19 ივლისი მნიშვნელოვანი თარიღია თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ორი მიზეზის გამო. პირველი ის გახლავთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორი ქვეყნის პრეზიდენტი სტუმრობს საქართველოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად და მეორე ის, რომ ამ შეხვედრის ინიციატორი ქართული მხარეა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს შეიძლება ითქვას, რომ „ახლოდან იცნობს“. ის მიმდინარე წელს თბილისს ორჯერ ესტუმრა და როდესაც ფიზიკურად ჩამოსვლა ვერ შეძლო, ონლაინ დაესწრო შეხვედრებს. მისი პირველი ვიზიტისას ის შიდა ქართლში, ხურვალეთში ოკუპაციის ხაზთანაც იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებთან კონფერენციაც გამართა.
შარლ მიშელის ანგარიშზეა მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევისკენ მიმართული მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს შორის 19 აპრილს. დღემდე აქტუალურია ამ შეთანხმებით დეკლარირებული პუნქტების შესრულების საკითხი საქართველოს ხელისუფლების მიერ.
სწორედ იმ პერიოდში, როდესაც შარლ მიშელი საქართველოს შიდა პოლიტიკური პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული, მან მიიღო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინადადება იმის თაობაზე, რომ ბათუმში გამართულიყო „ასოცირების სამიტი“.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინადადება გულისხმობდა იმას, რომ ბათუმის ყოველწლიური კონფერენცია ევროკავშირთან გარდაქმნილიყო ასოცირების სამიტად, რომელსაც შეურთდებოდა უკრაინა და მოლდოვა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ეს წინადადება მოიწონა და მხარი დაუჭირა. სამიტიც შესაბამისად დაიგეგმა, თუმცა 19 ივლისი განსაკუთრებულად ცხელი დღე აღმოჩნდა არა მხოლოდ ზაფხულის ხვატისა და მაღალი რანგის სტუმრების ვიზიტით გამოწვეული ეიფორიის მიზეზით, არამედ უხერხულობით დახუნძლული პოლიტიკური მოვლენების გამო.
ასოცირების სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, 14 ივლისს, საქართველოს სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 2020 წლის 28 ნოემბერს დაკავებულ უკრაინის ორ და საქართველოს ერთ მოქალაქეს. ვოლოდიმირ დიაჩენკოსა და იური ხომიჩს, ასევე მიხეილ ბატურინს (რომელის საქართველოს მოქალაქეა) ბრალად საზღვრის უკანონო კვეთა ედებოდათ.
დაკავებული უკრაინელებისა და მათთან ერთად, საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების თხოვნით ჯერ კიდევ აპრილში მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უკრაინელმა კოლეგამ დმიტრო კულებამ, თუმცა ამ ჟესტს შედეგი არ გამოუღია. მათი გათავისუფლება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც უკრანის პრეზიდენტის შესაძლო უარი გახმაურდა ბათუმში სტუმრობაზე.
მიხეილ ბატურინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრია. ის აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ, შეწყალება თავდაპირველად, მხოლოდ მასთან ერთად დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს შესთავაზა, რაც მათ მიუღებელ წინადადებად მიიჩნიეს და მასზე უარი თქვეს. ამის შემდეგ, ქართული მხარე იძულებული გახდა ციხიდან სამივე დაკავებული გაეთავისუფლებინა, რათა უკრაინის პრეზიდენტის სამარცხვინო დემარში და პოლიტიკური უხერხულობა აეცილებინა თავიდან.
„მე არ მოვაწერე ხელი შეწყალებას, რადგან თავს უდანაშაულოდ ვთვლი. არანაირი დანაშაული არ მქონია. ეს იყო ჩემი სრულიად უკანონო და პოლიტიზირებული გატაცება. უკრაინის პრეზიდენტის ბატონი ზელენსკის ხისტი და პრინციპული პოზიცია არის ის ფაქტორი, რამაც გავლენა მოახდინა ჩვენს ხელისუფლებაზე. რომ არა ასეთი მკაფიო და პრინციპული პოზიცია მისი მხრიდან, მე, ყოველ შემთხვევაში, ახლაც პატიმრობაში ვიქნებოდი,“ - ამბობს ბატურინი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მადლობა 19 ივლისს არაერთგზის გადაუხადა, შეწყალების ჟესტის გამო. თავად კი პირველი, რაც გააკეთა საქართველოში ჩამოფრენისთანავე, ოკუპაციის ხაზთან მისვლა გახლდათ. მან ენგურის ხიდზე სამკაოდ დიდი მანძილი გაიარა და რუსი მესაზღვრეები საკუთარი თვალით იხილა.
„ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, რაც არის ევროკავშირის სრული წევრობა, თავისუფლება, თანასწორობა და დემოკრატია. ესაა ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ამ მიზნების მიღწევისთვის განსაკუთრებულ ფასს ვიხდით. ოკუპაცია, ანექსია და სხვა პრობლემები წლების განმავლობაში ჩვენთვის შემაფერხებელ ფაქტორებადაა ქცეული. მე ვიმყოფებოდი აქ საოკუპაციო ხაზთან, რათა მენახა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება. საკუთარი ყურით მომესმინა ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ. უკრაინაში ოკუპაციის ხაზთან ყოველ თვე მივდივარ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენთანაც მსგავსი ტრაგიკული ვითარებაა. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ გააკეთეს სწორი არჩევანი და დღეს ვართ გაერთიანებულები“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
საქართველოს, უკრაინის, მოლდოვასა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტების მონაწილეობით ბათუმში კონფერენცია გაიმართა, თუმცა ბათუმში ეს არ ყოფილა ერთადერთი ღონისძიება, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მიექცა. ჟურნალისტებმა შეძლეს, რომ ის პრობლემატიკა, რაც მედიის მიმართ საქართველოში დღეს არსებობს, მედიის დევნისა და შევიწროვების თვალსაზრისით, სათანადოდ ყოფილიყო წარმოჩენილი და დანახული.
ჯერ კიდევ გუშინ, როდესაც შარლ მიშელის თვითმფრინავი ბათუმში დაეშვა, ჟურნალისტებმა მას ტრანსფარანტებით აეროპორტშივე გაუგზავნეს სიგნალი იმ აღშფოთების თაობაზე, რის გამოც მედია 5 ივლისის შემდეგ პროტესტს არ წყვეტს. პარალელურად, სასტუმრო შერატონთან, სადაც კონფერენცია იმართებოდა, შეკრებილი იყვნენ ჟურალისტები. პოსტერებით, ლექსო ლაშქარავას სიკვდილით გამოწვეული ტკივილისა და ხელისუფლების დამოკიდებულების გამო შეურაცხყოფილი მედია, გაჩუმებას არ აპირებს. აქცია არ შეწყვეტილა არც თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან. შარლ მიშელის სახელზე გაიგზავნა მიმართვაც, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
მედიამ საკუთარი პროტესტი და მიუღებლობა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ, როდესაც ის ტრიბუნასთან იდგა ბათუმში. ერთადერთი კითხვა, რაც ჟურნალისტებს მის მიმართ ჰქონდათ იყო იმის შესახებ, თუ როდის გადადგებოდა. პრემიერმა ტრიბუნა ისე დატოვა, რომ ვერც ამ კითხვას გასცა პასუხი და ვერც სხვა კითხვა ვერ მოისმინა.
დასკვნითი ღონისძიება, სამიტი, რომელსაც 19 ივლისს საქართველო მასპინძლობდა, ისტორიულ პეტრას ციხეზე შედგა. საქართველოს, უკრაინის, მოლოვისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს ერთიან ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიზნით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველო-უკრაინა-მოლდოვას "აღმოსავლეთის ტრიო" უწოდა. შარლ მიშელის განცხადებით, საერთაშორისო კონფერენცია ქმნის შესაძლებლობას, აქცენტი გაკეთდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული ქვეყნების ტრიოს ინიციატივაზე, რათა გაძლიერდეს კოორდინაცია ბრუსელთან. „კიდევ ერთი შემოთავაზება მინდა გავაკეთო თქვენთვის. მოდით, დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტული სამიზნე ორიენტირი და ვნახოთ, როგორი მხარდაჭერა იქნება მობილიზებული ევროკავშირთან კონტაქტების გასამყარებლად,“- განაცხადა შარლ მიშელმა და ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კარგად ახსოვს შეთანხმების დეტალები, რომელსაც მისი სახელი ჰქვია.
აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ნამდვილი წარმატება ჩვენი ქვეყნებისთვის, - განაცხადა მაია სანდუმ, მოლდოვის პრეზიდენტმა. „ერთობლივად ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში. ეს პლატფორმა გვეხმარება დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით, რომსაერთო გამოწვევებს გავართვათ თავი, იქნება ეს კოვიდი თუ კლიმატის ცვლილებები. კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი ნამდვილად ნათელია. ამავდროულად, ჩვენი სამი სახელმწიფო ხელს აწერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ თანამშრომლობას და ეს იქცევა ჩვენი თანამშრომლობის ხერხემლად. ამით იხსნება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისთვის,“- ასეთი გახლდათ მაია სანდუს გზავნილი.
შარლ მიშელმა ფინანსური დახმარების მობილიზაციის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. მან ეს დაუკავშირა ერთობლივი პრიორიტეტების საკითხს. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაკავშირებულობა უნდა იყოს საერთო პრიორიტეტი იმისთვის, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. საჭიროა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობის გააზრება, არა ბრუსელის საამებლად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ,“- განაცხადა შარლ მიშელმა.
„ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის უალტერნატივოა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, მხარს გვიჭერენ და გვაძლიერებენ - ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ და კიდევ უფრო სწრაფად“,- განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
4 პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიება პირველად ტარდება საქართველოში. ამის გამო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ღონისძიების ინიციატორია, იმედებითაა სავსე.
„ეს არის ახალი დასაწყისი. ეს იმას ნიშნავს ყველა ჩვენგანისთვის, რომ ახალი ვალდებულებები გვაქვს ნაკისრი. უპირველესად, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება. საქართველოს ევროპული მომავალი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან და ფასეულობებისგან. ეს არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული დამოუკიდებლობის დღიდან, ეს იქნა გაცხადებული როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ესაა საკითხი, რაზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე. მიუხედავად გამოწევებისა და ოკუპაციისა, ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ოთხი პრეზიდენტის მიერ პეტრას ციხეზე ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ძირითადი სულისკვეთებაა ერთგულების დადასტურება დასავლური ღირებულებებისადმი. „ევროპულ ინტეგრაციას ჩვენი ქვეყნებისთვის ალტერნატივა არ გააჩია და ამ სუვერენულ არჩევანზე ვერც ერთი მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს“,- ნათქვამია დეკლარაციაში.
Facebook Forum