაზაში დახმარება შესთავაზა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი ორშაბათს ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ ფატაჰ ალ-სისის შეხვდა, რომელიც დათანხმდა ხელი შეუწყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჰუმანიტარული მარაგების მიწოდებას ღაზაში რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით.
სამშაბათს გაეროს ჰუმანიტარული ხელმძღვანელი მარტინ გრიფიტსი ძალადობის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და თქვა, რომ ჰუმანიტარული დახმარება და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისები და მომარაგება ღაზას სექტორისთვის არ უნდა დაიბლოკოს.
„ჩემი გზავნილი ყველა მხარისადმი ცალსახაა: ომის კანონები დაცული უნდა იყოს“, - თქვა გრიფიტსმა განცხადებაში.
მან მხარეებს მოუწოდა ტყვეების მიმართ ჰუმანური მოპყრობისა და ყველა მძევლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.
მანამდე გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა მიმართა ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს.
”მათ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ თავდასხმები, რომლებიც მიზანში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას, მშვიდობიანი მოსახლეობის არაპროპორციულ სიკვდილს იწვევს და აზიანებს სამოქალაქო ობიექტებს“, - თქვა მან განცხადებაში.
ისრაელის ელჩმა გაეროში მწვავე პასუხი გასცა ამ მოწოდებებს და თქვა, რომ ის „არ მიიღებდა ფარისევლურ, ამორალურ და მოჩვენებით შედარებას“ ისრაელსა და "ჰამასს" შორის.
„ჩვენ გავანადგურებთ "ჰამასის" ტერორისტულ ინფრასტრუქტურას“, - დაამატა გილად ერდანმა.
იმავდროულად, UNRWA-მ, გაეროს სააგენტომ, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს ეხმარება, განაცხადა, რომ ღაზის ქალაქში მისი შტაბ-ბინა ორშაბათს ღამით საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიბომბა. არავინ დაშავებულა, მაგრამ ზარალი დიდია.
„გაეროს შენობები და ობიექტები ყოველთვის უნდა იყოს დაცული, მათ შორის კონფლიქტის დროს“, - თქვა UNRWA-მ.
Facebook Forum