ისრაელმა სამშაბათს განაცხადა, რომ სამხედროებმა ღამით ღაზის სექტორში ასობით სამიზნეს დაარტყეს. თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ მისი ქვეყნის ძალები "ახლა იწყებენ" ბრძოლას ჰამასის მებრძოლების წინააღმდეგ.
ისრაელის სამხედრო სპიკერმა რიჩარდ ჰეხტმა თქვა, რომ ჰამასის 1,500 მებრძოლის ცხედარი იპოვეს ისრაელის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, ორშაბათის შემდეგ, საკუთრივ ისრაელის ტერიტორიაზე არც ერთი მებრძოლი არ შესულა.
ბოლო საჰაერო თავდასხმების სამიზნეები მოიცავდა რიმალის უბანს ღაზაში, სადაც ჰამასის სამთავრობო შენობებია განლაგებული.
”ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ ჩვენი მტრების წინააღმდეგ, უახლოეს დღეებში, მათ მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ”, - თქვა ნეთანიაჰუმ ორშაბათს გვიან ღამით გაკეთებულ მიმართვაში.
ისრაელის ჯარში განაცხადეს, რომ მობილიზებულია 300, 000 რეზერვისტი "შეტევაზე გადასასვლელად" შაბათს, ჰამასის მიერ განხორციელებულ მოულოდნელ თავდასხმაზე საპასუხოდ.
ჰამასის სამხედრო სპიკერი იმუქრება, რომ როგორც კი ისრაელი ღაზის სექტორში, მშვიდობიან მოსახლეობას ამოიღებს სამიზნეში, მისი მებრძოლები 150 მშვიდობიანი მძევლიდან ერთ-ერთს მოკლავენ.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ ისრაელი ღაზას "სრულ ალყაში" მოაქცევს. ეს ნიშნავს, რომ სექტორს ელექტროენერგიაზე, საკვებზე, წყალსა და გაზზე ხელი აღარ მიუწვდება.