ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი რაფაზე იერიშით იმუქრება, თუ რამადანამდე "ჰამასი" მძევლებს არ გამოუშვებს


პალესტინელები ქ. რაფაში ამოწმებენ შენობას, რომელიც ისრაელის დაბომბვის შედეგად დაინგრა. 16 თებერვალი, 2024 წ.
პალესტინელები ქ. რაფაში ამოწმებენ შენობას, რომელიც ისრაელის დაბომბვის შედეგად დაინგრა. 16 თებერვალი, 2024 წ.

ისრაელის ძალები დღეს დილიდან ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილს როგორც ჰაერიდან, ისე ხმელეთიდან უტევდნენ. მათ კვლავ მიიტანეს იერიში ხან-იუნისზე, სამხრეთ ღაზის მთავარ ქალაქზე. მომხდარის ფონზე კი, იზრდება საერთაშორისო შეშფოთება იქვემდებარე ქალაქ რაფაზე მოსალოდნელი შეტევის თაობაზე.

ისრაელის გადამდგარმა გენერალმა ბენი განცმა, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ომის კაბინეტის წევრია, ერთი დღით ადრე თქვა, რომ თუ "ჰამასი" რამადანის დაწყებამდე არ გაათავისუფლებს დარჩენილ მძევლებს, „ბრძოლა რაფაში გაგრძელდება". რამადანი, ანუ მუსლიმთა წმინდა თვე 10 მარტს იწყება.

ღაზის ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, გასულ დღე-ღამეში სექტორში 107 ადამიანია მოკლული. "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის ოპერაციების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 69, 000-ზე მეტია. დაღუპულთა რიცხვი კი 29, 000-ს აჭარბებს. მათი ორი მესამედი ქალები და ბავშვებია.

ისრაელში აცხადებენ, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები ღაზაში, სავარაუდოდ, კიდევ ექვსიდან რვა კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ისრაელის ჯარი ანკლავის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაზე სახმელეთო შეტევისთვის ემზადება. აღნიშნული ინფორმაცია, ანონიმურობის შენარჩუნების პირობით, სააგენტო "როიტერს" ისრაელის სტრატეგიის მცოდნე ოთხმა ოფიციალურმა პირმა დაუდასტურა. მათი აზრით, ეს ოპერაცია შემდეგ გზას გაუხსნის მიზანმიმართული საჰაერო თავდასხმებისა და სპეცრაზმის ოპერაციების უფრო დაბალი ინტენსივობის ფაზას.

მცირეა შანსი იმისა, რომ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ გაითვალისწინოს საერთაშორისო კრიტიკა, რომელიც ქალაქ რაფაში სახმელეთო შეტევასთან დაკავშირებით არსებობს,- ამბობს ავი მელამედი - ისრაელის დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი და 1980-იან და 2000-იან წლებში პალესტინელებთან მომლაპარაკებელი. მისი თქმით, „რაფა ბოლო ბასტიონია, რომელსაც "ჰამასი" აკონტროლებს და ისრაელმა ის უნდა დაშალოს, რათა მიაღწიოს თავის მიზნებს ამ ომში“.

გასული კვირის ბოლოს, 16 თებერვალს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) რაფაში სამხედრო ოპერაციებს გეგმავენ. მათი სამიზნე რაფაში მყოფი "ჰამასის" მებრძოლების სამეთაურო ცენტრები და საკომუნიკაციო გვირაბებია.

განცხადების გაკეთებისას, გალანმა ოპერაციის ვადებზე არაფერი თქვა. თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „განსაკუთრებული ზომები“ მიიღება, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად.

„ღაზაში 24 რეგიონული ბატალიონი იყო, მათგან 18 დავშალეთ“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე. გალანის თქმით, „ახლა რაფა "ჰამასის" მომდევნო სიმძიმის ცენტრს წარმოადგენს“.

გასულ კვირასვე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუმეორა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადო დაცვის გარეშე, ქალაქ რაფაში სამხედრო ოპერაცია არ უნდა გაგრძელდეს. თეთრი სახლის ცნობით, ჯო ბაიდენს და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი ხუთშაბათს, 15 თებერვალს შედგა.

ბოლო ერთი კვირაზე ნაკლებ დროში, ეს ორ ლიდერს შორის გამართული რიგით მეორე სატელეფონო საუბარი იყო. ბაიდენმა კვლავ გააფრთხილა ნეთანიაჰუ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ისრაელის ძალების დაწინაურების ადეკვატური გეგმის აუცილებლობაზე, რათა სათანადოდ მოხდეს იმ მილიონამდე პალესტინელ დევნილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლებიც თავს ქალაქ რაფას აფარებენ.

ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ასევე ისაუბრეს მძევლების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე. ამერიკის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერთან პირობა დადო, რომ გააგრძელებს სადღეღამისო მუშაობას, რათა დაეხმაროს მას "ჰამასის" მიერ ისრაელიდან გატაცებული მძევლების განთავისუფლებაში, რომლებმაც ტყვეობაში უკვე 132 დღე გაატარეს, - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის მიერ "ჰამასის" წინააღმდეგ დაწყებულ საპასუხო ომს დასასრული ჯერ არ უჩანს. პარალელურად, იზრდება კონფლიქტის მთელ რეგიონში გაფართოების რისკი, რადგან ბოლო დროს ისრაელმა და ლიბანის "ჰეზბოლამ" ერთმანეთზე თავდასხმა გაახშირეს.

სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელს და პალესტინელებს შორის ამ ეტაპზე ჩიხშია შესული. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმუქრება, რომ იერიშს "ჰამასის" განადგურებამდე და მძევლების დაბრუნებამდე გააგრძელებს.

ისრაელმა „ჰამასს“ ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ათობით ქვეყნისა და მათ შორის ამერიკის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოცხადებული „ჰამასი“, 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხა. თავდასხმისას დაიღუპა 1,200 ადამიანი, „ჰამასის“ წევრებმა კი 250 ადამიანი ღაზაში მძევლად წაიყვანეს. 100-ზე მეტი, ამ დრომდე, ტყვეობაში რჩება.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG