9 ოქტომბერს, ევროკავშირმა უკან დაიხია განცხადებისგან, რომელიც ისრაელზე "ჰამასის", პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფების მიერ მიტანილი იერიშების გამო, პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეწყვეტას ეხებოდა. ევროპის კავშირის ქვეყნების ნაწილმა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ზედმეტი მოსდის.
უთანხმოება ბლოკში მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა სამეზობლოსთან ურთიერთობის და გაფართოების საკითხებში თქვა, რომ ისრაელზე თავდასხმის გამო, პალესტინელებისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა შეჩერდება. ოლივერ ვარჰეის განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ ევროკომისია განიხილავს პალესტინელთა განვითარებისთვის გამოყოფილი დახმარების, რაც 691 მილიონ ევროს შეადგენს, შეჩერებას. ეს დაახლოებით 729 მილიონი დოლარია. ამას გარდა, სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მან ასევე თქვა, რომ ყველა გადარიცხვა "დაუყოვნებლივ წყდება".
ვარჰეის განცხადებამ ევროპის კავშირის წევრთა შორის უკმაყოფილება გამოიწვია. შეშფოთებაზე ზოგ მთავრობაში ხმამაღლა საუბრობდნენ, ზოგან კი ამ გადაწყვეტილებას დახურულ კარს მიღმა აკრიტიკებდნენ. ბლოკის წევრი ქვეყნების ნაწილი ხაზს უსვამს იმას, რომ ეს ნაბიჯი უარყოფით გავლენას იქონიებს პალესტინელ მოსახლეობაზე. ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ კომისიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებასაც კი.
უკმაყოფილების თაობაზე ხმამაღლა განაცხადეს ესპანეთის, ირლანდიის, პორტუგალიის, ლუქსემბურგის წარმომადგენლებმა. „ჩვენი აღქმით, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი ინდივიდუალურად, კომისრის მიერ, ამ სახის ცალმხრივი გადაწყვეტილების მისაღებად, და ჩვენ არ ვუჭერთ მხარს დახმარების შეჩერებას“ - აცხადებს ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი.
ფაქტია, რომ ვარჰეის განცხადებიდან დაახლოებით ხუთი საათის შემდეგ, კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, რომ დაიწყო დახმარების გადაუდებელი განხილვა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ "არ იქნება გადარიცხვების შეჩერება". ამას მოჰყვა ჯოზეფ ბორელის, ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი არ შეაჩერებს "ვადით დათქმულ გადასახადებს".
Facebook Forum