ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაფაზე ისრაელის იერიშის მოლოდინში ქაიროში ზავის მიღწევას ცდილობენ


ამერიკის, ეგვიპტის, ისრაელისა და კატარის ოფიციალური წარმომადგენლები ქაიროში მოლაპარაკებებს განაგრძობენ. ისინი ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ზავის მიღწევას ცდილობენ. ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას დღის წესრიგში, იმ პირობებში, როცა ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ რაფაზე ისრაელის იერიშს ელოდებიან. რაფა უამრავი იმ ადამიანის თავშესაფრად იქცა, ვინც სამხრეთით გადააადგილებას ცდილობდა.

რაფაში ახლა მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პალესტინელი ცხოვრობს. ბევრი მათგანი თავს დროებით კარვებს აფარებს. ომი რეგიონში 4 თვეზე მეტია გრძელდება.

ისრაელი ამბობს, რომ დაჯგუფება "ჰამასის" მებრძოლების და რაფაშიც მათი სამალავების განადგურება სურს, შედეგად კი ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლება და ცოცხალ ფარად გამოყენებული პალესტინელების გათავისუფლება. თუმცა კონკრეტული გეგმა არავის წარმოუდგენია და ჰუმანიტარული ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ნანგრევებად ქცეულ ტერიტორიებზე მოქალაქეებს წასასვლელიც არსად აქვთ.

ისრაელის ტანკებმა რაფას აღმოსავლეთი გასული ღამის განმავლობაში უკვე დაბომბეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამან შიშისა და პანიკის ტალღა გამოიწვია. რაფა ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს, თუმცა ქაირო ომის დაწყებიდანვე მტკიცედ აცხადებს, რომ არ აპირებს ლტოლვილთა ნაკადის ქვეყანაში მიღებას.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, ბოლო 24 საათის განმავლობაში 133 პალესტინელი დაიღუპა, და ბოლო 4 თვის განმავლობაში მსხვერპლის რაოდენობა 28 500-ს აღწევს, დაშავებულთა რიცხვი კი 68 ათასს აჭარბებს. ჯანდაცვის უწყებას ღაზაში "ჰამასი" აკონტროლებს. "ჰამასის" წევრები 7 ოქტომბერს ისრაელს დაესხნენ თავს და 1200-ზე მეტი ადამიანი დახოცეს, მათ შორის მეტწილად მშვიდობიანი მოსახლეობა. 240-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს. მძევალთა დაახლოებით ნახევარი მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა, ან პალესტინელ პატიმრებში გაცვალეს. ნაწილის ბედი კი კვლავ უცნობია.

ღაზის სექტორში სურსათის, სასმელი წყლის და სხვა საარსებო და გადაუდებელი საჭიროების ნივთების დეფიციტია. საერთაშორისი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ რეგიონში არაერთი დაავადება სწრაფად ვრცელდება.

XS
SM
MD
LG