ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში ფიქრობენ, რომ საქართველო ავტორიტარული მიმართულებით მიდის და თუ ქვეყანა ამ გზაზე სვლას განაგრძობს, ამან შესაძლოა ზიანი ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობასაც კი მიაყენოს.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი და დიპლომატიური სამსახურის ყოფილი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა უარესდება და სულ უფრო ანტიამერიკული ხდება, რაც ორი ქვეყნის პარტნორობას გამოწვევის წინაშე აყენებს.
რა მდგომარეობაშია ახლა ამერიკა-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობები; რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე ვაშინგტონის მიმართ თბილისში გამოთქმულ ბრალდებებს და კრიტიკას; რა პოლიტიკურ რეალობა იქმნება, როცა შეერთებული შტატების როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ შეშფოთებას გამოთქვამენ - ეს არის კითხვების ნაწილი, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, დევიდ კრამერს, ასევე საქართველოსა და უკრაინაში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩებს, უილიამ კორტნისა და ჯონ ჰერბსტს დავუსვით.
16 ნოემბერს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სენატორებმა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის შესახებ ისაუბრეს და შეშფოთება გამოთქვეს. ამასთან, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფირდმა თქვა, რომ შეერთებული შტატების ელჩის მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და კრიტიკა, ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს ძირს უთხრის.
ასევე ნახეთ: "საქართველოში უზარმაზარი უკუსვლა მოხდა" - შაჰინიდემოკრატიის უკუსვლა - ვაშინგტონის ხედვა საქართველოს მიმართ
„იმის შესახებ, რომ საქართველომ დემოკრატიული, პროდასავლური, პროევროპული შეხედულებებისგან დაშორება დაიწყო, ვაშინგტონში უფრო ფართო კონსესუსი არსებობს, ვიდრე მხოლოდ სენატი და სახელმწიფო დეპარტამენტია“ - აცხადებს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „რენდის კორპორაციის“ უფროსი მკვლევარი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი. უილიამ კორტნის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება ამას ნამდვილად აკეთებს. თუმცა, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორი მომავალი სურს - სურთ თუ არა ევროპასთან დაახლოება“.
ვაშინგტონშო გამოთქმული შეშფოთებისა და საპასუხოდ, "ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების გათვალისწინებით, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობას რისკავს.
“ეს ნიშნავს, რომ საქართველო რისკავს შეერთებულ შტატებთან თავის ურთიერთობას და ყველაფერს, რაც ამ ურთიერთობიდან გამომდინარეობს. თუ თბილისში ხელისუფლება ავტორიტარული მიმართულებით სვლას განაგრძობს და თუ უფრო ფართოდ გააგრძელბს ჩვენს ელჩსა და შეერთებულ შტატებზე თავდასხმას, ისინი ამით არსებითად იტყვიან, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა მათი პრიორიტეტი არ არის“ - აცხადებს „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი, ჯონ ჰერბსტი.
Your browser doesn’t support HTML5
სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა სულ უფრო ანტიამერიკული ხდება და არ შეესაბამება პარტნიორი ქვეყნის ქცევას.
არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზედევიდ კრამერი
„[სენატში გამოთქმული კრიტიკით შექმნილ] სიტუაციას ვერ დაეხმარა ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ წევრმა, სენატორ შაჰინს უწოდა რაღაც, რაც უხეშად, როგორც ვიცი, ითარგმნება როგორც „კახპა“. ასე მოიხსენიო წამყვანი ამერიკელი სენატორი, არ არის მთლად მეგობრული ჟესტი. განსაკუთრებით, ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრის მხრიდან. ჩემი აზრით, ვითარება სულ უფრო სერიოზული ხდება და ის სულ უფრო ანტიამერიკული მიმართულებით მიდის. ეს კარგა ხანია ასეა, მაგრამ თბილისიდან მომავალი რიტორიკა, სულ უფრო უარესდება. არსებითად, ეს არის თავდასხმები შეერთებულ შტატებზე“ - ამბობს კრამერი.
დევიდ კრამერი „არამეგობრულ ჟესტს“ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას გამოთქმას უწოდებს. ზარქუამ, სენატორ ჯინ შაჰინს, ჟურნალისტებთან საუბრისას „ჩათლახი“ უწოდა, მოგვიანებით კი „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა, რომ მისი მიზანი სენატორის შეურაცხყოფა არ ყოფილა, ჟურნალისტებმა კი „შავი მასალა“ გამოაქვეყნეს, რომელშიც, მისი მტკიცებით, კონტექსტი შეცვლილი იყო.
რას რისკავს საქართველო?
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების კრიტიკის ობიექტი, ძირითად შემთხვევაში, სწორედ სენატორი ჯინ შაჰინი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სენატში გამართულ მოსმენაზე, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შესახებ, კრიტიკული განცხადებები, რამდენიმე მაღალი რანგის სენატორმა, მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარემ გააკეთა. ბობ მენენდესმა თქვა, რომ საქართველოს „უდიდესი პოტენციალი აქვს“, ახლა კი ვაშინგტონი იქ დემოკრატიის უკუსვლას, დამოუკიდებელი მედიის დევნას, ოპოზიციური ლიდერების დაკავებას ხედავს.
სენატორმა შაჰინმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთვის დასმულ კითხვაში, საქართველოს მიერ ევრკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად უარი თქვა, თავისივე გაცხადებული ვალდებულების შესრულებაზე, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო.
Your browser doesn’t support HTML5
ამავე კონტექსტში, სენატორმა შაჰინმა დასვა კითხვა, ხომ არ არის დრო, შეერთებულმა შტატებმა, საქართველოსთვის ყოველწლიური დახმარება, მისი ხელისუფლების ქცევას შეუსაბამოს. საპასუხოდ კი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების დახმარების უდიდესი ნაწილი, ისედაც სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს ხმარდება.
ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა აშშ-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შექუმნასჯონ ჰერბსტი
რამდენად შესაძლებელია ვაშინგტონმა მართლაც გადახედოს საქართველოსთვის დახმარების პოლიტიკას? სენატორის კითხვის პასუხად, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, საკითხის განსახილველად მზადყოფნა გამოთქვა. ჯონ ჰერბსტი კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვაშინგტონი თბილისის ფინანსურ დახმარებას შეამცრიებს, ეს სამოქალაქო საზოგადოებას არ შეეხება.
„ჩვენ დიდი მხარდაჭერა გავუწიეთ სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს აშენებს დემოკრატიას და რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის კარგია. ცხადია, ხელისუფლებას, რომელიც ავტორიტარული მიმართულებით მიდის, არ აქვს პრობლემა თუ სამოქალაქო საზოგადოების დახმარებას შევწყვეტთ. მაგრამ, ამერიკის მთავრობა სულელი არ არის. თუ საქართველოსთვის ამერიკული დახმარების შემცირებას გადავწყვეტთ, დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებას არ შევუმცირებთ. ვფიქრობ, რაც ქართველ ხალხს უნდა აწუხებდეს ისაა, რომ [ხელისუფლების] ამ ავტორიტარულმა მიდრეკილებამ, საბოლოოდ, საფრთხე შესაძლოა ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობას შექუმნას და ეს არ იქნება კარგი. მჯერა, რომ განცხადებები, რამლებსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვისმენთ, მათ პოლიტიკურ სისუსტეს ასახავს“ - აცხადებს ჰერბსტი.
მისი თქმით, როდესაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან დაეწყო და არა საქართველოსთან, ეს „ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებული“ საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაზე მნიშვნელოვანი დარტყმა იყო. „ამიტომ, მათ ამაზე პასუხის გაცემა არა ავტორიტარული ნაბიჯების შეჩერებით, არამედ შეერთებული შტატების ელჩზე თავდასხმით და სასაცილო მტკიცებით გადაწყვიტეს, თითქოს შეერთებულ შტატებს, საქართველოს ომში ჩათრევა სურს“ - ამბობს ჰერბსტი.
ჰერბსტი ნაკლებად მოელის, რომ უახლოეს მომავალში, ვაშინგტონი საქართველოს დახმარების საკთხს გადახედავს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების მიერ, „რეტროგრადული ნაბიჯების გაგრძელების შემთხვევაში“ ამას არ გამორიცხავს.
Your browser doesn’t support HTML5
ვაშინგტონის მიერ, საქართველოსადმი შეერთებული შტატების დახმარების გადახედვა, ასევე ნაკლებად მოსალოდნელია დევიდ კრამერისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ უფრო მოსალოდენლია შეერთებულმა შტატებმა კონკრეტული ზომები, კონკრეტული პრიების მიმართ მიიღოს. კრამერი კვლავ ინდივიდუალური სანქციების აუცილებლობაზე საუბრობს.
ხელისუფლებაში მყოფი პარტია საქართველოს მოსკოვთან აახლოებს და სულ უფრო აშორებს დასავლეთს, შეერთებულ შტატებს კი თავს ესხმისდევიდ კრამერი
„ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდა, რეფორმებით განპირობებული დახმარება ვიხილოთ. მეტად მოსალოდნელია ვიხილოთ გარკვეული ნაბიჯები, გარკვეული პირების წინააღმდეგ. თუ ჩვენ, ჩვენს დახმარებას რეფორმების პროგრესზე დაფუძნებით განვსაზღვრავთ, მაშინ ჩნდება რისკი, ეს ქართველი ხალხის სასჯელად იქცეს. ჩვენ კი ამის გაკეთება არ გვინდა. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი, რომელსაც საქართველოში ვხედავთ ისაა, რომ ქართველი ხალხი რჩება ნატოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების მომხრედ. პრობლემა ხელისუფლებაა, პრობლემა „ქართული ოცნებაა“, პრობლემა ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროცესებს კულისებიდან მართავს. ასე რომ, სრულიად არ მომწონს ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ დროა დავაწესოთ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციები და არა სანქციები ქვეყნის წინააღმდეგ. ძალიან მკაფიო მინდა ვიყო, სანქციები არა საქართველოს წინააღმდეგ, არა ქართველების წინააღმდეგ, არამედ ცალკეული ქართველების წინააღმდეგ, რომლებსაც ვფიქრობ ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს. ჩვენ გვინდა, წარმატებული საქართველო ვიხილოთ, მაგრამ მთავრობა და ხელისუფლებაში მყოფი პარტია საქართველოს მოსკოვთან აახლოებს და სულ უფრო აშორებს დასავლეთს, შეერთებულ შტატებს კი თავს ესხმის. ვფიქრობ, დროა ვთქვათ, ეს საკმარისია“ - ამბობს კრამერი.
საქართველომ, შეერთებლ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან, ვაშნგტონისგან 6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება მიიღო და ეს დახმარება, გამიზნული იყო, როგორც სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური, განათლებისა და სხვა სფეროების, დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებისთვის. ამას, სენატში გამართულ მოსმენაზე, ხაზი სახელმწიფო მდივნის თანაშემწემაც გაუსვა.
Your browser doesn’t support HTML5
მიზნები და პერსონები - ანტიდასავლური რიტორიკის უკან
კარენ დონფრიდმა სენატში გამართულ მოსმენაზე, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას უჭერს მხარს. ამის გათვალისწინებით, ანალიტიკოსებს ვკითხეთ, ვინ შეიძლება იდგეს ანტიდასავლური რიტირიკის უკან და რა შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების მიზანი, როცა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა პროდასავლურია.
ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც მოვლენებს მართავს და მას ჰყავს ხალხი, რომელიც მის ბრძანებებს ასრულებსდევიდ კრამერი
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად ცდილობს.
“ვფიქრობ ნათელია, რომ ამის უკან ბატონი ივანიშვილი დგას. პარლამენტის თვამჯდომარე მას ჩემ მიერ გაკეთებული კომენტარებისგან იცავს. ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს სხვა პარლამენტარები იცავენ. ვხედავთ, რომ მას იცავს პრემიერ-მინისტრი და ცოტა ხნის წინ, მან ივანიშვილის შესახებ, ევროპარლამენტსაც კი მისწერა. როგორც მე ვიცი, ბიძინა ივანიშვილს არანაირი თანამდებობა არ აქვს, არც მთავრობაში და არც „ქართულ ოცნებაში“. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან, რომ ის დაიცვას. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მოვლენებს მართავს და მას ჰყავს ხალხი, რომელიც მის ბრძანებებს ასრულებს“ - ამბობს კრამერი.
კრამერის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა აშინებდეს ქვეყნის დასავლური განვითარება, რაც სამართლიან არჩევნებსაც გულისხმობს და რის შედეგადაც, მან შესაძლოა ძალაუფლება დაკარგოს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის შემაშფოთებელი „სიმყუდროვე“ შეინიშნება.
„როგორც ჩანს, მათ დაასკვნეს, რომ მათი ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს უფრო მჭიდრო ურთიერთობას მოსკოვთან; რომ დასავლეთთან კარგი ურთიერთობა, ნიშნავს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს, ან არ გამოიწვიოს, ხელისუფლების შეცვლა. მეჩვენება, რომ მზარდი სიმყუდროვეა თბილისში ხელისუფლებაში მყოფ პარტიასა და მოსკოვში, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას შორის. მე ეს მაოცებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ რუსული ძალები, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს იკავებს; 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შეჭრის გათვალისწინებით და იმ მუდმივი საფრთხის გათვალისწინებით, რომელსაც პუტინი საქართველოს უქმნის. მაგრამ, როგორც ჩანს ესაა ადგილი, სადაც „ქართული ოცნება“ თავის მომავალს ხედავს“ - აცხადებს კორტნი.
Your browser doesn’t support HTML5
ძალაუფელბის შენარჩუნების სურვილს, ანტიდასავლური რიტორიკის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ასევე ხედავს ჯონ ჰერბსტი.
„ვფიქრობ, მათი [საქართველოს ხელისუფლების] მთავარი მიზანი ძალაუფების შენარჩუნებაა, თუნდაც ამისთვის ავტორიტარული ზომების მიღება იყოს საჭირო. ზოგიერთს სწამს, რომ ქართველი ლიდერები, მოსკოვის მიმართ ერთგვარი ჟესტის გაკეთებას ცდილობენ. ვიცი, რომ ამას ქართული ოპოზიციაც ხშირად ამბობს. არ ვიცი მართალია ეს თუ არა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მოსკოვში ეს ჟესტი ნამდვილად კარგად მიიღეს და ეს შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზია“ - ამბობს ჰერბსტი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველო, ფუნდამენტურად, ჯერ კიდევ დემოკრატიული საზოგადოებაა, თუმცა როგორც უილიამ კორტნი ამბობს, „ის ავტორიტარული მიმართულებით მოძრაობს, რაც პარტნიორობას გამოწვევის წინაშე აყენებს.“