ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა კუბელების დახმარების გზებს განიხილავს


ამერიკის შეერთებული შტატები ეძებს გზებს კუბის მოსახლეობის დასახმარებლად. ანტი-სამთავრობო გამოსვლები, რომელიც ახლა ქვეყანაშია, ყველაზე მასშტაბურია კუბის ბოლო 10 წლის ისტორიაში.

ბაიდენის ადმინისტრაციის რამდენიმე წევრმა, ანონიმურობის დაცვის მოთხოვნით, მედიას უთხრა, რომ განიხილება კუბის მოსახლეობის დახმარების სხვადასხვა გზა. მათ შორის, ამერიკაში მყოფებისთვის ფულის გაგზავნა კუბაზე მყოფი მათი ოჯახებისთვის ისე, რომ თანხის ნაწილი კუბის მთავრობამ ვერ მიიღოს.

სხვა გზებს შორისაა, ინტერნეტთან წვდომის გამარტივება, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობა მეტი ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად და ჰავანაში, ამერიკის საელჩოში, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საელჩოს თანამშრომლების რაოდენობა 2017 წელს გაანახევრა. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის იყო, რომ საელჩოში მომუშავე 40-ზე მეტმა ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდათ. კონკრეტულად: აწუხებდათ ყურების და თავის ტკივილი, შეექმნათ მახსოვრობის, კონცენტრაციის, ბალანსისა და ძილის პრობლემები. მოგვიანებით, ტრამპის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ეს იყო "ბგერითი შეტევა" საელჩოს თანამშრომლებზე.

ბაიდენის ადმინისტრაციას, ჯერ კონკრეტული ნაბიჯები კუბის კრიზისი მისამართით არ გადაუდგამს, თუმცა, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ ამერიკა-კუბის პოლიტიკას. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რამდენიმე ოფიციალური პირი კუბელ-ამერიკელ ლიდერებს შეხვდნენ, რათა "მოისმინონ მათი რეკომენდაციები და შეკითხვები".

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კუბაში ახლანდელი მდგომარეობა "უმნიშვნელოვანეის პრიორიტეტია".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG